Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობა პოლიტიკურ ოპოზიციასთან


საქართველოს პრეზიდენტს სულ უფრო მეტად ურთულდება ურთიერთობა პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ბოლო ეტაპზე იგი თავად დაუპირისპირდა რეალური ოპოზიციის ორივე ფრთას

– მედასავლეთე არაოფიციალურ კოალიციას პარლამენტში და მერუსეთე ასლან აბაშიძეს. დაპირისპირება ორივე მიმართულებით სერიოზულ ხასიათს ატარებს და ახლო მომავალში კონფლიქტის აღმოფხვრა მოსალოდნელი არ არის.

მთელი თავისი სახელისუფლო კარიერის მანძილზე, განსაკუთრებით, კარიერის დემოკრატიულ ეტაპზე, ედუარდ შევარდნაძე მიჩნეული იყო ფიგურად, რომელიც დიალოგის დიდოსტატია, რომელსაც შეუძლია მოსმენა და რომელიც მინიმალური რისკით მართავს ქვეყანას. 1992 წლის მოწვევის პარლამენტი 26 პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. როდესაც ამ “ჭრელმა” პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღო, პოლიტიკურმა ძალებმა ერთხმად აღიარეს ედუარდ შევარდნაძის საგანგებო უნარი, აწარმოოს დიალოგი და განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს კომპრომისული გადაწყვეტილებები მიაღებინოს.

პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგი პრეზიდენტს არც შემდეგ პერიოდში შეუწყვეტია. მას წლების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ირინა სარიშვილ-ჭანტურიასთან და, საჭიროების მიხედვით, ყოველთვის პოულობდა საერთო ენას აჭარის ხელისუფლების ლიდერთან – ასლან აბაშიძესთან. პირველი სერიოზული ოპოზიციური ლიდერი, ვისთან საუბარიც პრეზიდენტმა ვერ შეძლო და არ ისურვა, მიხეილ სააკაშვილი იყო. სამაგიეროდ, შევარდნაძე ინარჩუნებდა ნორმალურ ურთიერთობას დავით გამყრელიძესთან და დიალოგის პერსპექტივას – ზურაბ ჟვანიასთან.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე პრეზიდენტს ერთბაშად გაურთულდა ურთიერთობა როგორც ახალი თაობის პოლიტიკურ ლიდერებთან, ისე ასლან აბაშიძესთან; როგორც მედასავლეთე, ისე – მერუსეთე ძალებთან. პოლიტიკურმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ სცადეს პრეზიდენტის მიმხრობა, როდესაც, ვლადიმირ პუტინის ვერბალური აგრესიის ფონზე, პარლამენტს შევარდნაძისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიაღებინეს. კიშინიოვის სამიტზე ედუარდ შევარდნაძე პარლამენტის მხარდაჭერით წელგამართული გაემგზავრა. პრესის ვერსიით, თანამშრომლობის გაგრძელების სანაცვლოდ, ოპოზიციამ პრეზიდენტს სამი საკვანძო პოსტი მოსთხოვა: სახელმწიფო მინისტრის, თბილისის მერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის. იყო თუ არა თანამდებობებზე საუბარი, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პრეზიდენტს სტრატეგიული პარტნიორობა შესთავაზეს და კიდევ ერთხელ მისგან უარი მიიღეს. ამით მედასავლეთე ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის დიალოგი შეწყდა და პოლიტიკური ლიდერების შეკავშირების პროცესი დაიწყო. დღეს ახალი თაობის პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ისინი მწვავედ უპირისპირდებიან ქვეყნის პრეზიდენტს.

როგორც კი ედუარდ შევარდნაძემ ურთიერთობა გაარკვია მედასავლეთე ოპოზიციასთან, აქცენტი ასლან აბაშიძეზე გადაიტანა და მას საჯაროდ მოსთხოვა თბილისში ჩამოსვლა. შემდეგ პრეზიდენტმა წნეხი გააძლიერა და აჭარის ლიდერს ზედიზედ ორი მძიმე “დარტყმა” მიაყენა: აფხაზეთის მოწესრიგების სტატუსთან და ბიუჯეტში ფინანსების გადმორიცხვასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე სერიოზულ ოპოზიციურ ალყაში აღმოჩნდა. ოღონდ ეს ალყა მისთვის მოულოდნელი არ არის, პირიქით, მისივე შემოქმედებაა, რაც რისკის მოძულე პრეზიდენტისგან დიდ მოულოდნელობად აღიქმება.
XS
SM
MD
LG