Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ვერსია აფხაზეთის საკითხის გამწვავებასთან დაკავშირებით


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აფხაზეთის საკითხი პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის. ერთმანეთთან დაპირისპირებულ სუბიექტებად, ბოლოს და ბოლოს,

ჩამოყალიბდნენ პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების საკითხში – ასლან აბაშიძე და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – თამაზ ნადარეიშვილი. მხარეების გამოკვეთამ მნიშვნელოვნად გაამჭვირვალა პრობლემის არსიც.


გესაუბრებით ერთ ვერსიაზე აფხაზეთის საკითხის გამწვავებასთან დაკავშირებით.

პირდაპირ ვიტყვით, რომ სოხუმის დაცემის დღიდან, თამაზ ნადარეიშვილი “ომის პარტიის” ლიდერობას იმკვიდრებს; ასლან აბაშიძეს კი, პირიქით, თავისი ფუნქციის შესასრულებლად მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გარემო სჭირდება. ბოლო დღეებში ნადარეიშვილი ისევ გააქტიურდა და ისევ აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების აუცილებლობაზე საუბრობს; ასლან აბაშიძე კი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გაუქმებას ითხოვს.

გაზეთმა “ქრონიკამ” 29 ივლისს გამოაქვეყნა თამაზ ნადარეიშვილის სამოქმედო გეგმა: “შევიცვლით დისლოკაციის ადგილს; გადავალთ ქუთაისში ან ზუგდიდში...… გამოვაცხადებთ საგანგებო რეჟიმს... მოვხსნით მორატორიუმს, რომლითაც შეჩერებული იყო პარტიზანული მოძრაობა... პარტიზანებს დავახმარ ჩვენს ოთხ შეიარაღებულ “სპეცნაზს” და იარაღით ხელში პირადად მივიღებ მონაწილეობას ამ მოძრაობაში.” რაკი აბაშიძესა და ნადარეიშვილს შორის დაპირისპირება გამწვავდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ აჭარის ლიდერს აქვს რეალური ინფორმაცია აფხაზეთში მოსალოდნელი საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისიც ბუნებრივია, რომ აბაშიძემ პასუხი პრეზიდენტისგან მოითხოვა და ამის პასუხად მიიღო მწვავე კრიტიკა, რომ აჭარის ლიდერმა აფხაზეთის პრობლემას თავი ვერ გაართვა.

ედუარდ შევარდნაძის პოზიციაში ამჯერად არსად ჩანდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერა, თუმცა, ირიბად სწორედ ასე გამოვიდა. პრესის ვერსიით, ნადარეიშვილი ახმოვანებს იმას, რასაც პრეზიდენტი თავად ვერ ამბობს; თემურ ხაჩიშვილის კომენტარის მიხედვით კი, აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარებაში ბათუმს თბილისიდან ხელს აღარ შეუშლიან, რადგან “ხელის შეშლის საქმეს ავთანდილ ჯორბენაძე მოუვლის”.

გამოდის, ასლან აბაშიძე და ავთანდილ ჯორბენაძე მშვიდობის მომხრეებად რჩებიან, ნადარეიშვილი ბრძოლის დაწყებით იმუქრება და პრეზიდენტი მხარს სწორედ მას უჭერს.

არავინ იცის, რა მოჰყვება სინამდვილეში ამ აჟიოტაჟს, რომელიც ჩვენ თვალწინ დღითი დღე იკრებს ძალას. პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი სამომავლოდ კატასტროფასაც არ გამორიცხავს (ციტატა “კვირის პალიტრიდან”): “თუ ომის გზას ვირჩევთ, მაშინ ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზე. მაგრამ ის, რომ ქვეყნის და ხელისუფლების ერთი ნაწილი ომობდეს, მეორე – თვითნებურად იქცეოდეს, მესამე – დიპლომატიური გზით ედებოდეს ღობე-ყორეს, მეოთხე კი დაბნეული იჯდეს ბათუმში და გაიძახოდეს, ახლა რაღა ვქნაო, სრულიად უპერსპექტივო გზაა და კატასტროფას გვიქადის”

მთავარი ისაა, რომ ომის თემა ზუსტად იმგვარადვე შეაჩვიეს რიგითი მოქალაქის ყურს, როგორც საშემოდგომო დესტაბილიზაციის თემა. პარლამენტარმა ვალერი გელბახიანმა კი გაბედა და ეს ორი თემა უშუალოდ დაუკავშირა ერთმანეთს (ციტატა “კვირის პალიტრიდან”):
რაკი თბილისმა ბრჭყალები გამოაჩინა, ჩვენც გამოვაჩენთ და ეს იქნება უკანასკნელი ცდა იმისა, თუ როგორ უნდა რეგიონთან დაპირისპირება. ყველაფერი ხელისუფლების მარცხით დასრულდება. საშემოდგომოდ ბუნტს ელიან, ჩვენ ხელს აღარ შევუშლით ქუჩის აქციებს და შევარდნაძე მიიღებს იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა მიეღო”.

როგორ უკავშირდება ერთმანეთს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების და საშემოდგომო დესტაბილიზაციის თემები?

აქ ასეთი ვერსია იბადება: საქართველოს სახელმწიფო დღეს გაყოფილია ორ ნაწილად – აფხაზეთის ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთი, დანარჩენ ტერიტორიაზე კი დასავლეთის გავლენა ჭარბობს. შესაბამისად, რუსეთს ხელს აძლევს მშვიდობა სოხუმში, ხოლო დესტაბილიზაცია - თბილისში, თუნდაც დასავლეთისგან მისი მეტ-ნაკლები იზოლაციის მიზნით. ეს შესანიშნავად იცის შევარდნაძემ, რომელიც, როგორც ჩანს, მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ამგვარი მუქარით პასუხობს: თუ მშვიდობა დაირღვევა თბილისში, იგი დაირღვევა სოხუმშიც. ამ მუქარის საჯარო ფორმაა აფხაზეთის პრობლემის გამწვავება: “ომის პარტიის” ლიდერს - თამაზ ნადარეიშვილს უპირისპირდება რუსეთთან დაახლოებული და მშვიდობის მომხრე ასლან აბაშიძე, პრეზიდენტი კი აბაშიძეს მწვავედ აკრიტიკებს. ფაქტობრივად, წრე შეკრულია. ორმხრივი მუქარა მხოლოდ ვერბალურ ხასიათს ატარებს. შესაძლებელია თუ არა, რომ საქმე, მართლაც, სისხლისღვრამდე მივიდეს - თბილისში ან სოხუმში - ეს მხოლოდ “განდობილებმა” იციან.
XS
SM
MD
LG