Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ვერ შეთანხმდნენ პრეზიდენტი და ოპოზიცია


გასული კვირის პარასკევს პარლამენტში პრეზიდენტის ტრადიციულ მოხსენებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა: ხუთმა ფრაქციამ დარბაზი დატოვა იმ მოტივით,

რომ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდა არსებულ რეალობასთან.

ეს მოტივი არადამაჯერებლად ჟღერს და გვიბიძგებს, მის მიღმა სხვა, უფრო დამაჯერებელი მოტივები ვეძებოთ.

რა ინფორმაციას ფლობს საზოგადოება პრეზიდენტისა და ოპოზიციის ურთიერთობის შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში?

პირველი: პრეზიდენტმა წინასწარ იცოდა ოპოზიციის განზრახვა, რომ მისი გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ფრაქციას, პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომათა დარბაზი უნდა დაეტოვებინა.

მეორე: ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, ოპოზიციის ლიდერებმაც წინასწარ იცოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების სულისკვეთება და, რაკი ეს სულისკვეთება მათთვის მიუღებელი იყო, დარბაზის დატოვებაც წინასწარ გადაწყდა.

მესამე: რაკი ედუარდ შევარდნაძე ტელეფონით ზურაბ ჟვანიასა და დავით გამყრელიძეს ესაუბრა და სწორედ მათ ურჩია გადაწყვეტილების შეცვლა, ჩანს, პრეზიდენტმა ზუსტად იცოდა, რომ საპარლამენტო ოპოზიციური ამბოხის ინიციატორი ეს ორი ლიდერი იყო.

გამოდის, ოპოზიციის პროტესტი პირდაპირ უკავშირდება 11 სექტემბრის შემდეგ პარლამენტში განვითარებულ პროცესს: კერძოდ, იმ გაუფორმებელი ცენტრისტული კოალიციის შექმნას, რომლის წევრები იყვნენ “გაერთიანებული დემოკრატები”, “ახლები” და “ტრადიციონალისტები”. ერთ თვეზე მეტია, პარლამენტი სწორედ ამ არაოფიციალური კოალიციის პოლიტიკურ ინიციატივებს განიხილავს და ამტკიცებს: ანტირუსულ დადგენილებებს და განცხადებებს; ნატოს სივრცეში ინტეგრაციის დაჩქარების აუცილებლობას; პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების თარიღს; რუსეთში გასაგზავნი დელეგაციის ხელმძღვანელის ვინაობას; უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული საიდუმლო დოკუმენტის 27-ე მუხლის მიზანშეწონილობას.

იმის გამო, რომ ცენტრისტული არაოფიციალური კოალიციის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ყველა ინიციატივა გაზიარებულ იქნა და იმის გამოც, რომ ეს ინიციატივები პრინციპულად მისაღები და ხელსაყრელი აღმოჩნდა პრეზიდენტისთვის, ბუნებრივად დაიბადა აზრი, რომ ედუარდ შევარდნაძე მიზანმიმართულად აძლიერებდა ცენტრისტულ ძალებს პარლამენტში და, იმავდროულად, კარგად სარგებლობდა ამ ძალების ოპოზიციური იმიჯით. პრეზიდენტი ოფიციალურად ეყრდნობოდა კანცელარიისგან მართულ ფრაქციებს: “მოქალაქეთა კავშირს”, “ალიანსს”, “თანადგომას”, “სოციალისტებს”, მაგრამ არაოფიციალურად გაცილებით ეფექტიანად თანამშრომლობდა ოპოზიციურ ცენტრისტულ ძალებთან.

იმის გარდა, რომ ჟვანია-გამყრელიძე-ასათიანის პოლიტიკური ინიციატივები პროდასავლური სულისკვეთებით იყო გაჯერებული, რაც მიმდინარე პოლიტიკურ მომენტში პრეზიდენტს ხელს აძლევდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ედუარდ შევარდნაძე ცენტრის გაძლიერებით მიზანმიმართულად ასუსტებდა რადიკალურად განწყობილ მიხეილ სააკაშვილს. ძალიან ჭკვიანურად გამოიყურებოდა პრეზიდენტის გეგმა, რომ სააკაშვილი ჟვანიასა და გამყრელიძის მეშვეობით დაესუსტებინა, რადგან კანცელარიის ერთგული ძალებით ამას ვერასოდეს შეძლებდა.

იმ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი აშკარად აძლიერებდა პოლიტიკურ ცენტრს პარლამენტში, ხოლო გაერთიანებული დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები შევარდნაძისთვის ხელსაყრელი ინიციატივებით გამოდიოდნენ, მათ შორის კონფლიქტური ვითარება წარმოიქმნა. ამჟამინდელი პროტესტი სწორედ იმას ადასტურებს, რომ წინა პერიოდში პრეზიდენტი ფარულად, პირდაპირ ან ირიბად თანამშრომლობდა ოპოზიციურ ძალებთან. ვიდრე პრეზიდენტს მათი თანადგომა სჭირდებოდა, ეს თანადგომა უზრუნველყოფილი იყო. სამაგიეროდ, როდესაც არაოფიციალურმა ცენტრისტულმა კოალიციამ პრეზიდენტს გარკვეული პირობების შესრულება მოსთხოვა, უარი მიიღო. ის დამოკიდებულება, რასაც პრეზიდენტი თავის სიტყვაში გამოხატავდა, ცხადია, საქმედაც უნდა ქცეულიყო. თორემ, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ სიტყვებს ასეთი მნიშვნელობა არ მიენიჭებოდა. ფაქტობრივად, ახალგაზრდა თაობის პოლიტიკურმა ლიდერებმა ედუარდ შევარდნაძე კიდევ ერთხელ დააყენეს არჩევანის წინაშე და კიდევ ერთხელ მიიღეს უარი სტრატეგიულ მოკავშირეობაზე.

თუმცა, კითხვის ნიშანი მაინც ჩნდება. პროტესტში, ერთი მხრივ, ისეთი პოლიტიკური ფიგურები მონაწილეობდნენ, რომლებიც პრინციპულად უპირისპირდებიან ედუარდ შევარდნაძეს, მეორე მხრივ კი, მათ გვერდით ისეთი ფიგურები აღმოჩნდნენ, რომლებსაც პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა ასე საჯაროდ არასოდეს გამოუხატავთ. რა სამომავლო გარანტიებს ან, სულ მცირე, სამომავლო გეგმებს ეყრდნობოდა მათი პროტესტი, უცნობია. ოღონდ, იმის თქმა ახლავე შეიძლება, რომ ოპოზიციის ეს ნაბიჯი სპონტანურ გადაწყვეტილებად არ უნდა მივიჩნიოთ. ახალგაზრდებმა მცხოვან პრეზიდენტს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რომელიც პრეზიდენტმა არ გამოიყენა. თუ ასეთი გუნდური დაპირისპირება გაგრძელდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროდასავლური ძალების უკან დასავლეთის ინტერესი დგას და გარანტიაც იქიდან მოდის. საფიქრებელია, რომ ეს ინტერესი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების მეშვეობით პოლიტიკური ლიდერების გაძლიერებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG