Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პოლიტიკის პატრიოტული მოტივი


საქართველოში ეროვნული მოძრაობის მძლავრი ტალღის და ზოგიერთი სხვა ფაქტორის თანხვედრამ ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია მოიყვანა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის

მოღვაწეობა სამოქალაქო ომით დასრულდა. ამ მოვლენამ გამოიწვია ეროვნული ფაქტორის სრული იგნორირება პოლიტიკაში და ომის შემდგომ, თითქმის ათი წლის მანძილზე, პარტიები დაბეჯითებით ლაგდებოდნენ ან ჩრდილოურ, ან დასავლურ ვექტორზე.

ვითარება მკვეთრად შეიცვალა სულ ბოლო პერიოდში. პოლიტიკური სპექტრისთვის პატრიოტული მოტივი აუცილებელ ატრიბუტად იქცა.

პატრიოტული მოტივი პოლიტიკურ პარტიებში დიდი სპექტრით არის წარმოდგენილი. უკიდურესი პოპულისტებიც ამ მოტივს ეჭიდებიან და ზომიერი სოციალური ორიენტაციის პარტიებიც, მკვეთრად პრორუსული და პროდასავლური ლიდერებიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ თუ სახელმწიფოებრივ ინტერესებს აღიარებენ თავისი ქმედების საფუძვლად. მოკლედ, პატრიოტული მოტივი ქართული პოლიტიკის ახალ მოდად იქცა.

ბასილი მკალავიშვილის პოლიტიკური სექტით დაწყებული და რევაზ შავიშვილის ნეოლიბერალური პარტიით დამთავრებული, ალექსანდრე ჭაჭიათი დაწყებული და ზურაბ ჟვანიათი დასრულებული, თითოეული პარტიის და პოლიტიკური ლიდერის მთავარი არგუმნეტი ეროვნული ინტერესია.

შესაძლოა, ეს ფაქტი პირდაპირ გამომდინარეობს იმ ათწლიანი პაუზიდან, რომელიც წინ უსწრებდა პოლიტიკაში პატრიოტული მოტივის ხელახალ გააქტიურებას. საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებას და, განსაკუთრებით, აფხაზეთის ომის წაგებას მოჰყვა ხელისუფლების მთელი ზედა ეშელონის შევსება პრორუსული ძალებით. მაშინ ეროვნულ ინტერესებზე საუბარი ახლო წარსულის რეციდივად ითვლებოდა და უხერხულად ჟღერდა. შემდეგ აშკარა პრორუსული ძალებისგან ხელისუფლება ნელ-ნელა “გაიწმინდა” და აქტუალურ თემად იქცა ინტეგრაცია დასავლურ სივრცეში, კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან. იმ პერიოდში სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად ცხადდებოდა საგარეო პოლიტიკა და პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაშინ პარტიული სიებიც იმის მიხდევით დგებოდა, თუ რომელმა სავარაუდო კანდიდატმა რამდენი უცხო ენა იცოდა და იყო თუ არა განსწავლული უცხოეთში.

როდესაც ქართული პოლიტიკის ამ ტალღამაც ჩაიარა, მთელმა პარტიულმა სპექტრმა პატრიოტული მოტივის გარშემო მოიყარა თავი. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ისევ საქართველო იქცა. ოღონდ ჯერჯერობით ეს პროცესი ვერბალურ დონეს არ გასცილებია. ჯერ არ ჩანს, რომ “პროქართულმა ორიენტაციამ” რომელიმე პარტიას მაინც აღუძრა სურვილი, რეალურად დაიცვას ქართული კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ინტერესი; დაიცვას ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს სულიერი საგანძური. ჯერჯერობით პატრიოტიზმის თემა პოლიტიკის სივრცეშია ჩაკეტილი და არავისთვის სარგებლობის მომტანი არ არის. ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებიდან რომელსაც არ უნდა შევეხოთ, მომაკვდინებელი პრობლემების ზღვაში აღმოვჩნდებით. ამ პრობლემების დაძლევას ისედაც ათწლეულობით ზრუნვა სჭირდება. დღეს კი, ისე გამოდის, რომ პოლიტიკის პატრიოტული მოტივი თავისთვის ღვივდება, ხოლო ქვეყანა, მისი სულიერი საყრდენითურთ, მშვიდად და ჩრდილოვანი გზით უფსკრულისკენ მიექანება.
XS
SM
MD
LG