Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ბრძოლის არაპოლიტიკური ხერხები


მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე, კონტროლის პალატის თავმჯდომარემ – სულხან მოლაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის წევრებს მისი უწყების მიერ ჩატარებული

ანტიკორუფციული საქმიანობის შესახებ. ამ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საჯარო ავტორიტეტს მთავრობა უპირისპირებს იუსტიციის სამინისტროში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას სააკაშვილის მინისტრობის პერიოდში. იუსტიციის ყოფილი მინისტრის დადანაშაულება კორუფციაში უფრო მეტად პოლიტიკური ბრძოლის ხერხია, ვიდრე რეალური ანტიკორუფციული ღონისძიება.

კანონმდებლობის თანახმად, კონტროლის პალატა, როგორც უწყება, ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ – სულხან მოლაშვილმა განმარტა, მისი გამოსვლა მთავრობის სხდომაზე პირადად მისი და პრეზიდენტის ჯენტლმენური შეთანხმების შედეგად გადაწყვეტილა, შეთანხმების საფუძველი კი ის ყოფილა, რომ მთავრობის წევრებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია კონტროლის პალატის საქმიანობის შედეგად აღმოჩენილი კორუფციული ფაქტების შესახებ.

სულხან მოლაშვილი ყოველი საჯარო გამოსვლისას იმეორებს, რომ იგი პოლიტიკაში არ ერევა და რომ არასოდეს აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს. თუმცა, მთავრობის სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ იუსტიციის ყოფილი მინისტრი შეადარა ლიტერატურულ პერსონაჟს, რომელიც – მოლაშვილის სიტყვით, – “მთიელი ხალხის სისხლს სვამდა”, ეს ფაქტი კი ნამდვილად ვერ თავსდება ინფორმაციული მოხსენების ჩარჩოში და მწვავე შეფასებით ხასიათს ატარებს. ხოლო როდესაც ასეთი შეფასება მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსს ეხება, ცხადია, მოხსენებას თავისთავად ედება პოლიტიკური ელფერი.

ქვეყანაში, რომელიც კორუფციის ჭაობში იხრჩობა, მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება “სისხლის მსმელად” არარაციონალურია. ჩანს, რომ ხელისუფლება საჯარო პოლიტიკის თვალსაზრისით ვერაფერს უპირისპირებს სააკაშვილის აგრესიულ პოლიტიკას და ისევ ძველ, არაპოლიტიკურ ხერხს მიმართავს – ყოფილი მინისტრის დადანაშაულებას კორუფციაში. საფიქრებელია, რომ ასეთი მცდელობა ეფექტს ვერ მოიტანს, რადგან მთავრობის სხდომა სწორედ იმ ადამიანების თავშეყრის ადგილია, რომლებსაც საზოგადოება ყველაზე ნაკლებად ენდობა, თავად მთავრობა კი კორუფციული პირამიდის წვერია. მიხეილ სააკაშვილს, დანარჩენი მინისტრებისგან განსხვავებით, სამი არჩევნები აქვს მოგებული სწორედ იმის მეშვეობით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აგრესიით უპირისპირდება ხელისუფლებას.

რატომ უხდება ედუარდ შევარდნაძეს, რომ სააკაშვილს ამდენად არამომგებიანი ბრალდება წაუყენოს? უნდა ითქვას, რომ კორუფციაში დადანაშაულება ბრძოლის ერთი ხერხია და არა ერთადერთი. მთავარი პოლიტიკური არგუმენტი ისაა, რომ პრეზიდეტი სტაბილურობის გარანტია, სააკაშვილი კი – დესტაბილიზაციის ინიციატორი. კორუფცია მხოლოდ დამხმარე ფაქტორია. შემოდგომაზე მოვლენები სწორედ იმის მიხედვით განვითარდება, თუ რომელი პოლიტიკური არგუმენტი აღმოჩნდება მისაღები საზოგადოებისთვის: სტაბილურობის შენარჩუნება, თუ ხელისუფლების მიმართ ამბოხი. სააკაშვილი კარგად აცნობიერებს თავის როლს და ამით უნდა აიხსნას, რომ იგი არ ეკამათება არც ერთ ოპონენტს, პრეზიდენტის გარდა.
XS
SM
MD
LG