Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის და საკრებულოს როლი პოლიტიკურ პროცესში


ბოლო ერთი წელიწადია, საქართველოში პოლიტიკური პროცესი ისე წარიმართა, რომ პარლამენტის ფუნქცია ნელ-ნელა დაკნინდა და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრმა მთლიანად სახელმწიფო

კანცელარიაში გადაინაცვლა. ეს ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, რადგან პარლამენტი, კანცელარიისაგან განსხვავებით, არჩევითი და წარმომადგენლობითი ორგანოა. დემოკრატია კი ქვეყნის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას გულისხმობს.

ია ანთაძე გესაუბრებათ პარლამენტისა და საკრებულოს როლზე პოლიტიკურ პროცესში.

ამჟამინდელი პარლამენტი, ფრაგმენტაციის ხარისხით, ყველაზე მეტად ჰგავს 1992 წლის მოწვევის პარლამენტს, რომელშიც 26 პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი. თუმცა, რამდენადაც იმ პარლამენტის საქმიანობა საინტერესო ეჩვენებოდა შორიდან მაყურებელ თვალს, იმდენადვე ამჟამინდელი პარლამენტის სხდომები უინტერესო და უსიცოცხლოა.

1992 წლის მოწვევის პარლამენტში ძნელად ხერხდებოდა კონსენსუსის მიღწევა და გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი სწორედ პარლამენტი იყო. აღმასრულებელი ხელისუფლება მაშინ კიდევ უფრო მჭიდროდ დახურულ კარს მიღმა საქმიანობდა, ვიდრე დღეს; მაგრამ, წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში პარლამენტს ვერ ეცილებოდა. დღეს კი სწორედ ის ხდება, რომ დახლეჩილ-დანაწევრებული პარლამენტი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ინიციატივას სახელმწიფო კანცელარიას უთმობს.

ამის დასტურია, თუნდაც, 26 აგვისტოს პარლამენტში განხილული და “ჩავარდნილი” დადგენილება. ამ დადგენილების მიღების შემთხვევაში, ნებისმიერი სტრატეგიული ობიექტის პრივატიზებამდე მთავრობას უნდა მოესმინა პარლამენტის აზრი კონკრეტული პირობებით კონკრეტული ობიექტის გასხვისების შესახებ. მხოლოდ აზრი უნდა მოესმინა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას მაინც აღმასრულებელი ხელისუფლება იტოვებდა. პარლამენტმა საკუთარი ნებით თქვა უარი ამ უფლებაზე და დადგენილება ჩააგდო. იმის მიუხედავად, თუ რა მოტივაცია დაუდო საფუძვლად სხვადასხვა ფრაქციამ თავის არჩევანს, ფაქტობრივად, პარლამენტმა სრული კაპიტულაცია გამოაცხადა აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე.

ახლა გავიხსენოთ პრეზიდენტის კომენტარი პარლამენტის მიერ არა ჩაგდებული, არამედ მიღებული დადგენილების შესახებ: ედუარდ შევარდნაძემ საჯაროდ და არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეთავაზებულ რადიკალურ ღონისძიებებს პრეზიდენტი ვერ გაატარებს. გამოდის, რომ იქ, სადაც პარლამენტმა ნებსით დათმო, არც პრობლემა შექმნილა; ხოლო იქ, სადაც პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მკაცრი პოლიტიკის გატარება მოსთხოვა, მკაფიო უარი მიიღო.

დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ძალების ინტერესები იმდენად განსხვავებული და დაპირისპირებულია, რომ არც ერთ სერიოზულ საკითხზე შეთანხმება არ ხერხდება. პარლამენტის დაქუცმაცება და სახელმწიფო კანცელარიის გაძლიერება უკვე თავიდანვე იყო ჩადებული ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებაში, რომ უარი ეთქვა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტზე.

ამგვარივე ტენდენციის დადასტურებაა თბილისის საკრებულოს შემთხვევა. სამი თვის წინ ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, თბილისის საკრებულო - არჩევითი და წარმომადგენლობითი ორგანო - ვერ იკრიბება. ეს ფაქტი, ცხადია, აძლიერებს დედაქალაქის მთავრობას, რომელიც დახურულ კარს მიღმა, საზოგადოების ნების იგნორირებით საქმიანობს. მეორე მხრივ, არჩევნების შედეგების უგულებელყოფით კნინდება არა მხოლოდ საკრებულოს, არამედ – პარლამენტის (როგორც არჩეული ორგანოს) ავტორიტეტი.

დემოკრატიის არსი კი ქვეყნის მართვაში საზოგადოების და მის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს მონაწილეობაა. საქართველოში პარლამენტი ქვეყნის მართვაში ვეღარ მონაწილეობს, რადგან ან ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს, ან მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლება არ ასრულებს; დედაქალაქის საკრებულო კი იმის გამო ვერ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში, რომ ფორმალურად არსებობს, ფაქტობრივად კი – არ არსებობს.

წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციის დაკნინება საშიში ტენდენციაა. არ არის გამორიცხული, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც ეჭვის ქვეშ დააყენოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მოითხოვოს ბიულეტენების გადათვლა, იჩივლოს სასამართლოში და, საბოლოოდ, ქვეყანა პარლამენტის გარეშე დატოვოს. დღეს ამგვარი სცენარი უტოპიად გამოიყურება, მაგრამ ვერავინ უარყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების მცდელობას, რომ დააკნინოს წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქცია და მართვის ბერკეტებს ერთპიროვნულად დაეუფლოს.

1992 წლის ფრაგმენტირებულმა პარლამენტმა, პოლიტიკური ძალების მოწადინებით და ედუარდ შევარდნაძის პირადი ძალისხმევით, ახალი კონსტიტუცია მიიღო. სწორედ იმის გამო, რომ განხილვის პროცესში 26 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, კონსტიტუციის ლეგიტიმურობის ხარისხში ეჭვი არავის შეუტანია. თუკი დღევანდელი დაქუცმაცებული პარლამენტი შეძლებს, რომ მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხს გაზრდის, ამჟამინდელი საშიში ტენდენცია დაიძლევა. თუ არადა, წლევანდელ შემოდგომას თუ გადავურჩით, მომავალ შემოდგომაზე რეალურად უმართავ პროცესს უნდა ველოდოთ.
XS
SM
MD
LG