Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი პოლიტიკური ტენდენცია


ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკაში განვითარებული ნებისმიერი სერიოზული პროცესი, თითოეული მნიშვნელოვანი მოვლენა, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური ტენდენცია,

უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს პირველ პირს – ედუარდ შევარდნაძეს და მის გარემოცვას.

პოლიტიკის სფეროში წარმატებულად მოღვაწე ადამიანს ისეთივე საგანგებო უნარებით აჯილდოებს განგება, როგორც, ვთქვათ, კარგ მსახიობს ან ფეხბურთელს. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პოლიტიკაში ჩართვა მოსახლეობის დიდ ნაწილს მოუხდა. ოღონდ, მათგან ძალიან ცოტამ შეძლო, სიცოცხლეც გადაერჩინა და პოლიტიკური ასპარეზიც შეენარჩუნებინა.

ერთი პოლიტიკური ტენდენციის მიხედვით, ბოლო ათწლიანი პერიოდი ბუნებრივად იყოფა ორ ნაწილად. 1992-2000 წლებში მაღალი თანამდებობის პირები პოსტს მხოლოდ მაშინ კარგავდნენ, როდესაც ქვეყნის პირველი პირი – ედუარდ შევარდნაძე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა და პოლიტიკურ ნებას გამოავლენდა. ხოლო 2001 წელს გაჩნდა ტენდენცია, რომ მაღალი თანამდებობის პირები პოსტებს ტოვებდნენ საკუთარი გადაწყვეტილებით და საკუთარი პოლიტიკური ნების შესაბამისად.

ნიშანდობლივია, რომ რაც უფრო ნაკლებად ენდობოდა საზოგადოება ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელეს, იგი მით მეტი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ შევარდნაძის გუნდის წევრია, რომ პრეზიდენტი მას გვერდიდან არასოდეს მოიშორებს. მაგრამ გავიდა დრო და შევარდნაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა დიდი ძალაუფლების მქონე არაერთი მინისტრი, ვთქვათ, ავთანდილ მარგიანი, შოთა კვირაია, დავით ზუბიტაშვილი, ბაკურ გულუა, ფრიდონ ინჯია, კახა თარგამაძე.

ეს პირები, რომელთა ძალაუფლების ხარისხი ეჭვს არ იწვევდა მათი მინისტრობის პერიოდში, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ აქტიურ სარბიელს ერთბაშად ჩამოშორდნენ. მართალია, ფრიდონ ინჯია პარლამენტის წევრია, მაგრამ პოლიტიკურად აქტიური ფიგურა არ არის. დანარჩენების შესახებ კი საზოგადოებამ არაფერი იცის: სად არის და რას საქმიანობს დავით ზუბიტაშვილი? ან, თუნდაც, ბაკურ გულუა? ან კახა თარგამაძე?

პრეზიდენტის მიერ პოსტიდან გადაყენებული მინისტრებისგან განსხვავებით, სულ სხვა ბედი ეწიათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც ხელისუფლება დატოვეს საკუთარი ნებით, პრეზიდენტთან შეუთანხმებლად და მის მიმართ პროტესტის ნიშნად. გადადგომის შემდეგ თითოეული მათგანი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესში. მიხეილ მაჭავარიანმა მაჟორიტარული არჩევნები მოიგო და პარლამენტს დაუბრუნდა, როგორც გაერთიანებული დემოკრატების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მიხელ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. ზურაბ ჟვანიამ კი დამოუკიდებელი პარტია შექმნა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

ბოლო წლების პოლიტიკური სურათი თვალნათლივ ადასტურებს ამ ტენდენციას: თანამდებობიდან პრეზიდენტის მიერ გადაყენებული პირები აქტიურ პოლიტიკას სამუდამოდ ტოვებენ, ხოლო თანამდებობიდან პროტესტის ნიშნად გადამდგარი პირები პოლიტიკაში კიდევ მეტი აქტიურობით და პერსპექტივით ერთვებიან.
XS
SM
MD
LG