Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ახალი მემარჯვენეების” ფუნქცია ძალთა ახალ განლაგებაში


“ახალი მემარჯვენეების” პარტიამ 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამ პარტიამ, მთელი საქართველოს მასშტაბით,

რბილად და უხმაუროდ ჩაანაცვლა მოქალაქეთა კავშირი. საფიქრებელია, რომ ეს მოხდა ხელისუფლების დახმარებით, მაგრამ, იმავდროულად, ეს მოხდა პარტიის ლიდერების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის ფონზე.

ქართული საზოგადოებისთვის დღემდე გამოცანად რჩება, სად არის ახალი მემარჯვენეების ადგილი პოლიტიკურ სპექტრში – პრეზიდენტის მომხრეთა თუ პრეზიდენტის ოპონენტთა ბანაკში?

ვიდრე ედუარდ შევარდნაძე მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგებოდა, “ახალი მემარჯვენეები” მისგან დაბეჯითებით მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს პარტიული ლიდერობა დაეთმო და ყველა პარტია კონკურენციის თანაბარ პირობებში ჩაეყენებინა. როდესაც შევარდნაძე მართლაც გადადგა, გაჩნდა ბუნებრივი ეჭვი, რომ “ახლების” დაჟინებული მოთხოვნა, სინამდვილეში, მათი უშუალო ინიციატივა არ ყოფილა და პრეზიდენტთან შეთანხმებული ნაბიჯი იყო.

მოგვიანებით, როდესაც სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ პარლამენტში ოთხ ფრაქციასთან ჰარმონიული საქმიანი ურთიერთობა დაამყარა, “ახლები” ამ პოლიტიკური ერთობის მიღმა აღმოჩნდნენ. დღეს “ახლებს” ვერავინ უწოდებს პრეზიდენტის ფრაქციას, თუმცა მათი ბოლოდროინდელი პოლიტიკური ინიციატივები არა მხოლოდ მისაღები, არამედ - ხელსაყრელია ედუარდ შევარდნაძისთვის.

საქართველოსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობის ფონზე, “ახალმა მემარჯვენეებმა” პარლამენტს შესთავაზეს და დაამტკიცებინეს დადგენილება, რომელიც თავისი არსით გამოხატავდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების პოლიტიკურ ნებას. დასავლეთის ქვეყნებისთვის ეს უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი მინიშნება ქვეყნის პროდასავლურ კურსზე, რუსეთისთვის კი ეს შეიძლებოდა ყოფილიყო შევარდნაძის ოპოზიციის მორიგი ანტირუსული ინიციატივა.

რამდენად აძლევდა ხელს პირადად პრეზიდენტს “ახლების” ავტორობით შექმნილი დადგენილება, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. რატომაც არა, რუსეთის ვერბალური აგრესიის შემდეგ დასავლეთის ლიდერების მხარდაჭერას სწორედაც შეესაბამებოდა “ახლების” დადგენილების სულისკვეთება.

გაცილებით ნიშანდობლივი აღმოჩნდა “ახალი მემარჯვენეების” მეორე ინიციატივა, რომელიც ამჯერად უშუალოდ დაუკავშირდა ედუარდ შევარდნაძეს: ოპოზიციამ პრეზიდენტს მოსთხოვა ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების გადადება კიშინიოვის სამიტზე პუტინთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ. პოლიტიკური კონტექსტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევარდნაძისთვის განსაკუთრებით მწვავე ვერ იქნება და, შესაძლოა, მომგებიანიც აღმოჩნდეს. შესაბამისად, საფიქრებელია, რომ მას ხელს აძლევს პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსვლა სწორედ სამიტის შემდეგ და არა სამიტამდე. ამიტომაც “ახლების” ინიციატივას პრეზიდენტი “დიდსულოვნად” დასთანხმდა. სამაგიეროდ, ისევ გაჩნდა ბუნებრივი ეჭვი, რომ ედუარდ შევარდნაძე ფარულად თანამშრომლობს “ახლებთან” და ნაყოფიერად იყენებს მათ ოპოზიციურ იმიჯს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ “ახლების” ბოლოდროინდელ წამოწყებებს ყველაზე დიდი ენთუზიაზმით მხარს “გაერთიანებული დემოკრატები”, ანუ ჟვანიას გუნდის წევრები უბამენ.
XS
SM
MD
LG