Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური იმიჯი


საქართველოს ხელისუფლებაში ორი ტენდენცია იკვეთება: დროთა განმავლობაში წამყვან სახელისუფლო პოსტებზე ოდიოზურ ფიგურებს ნაკლებად ოდიოზურები ცვლიან,

ხოლო “ძლიერ” ფიგურებს – გაცილებით “სუსტები”. პირველ ტენდენციას ყველაზე მკაფიოდ თარგამაძე-ნარჩემაშვილის წყვილი გამოხატავს, მეორე ტენდენციას კი – სააკაშვილი-გილიგაშვილის წყვილი.

როდესაც ზურაბ ჟვანია გადადგა და, მის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ნინო ბურჯანაძემ დაიკავა, ერთხანს ეს ცვლილება მეორე ტენდენციის დასტურად აღიქმებოდა. თუმცა დღეს ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძე ჟვანიას ფერმკრთალი აჩრდილი კი არ არის, არამედ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა.


წინა მოწვევის პარლამენტში ნინო ბურჯანაძეს ხშირად უხდებოდა ტრიბუნასთან დგომა, რადგან კოლეგებს ახალ სამოქალაქო კოდექსს სწორედ იგი წარუდგენდა. მაშინ პარლამენტის კულუარებში ამბობდნენ, რომ ბურჯანაძე, პროექტის ავტორებთან ერთად, დღესა და ღამეს შრომაში ასწორებდა. თუმცა, ასეთი თავდადებული შრომის შემდეგ, გაუგებარი ჩანდა ბურჯანაძის ქცევა საპარლამენტო ტრიბუნასთან: დეპუტატების შეკითხვებს იგი თითქმის არ პასუხობდა და პასუხის უფლებას, როგორც წესი, პროექტის ავტორებს უთმობდა. მაშინ ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ ბურჯანაძე ან ზედმეტად ფრთხილია, ან საკუთარ პროფესიონალიზმს არ ენდობა.

გავიდა დრო და ბურჯანაძის საჯარო გამოსვლებმა სიმწყობრე და, ზოგჯერ, სიმწვავეც შეიძინა. ელიავას ცნობილი ამბოხის დროს ბიუროს სხდომებზე პარლამენტარი ქალბატონი გაცილებით მწვავედ საუბრობდა, ვიდრე მისი კოლეგა-მამაკაცები. ბურჯანაძე აქტიურად მონაწილეობდა კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონპროექტის განხილვაშიც, ოღონდ თავისი თანაგუნდელებისგან განსხვავებულ პოზიციებს იცავდა: კანონპროექტის რამდენიმე პრინციპული მუხლის სულისკვეთებას არ იზიარებდა და მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი ბარამიძეს ენერგიულად ეკამათებოდა. განსაკუთრებული დავის საგანი გახდა საჩუქრის თემა – რა ღირებულების საჩუქარი შეიძლება მიიღოს ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენელმა. მაშინ საპარლამენტო კულუარებში ნინო ბურჯანაძის სახელი ხშირად ჟღერდა საკუთარი ოჯახის კონტექსტში: მამა – ანზორ ბურჯანაძე, სიმდიდრით განთქმული კაცი, და მეუღლე – ბადრი ბიწაძე – მთავარი სამხედრო პროკურორი.

პრესის ვერსიით, საკუთარი ოჯახის და მეუღლის ინტერესებს იცავდა ნინო ბურჯანაძე მაშინაც, როდესაც რევაზ ადამიას დაუპირისპირდა და, კონფლიქტის გამო, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” დატოვა, და შემდეგაც, როდესაც, უკვე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, “ახალი მემერჯვენეების” ფრაქციის პირისპირ აღმოჩნდა.

ასე რომ, წლების განმავლობაში, ნინო ბურჯანაძე სულ უფრო ხშირად ხვდებოდა საპარლამენტო მოვლენების ცენტრში და საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურების გვერდით საკუთარ ადგილსაც იმკვიდრებდა. ამიტომ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა დასახელდა, წინადადება მოულოდნელი, მაგრამ პერსპექტიული აღმოჩნდა.

რა თავისებურება ახასიათებს ნინო ბურჯანაძეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს? მისი საქმიანობის პერიოდი დაემთხვა იმ პროცესს, როდესაც პარლამენტი 15 ფრაქციად დანაწევრდა, როდესაც ძნელი გახდა გადაწყვეტილების მიღება და, უფრო მეტიც, ლამის გადაუჭრელ პრობლემად იქცა კვორუმის შეკრებაც კი. ეს ის პერიოდია, როდესაც პრეზიდენტი ცდილობს, ხელისუფლების ცენტრად სახელმწიფო კანცელარია აქციოს და როდესაც მთავრობის სხდომები სულ უფრო მეტად პოლიტიზებული ხდება. ეს ის პერიოდია, როდესაც კნინდება პარლამენტის როლი სახელმწიფოს მართვაში და, შესაბამისად, სუსტდება პარლამენტარიზმის ინსტიტუტი.

ამ ვითარების კვალდაკვალ, ნინო ბურჯანაძე ცდილობს პარლამენტის როლის გაზრდას და ამისათვის ორ მიმართულებას იყენებს: იგი მოგზაურობს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და ხვდება უბრალო ადამიანებს; იგი მუშაობს პარლამენტის შიდა პრობლემების მოსაგვარებლად და აღწევს პარლამენტის როლის გააქტიურებას ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში; შესაბამისად, პარლამენტის სხდომები მნიშვნელოვანი ხდება დეპუტატებისთვის და საინტერესო – საზოგადოებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ნინო ბურჯანაძეს განსაკუთრებული, ჟვანიასგან განსხვავებული ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან: ბურჯანაძე არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მას პრეზიდენტისგან არ სჭირდება პარტიული მხარდაჭერა და ამის გამო მისი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ ნაკლებად დამთმობი და მეტად შემტევია. ნინო ბურჯანაძის მთავარი ამბიცია პარლამენტის როლის გაზრდაა და სწორედ ამ ამბიციაზე გადის მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, სამომავლო კარიერა. ჟვანიას მთავარი ამბიცია კი ისაა, რომ იგი, ადრე თუ გვიან, ქვეყნის მთავარი პირი გახდეს. ეს ამბიცია ჟვანიას გაცილებით მეტად ხდიდა დამოკიდებულს პრეზიდენტზე, ნინო ბურჯანაძე კი, ჟვანიას ფონზე, პრეზიდენტისგან მეტ-ნაკლებად გამიჯნულ და პარლამენტზე ორიენტირებულ ფიგურად აღიქმება.
XS
SM
MD
LG