Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აძლევს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებები?


საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარს, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები იწყებენ. ასეა ამჯერადაც. სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის დღევანდელი მოდელი პარტიების მონაწილეობას ქვეყნის მართვაში,

პრაქტიკულად, არ გულისხმობს. მთავრობის შემადგენლობას ყოველთვის პრეზიდენტი ირჩევდა და, როგორც წესი, პარტიულ ინტერესებს არ ითვალისწინებდა. სამაგიეროდ, როგორც კი პარტიების აგრესია იზრდებოდა პრეზიდენტის მიმართ, ედუარდ შევარდნაძე მათ ყოველთვის სთავაზობდა დიალოგს მინისტრთა კაბინეტის საკითხზე.

გესაუბრებით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მორიგი, ამჯერად – არშემდგარი, დიალოგის შესახებ.

ვიდრე ედუარდ შევარდნაძეს ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობა მოგვარებული ჰქონდა და შიდა პარტიული ოპოზიციაც არ ჰყავდა – დღევანდელი საკონსტიტუციო მოწყობა კამათს არ იწვევდა. ცვლილებების აუცილებლობა გაჩნდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო გუნდი გაძლიერდა და აღმასრულებელი ბერკეტების დაუფლება მოინდომა. პრობლემას ერთი ან რამდენიმე მინისტრის პოსტი ვერ წყვეტდა. კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის სახელისუფლო იერარქიაში მეორე პირი პარლამენტის თავმჯდომარეა, სახელმწიფო მინისტრი კი მხოლოდ და მხოლოდ რიგითი მინისტრია. ამიტომ, საპარლამენტო გუნდის ლიდერი – ზურაბ ჟვანია, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტის მემკვიდრედ ხედავდა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს რიგითი მინისტრის პოსტზე არ ცვლიდა. მეორე მხრივ, აღმასრულებელი ბერკეტების გარეშე რეფორმატორები დღითი დღე სუსტდებოდნენ, ხოლო მათი ოპონენტები მთავრობიდან – დღითი დღე ძლიერდებოდნენ. შესაბამისად, რეფორმატორებმა პრეზიდენტს მოსთხოვეს კონსტიტუციის შეცვლა, პრემიერ-მინისტრის პოსტის და გუნდური მინისტრთა კაბინეტის შემოღება. ასეთი ცვლილებების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო იერარქიაში მეორე პირი ხდებოდა და რეფორმატორები ეუფლებოდნენ როგორც ფორმალურ, ისე ფაქტობრივ ძალაუფლებას.

როგორც კი მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე იწყებდა საუბარს, თავის მხრივ, ედუარდ შევარდნაძე დიალოგში მთელ პარტიულ სპექტრს რთავდა და კოალიციურ კაბინეტს უჭერდა მხარს. ამგვარი პოზიციით პრეზიდენტი “თავისიანებს” მიანიშნებდა, რომ მათი ინიციატივის განხორციელებას არ დაუშვებდა.

დღეს ედუარდ შევარდნაძეს ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის რესურსი ამოწურული აქვს და იგი საჯაროდ აცხადებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს დაადებს. სინამდვილეში, დღევანდელ პარლამენტს არ შესწევს უნარი, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც 157 ხმა სჭირდება. ოპოზიციური პარტიების შიდა კონსენსუსი ქვეყნის საპარლამენტო მოწყობასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს მხოლოდ საარჩევნო შეთავაზება მოსახლეობისათვის – მეტი არაფერი. პარლამენტში პოლიტიკური ძალები იმდენად დაქსაქსულია და ინტერესები იმდენად არის დაპირისპირებული, რომ საკონსტიტუციო მოდელის შეცვლის მცდელობა მხოლოდ წყლის ნაყვაა. ამ საქმით რატომღაც სერიოზულად არის დაკავებული პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე. საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი ხელს აძლევს ყველას, რეალური ცვლილებები კი, ჯერჯერობით – არავის, რაშიც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ალბათ, საშემოდგომო სესიაზე დარწმუნდება.
XS
SM
MD
LG