Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის სამომავლო პერსპექტივა


ოპოზიციურ ლიდერებს შორის მიხეილ სააკაშვილი ერთადერთია, რომელმაც თავის უშუალო პოლიტიკურ მეტოქედ ედუარდ შევარდნაძე გამოაცხადა. პრეზიდენტმა ეს გამოწვევა მიიღო და ბოლო თვეების

განმავლობაში თავის საჯარო გამოსვლებში არაერთხელ დაუპირისპირდა ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს.

ამჟამინდელი ვითარების მიხედვით, უკვე შესაძლებელია პოლიტიკური ორთაბრძოლის პირველი შედეგების შეჯამება.

როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძე თავის უშუალო პოლიტიკურ მეტოქედ გამოაცხადა, პრეზიდენტმა ახალგაზრდა ლიდერის ენერგიულ კრიტიკას ორი არგუმენტი დაუპირისპირა. პირველი: ედუარდ შევარდნაძე არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტი; მეორე – ედუარდ შევარდნაძე არის ქვეყნის განვითარების დასავლური კურსის გარანტი. შესაბამისად, პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მუდმივად ცდილობდნენ, სააკაშვილი წარმოეჩინათ დესტაბილიზაციის მოსურნე და რუსულ ძალებთან ფარულად შეკრულ პოლიტიკოსად. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური იმიჯი კი იდგა და დგას რადიკალიზმზე, პრეზიდენტის მწვავე კრიტიკაზე და ხელისუფლების უსწრაფესად შეცვლის სურვილზე. ამიტომ ის კალაპოტი, რომელშიც პრეზიდენტმა წარმართა დაპირისპირება თავის ახალგაზრდა მეტოქესთან, მართლაც, არახელსაყრელი აღმოჩნდა სააკაშვილისთვის.

პირველი სერიოზული დარტყმა, რაც ედუარდ შევარდნაძემ მიაყენა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, თბილისის საკრებულოს საქმიანობის შეჩერება იყო. არჩევნების შედეგების მიხედვით და ლეიბორისტულ პარტიასთან შეთანხმებით, წინასწარ გამოცხადდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს სწორედ სააკაშვილი მიიღებდა. ეს პოსტი მას საშუალებას მისცემდა, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. საკრებულოს წინა თავმჯდომარეს მის ხელთ არსებული ბერკეტები ბრძოლის იარაღად არასოდეს გაუხდია. მიხეილ სააკაშვილი კი ნამდვილად შეძლებდა, თბილისის საკრებულოს სერიოზული ასპარეზი ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად და თავისი პოლიტიკური იმიჯის გასამყარებლად გამოეყენებინა.

ეს ასპარეზი სააკაშვილს ისეთი მოულოდნელი ხერხებით ჩაეკეტა, რომ დღეს აღარავინ იცის, ეყოლება თუ არა თბილისს საკრებულო ახლო მომავალში და, თუ ეყოლება, რა შანსი რჩება მიხეილ სააკაშვილს თავმჯდომარის პოსტის მისაღებად?

მაგრამ პრეზიდენტი აქ არ შეჩერებულა. თუ პოლიტიკურ პროცესს დავაკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერების ბლოკირება ცენტრისტული პოზიციებიდან. პარლამენტში პოლიტიკური ცენტრი მტკიცედ დაიკავეს “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” და “ახალმა მემარჯვენეებმა”, რომლებიც ბოლოხანს ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ვინც პარლამენტის ბოლოდროინდელ სხდომებს თვალყურს ადევნებდა, ადვილად შეამჩნევდა, რომ პოლიტიკური საკითხების განხილვისას სწორედ ჟვანიას გუნდის წევრები და “ახლები” აქტიურობენ. მათი პოლიტიკური ინიციატივები საპარლამენტო საქმიანობის ლამის მთავარ ატრიბუტად იქცა. შესაბამისად, სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები საპარლამენტო მიკროფონებთან იშვიათად ჩნდებიან. ნიშანდობლივია ასეთი შემთხვევა: როდესაც პარლამენტი უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული საიდუმლო დოკუმენტის ოცდამეშვიდე მუხლს აფასებდა, განხილვაში სხვებზე მეტად “გაერთიანებული დემოკრატები” აქტიურობდნენ. ამ დროს სააკაშვილის ფრაქციის წევრმა გიორგი ხევიაშვილმა განაცხადა, რომ მათი ფრაქცია, ამ მუხლისადმი პროტესტის ნიშნად, სხდომის დატოვებას აპირებდა. ცხადია, ხევიაშვილი საკუთარი ინიციატივით არ მოქმედებდა, რადგან ამგვარი რადიკალური ნაბიჯი საკითხის განხილვის დრამატურგიას მთლიანად ცვლიდა. კულუარული განხილვის შემდეგ რადიკალებმა დარბაზის დატოვება გადაიფიქრეს და სადავეები “გაერთიანებულ დემოკრატებს” დაუთმეს.

აშკარაა, რომ “ახლების” და “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ პოლიტიკური ცენტრის დაკავება მიჯნავს მათ მიხეილ სააკაშვილისგან და, ასე თუ ისე, ედუარდ შევარდნაძის ორბიტაზე აბრუნებს. ცენტრისტული პოზიციების გაძლიერება თავისთავად გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის განდევნას პოლიტიკის პერიფერიაზე, ამ მოძრაობის და მისი ლიდერის მარგინალიზაციას. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა ქართულ პოლიტიკაში და, ცხადია, პროცესი მეტისმეტად ხელსაყრელია პრეზიდენტისთვის.

მეორე მხრივ, დღევანდელი ტენდენციების გაგრძელებითა და განვითარებით, პრეზიდენტი შეძლებს არა მხოლოდ სააკაშვილის იმიჯის შელახვას და მისი რეიტინგის დაცემას, არამედ – იგი შეძლებს სააკაშვილისა და ჟვანიას ერთმანეთისგან გამიჯვნას, გათიშვას და, სურვილის შემთხვევაში, თითოეული მათგანის ცალ-ცალკე დასუსტებას. მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჟვანია არა მხოლოდ სააკაშვილს ასუსტებს, არამედ – საკუთარ თავსაც.

ამჟამად კი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ქარიზმის განლევა “გაერთიანებული დემოკრატებისა” და “ახლების” მეშვეობით, მათი გაძლიერების გზით. პრეზიდენტმა სააკაშვილს არა მხოლოდ სამოქმედო ასპარეზი დაუხშო საკრებულოს სახით, არამედ – ჩამოაშორა მას სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორებიც. მოძებნის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ძლიერ საპასუხო სვლებს პრეზიდენტის გამოწვევის პასუხად - ამ ფაქტორზე დიდწილად იქნება დამოკიდებული მისივე სამომავლო პერსპექტივა.
XS
SM
MD
LG