Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ჯერ არ განელებულა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა დაძაბულობა პაკისტანსა და ინდოეთს შორის ქაშმირის პროვინციის გარშემო ჯერ არ განელებულა. ორივე მხარე აგროვებს ძალებს საზღვრის გასწვრივ.

ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა გააძლიერეს დიპლომატიური მცდელობები ამ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი ომის თავიდან ასაცილებლად. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მათ თავშეკავებისკენ მოუწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ იმდენად შეშფოთებულია ახალი ომის ატეხის შესაძლებლობით, რომ რეგიონში საგანგებო დესპანს გაგზავნის ახალი წლის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც ინდოეთმა და პაკისტანმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს, 1947 წელს, მათ სამჯერ იომეს, აქედან ორჯერ – მათ შორის ორად გაყოფილი ქაშმირის გამო.
მოწინააღმდეგის კუთვნილ ნაწილზე ორივე მხარე აცხადებს პრეტენზიას.

13 დეკემბერს ინდოეთის პარლამენტზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელშიც 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ინდოელი, მეოთხე ომის საშიშროება რეალური გახდა. კვირას პაკისტანისა და ინდოეთის ლიდერებმა გააძლიერეს საომარი რიტორიკა.

პაკისტანის პრეზიდენტმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სავსებით მზადაა ომისთვის. “პაკისტანს სურს მშვიდობა… მაგრამ თუ პაკისტანს თავს მოახვევენ ომს, პაკისტანის შეიარაღებული ძალები და მისი 140 მილიონიანი მოსახლეობა მზად არის მთელი თავისი სიძლიერით შეეგებოს მას,” თქვა მუშარაფმა. ამასთან, აღნიშნა, რომ მზად არის ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ატალ ბიჰარი ვაჯპაისთან დიალოგისთვის.

ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა კი განაცხადა, რომ თუ ომი დაიწყება, დელი გააცამტვერებს მეზობელს. “პაკისტანს ბოლო მოეღება. ჩვენ მივიღებთ დარტყმას, გადავურჩებით მას და შემდეგ გავცემთ მძლავრ პასუხს,” თქვა მან. არის აზრი, რომ ინდოეთის მილიონ ორასი ათასიანი არმია ორჯერ აღემატება პაკისტანის ძალებს.

ორშაბათს პაკისტანის პოლიციამ განაცხად, რომ დააპატიმრა ორ ათეულზე მეტი ექსტრემიტი იმ ისლამური ჯგუფებიდან, რომელთაც ინდოეთი ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებს. კვირას კი პაკისტანმა განაცხადა რომ დააპატიმრა ერთერთი ჯგუფის – “ლაშქარ -ე-ტაიბას” ყოფილი მეთაური ჰაფიზ მოჰამედ საედი. მეორე ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი მაულანა მასუდ აჯარი გასულ კვირაში შინა პატიმრობაში მოათავსეს.

ინდოეთმა პასუხად განაცხადა, რომ თუ ცნობები მართალია, ეს “სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიაო.” მაგრამ, კვირასვე ვაჯპაიმ ინდოეთის საომარი მოქმედებებისთვის მზადყოფნის 11, მათ შორის 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერების თანხმობა მიიღო.

რამდენად პირქუშია შექმნილი ატმოსფერო, მოწმობს ისიც, რომ ინდოეთმა ტაჯ მაჰალი ხაკისფერი ქსოვილით შემოსა შესაძლო დაბომბვისგან დასაცავად, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ პაკისტანი ისლამურ მავზოლეუმს დაუმიზნებს.
XS
SM
MD
LG