Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენები ერაყის საკითხზე მსჯელობენ


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის კონგრესში დაიწყო მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რამდენად გამართლებულია სამხედრო ძალის გამოყენებით ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის დამხობა.

ოთხშაბათს, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას, გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ რიჩარდ ბატლერმა განაცხადა, რომ შეიარაღებული კონფრონტაციის თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი დაიყოლიებს სადამ ჰუსეინს, კვლავ დაუშვას ერაყში განიარაღების ექსპერტთა საქმიანობა.

რიჩარდ ბატლერმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინი განაგრძობს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებას და ესწრაფის ბირთვული იარაღის შეძენას. ბატლერმა დასძინა, რომ ხელთ აქვს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს აწვდის საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს.

სადამ ჰუსეინმა თავისი ქვეყნიდან 1998 წელს გააძევა გაეროს განიარაღების კომისია, რომელსაც რიჩარდ ბატლერი ხელმძღვანელობდა. ბატლერმა განაცხადა, რომ რუსეთმა და, გარკვეულწილად, საფრანგეთმაც, არ აუბეს მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს მცდელობას, რომ განიარაღების კომისიას ერაყში თავისი საქმიანობა განეახლებინა.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას, რიჩარდ ბატლერმა განაცხადა, რომ თუ გაეროს ექსპერტებს მიეცემათ უფლება, ყოველგვარი ჩარევის გარეშე განაახლონ თავიანთი საქმიანობა ერაყში, სადამ ჰუსეინი ვეღარ შეძლებს მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას.

სენატში ჩვენებებით გამოვიდა ერაყელი ხიდირ ჰამზაც, რომელიც, ვიდრე დასავლეთში დარჩებოდა, ერაყში ინჟინრად მუშაობდა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში. მან თქვა, რომ სპარსეთის ყურის ომის დამთავრების შემდეგ, სადამ ჰუსეინმა ინჟინრებს ქვეყნის ელექტროსადგურების, სატელეფონო სისტემისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენა დაავალა. ხოლო შემდეგ ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებისათვის საჭირო ობიექტების აღდგენა დაიწყო. ხიდირ ჰამზამ აღნიშნა, ამასთანავე, რომ ხსენებული ობიექტები, ოფიციალური ვერსიით, სამოქალაქო დანიშნულებისაა, არადა იქ მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება გრძელდება.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჯოზეფ ბაიდენის თქმით, მოსმენა მან იმის გასარკვევად დანიშნა, რამდენად უქმნის ერაყი სარფთხეს თავის მეზობლებს, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, და რამდენად გამართლებულია სამხედრო ოპერაციის დაწყება სადამ ჰუსეინის დამხობის მიზნით. ბაიდენმა თქვა, რომ მოსმენაზე არ მოუწვევია თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ჯოზეფ ბაიდენის აზრით, თუ პრეზიდენტი ბუში საჭიროდ მიიჩნევს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას, საამისოდ აუცილებელი პირობა უნდა იყოს ამერიკელი ხალხის თანხმობა.
XS
SM
MD
LG