Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფა.


დამოუკიდებელმა ქართულმა პრესამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა.

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ოპოზიციური პრესის შესაძენად მოქალაქეები საგაზეთო ჯიხურებთან რიგში სისხამ დილით დგებოდნენ. მაშინ საზოგადოების დიდი ნაწილი ოპოზიციურ პრესას ენდობოდა.

მოგვიანებით, გაზეთების რიცხვმა მოიმატა, ხოლო პრესის მიმართ ნდობამ მოიკლო. პუბლიკაციების კრიტიკული პათოსის მიუხედავად, ხელისუფლება სრულ გულგრილობას იჩენდა გაზეთებში გამოქვეყნებული ბრალდებების მიმართ.

დღეს ვითარება ისევ იცვლება. პოლიტიკოსები გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ მათი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფას.

პირველი გავლენიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ჯერ კიდევ 8-9 წლის წინ თავის ქვეშევრდომებს გაზეთების კითხვისკენ მოუწოდებდა, - ედუარდ შევარდნაძე იყო. "იკითხეთ გაზეთები იმისათვის, რომ იცოდეთ, რას წერენ თქვენზე", - ასე მოძღვრავდა, თურმე, სახელმწიფოს მეთაური და შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი თავის მინისტრებს.

დღეს მინისტრები და მათი მოადგილეები, პარლამენტარები და, ფაქტობრივად, სახელისუფლო იერარქიის მთელი ზედა ეშელონი სამუშაო დღეს გაზეთების გაცნობით იწყებს.

"P.R.", ანუ საზოგადობასთან ურთიერთობა, პოლიტიკოსის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ხდება. პარალელურად, მკვიდრდება ტერმინი "შავი P.R.". ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები სპეციალურად აფინანსებენ პრესის იმგვარ მასალებს, რომლებიც უარყოფით საზოგადოებრივ აზრს ქმნიან მათი ოპონენტების მიმართ.

ცხადია, თუკი ჩვენს რეალობაში შესაძლებელია "შავი P.R."-ის წარმოება, ამაში, პოლიტიკოსებთან და მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან ერთად, პრესაც შეგნებულად უნდა იყოს ჩართული.

თუმცა, საქართველოში იმდენად პოპულარულია "მოყვითალო" პრესა, რომ ნებისმიერი სკანდალი მშვენიერი მასალაა გაზეთის გასაყიდად. ამიტომ, ძნელი სათქმელია, რატომ არ ჩამოდის პრესის ფურცლებიდან რომელიმე გახმაურებული ამბავი - იმის გამო, რომ მის შესახებ პუბლიკაციები მკითხველს იზიდავს, თუ იმის გამო, რომ ეს სტატიები საგანგებოდ არის დაფინანსებული.

ყველას გვახსოვს ის საღამო, როდესაც ვინმე ანისიმოვის დაბადების დღის აღსანიშნავად, საკუთარ სახლში წვეულება მოაწყო ბადრი პატარკაციშვილმა. სწორედ მაშინ იყო, სტუმრები პირსახოცების ქვეშ რომ დაემალნენ "კურიერის" ვიდეოკამერას. მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში პრესის მთავარ გმირად იქცა, არც მეტი- არც ნაკლები, კახა თარგამაძე. მას გაზეთები პატარკაციშვილის სტუმრებს შორის მოიხსენიებდნენ, რასაც დაერთო არაერთი მაკომპრომეტირებელი მასალა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი კვირის განმავლობაში პრესის დიდი ნაწილი თარგამაძის "გაშავებაზე" მუშაობდა. ესწრებოდა თუ არა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ბადრი პატარკაციშვილის წვეულებას, ან ჰქონდა თუ არა იმ შეკრებას ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი, - საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. მით უმეტეს, ბუნებრივი იქნებოდა, პრესას იმ კვირის ანტიგმირად კახა თარგამაძე კი არა, თავად ბადრი პატარკაციშვილი ექცია. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ კომპლექსურ კამპანიას კახა თარგამაძის წინააღმდეგ მაშინ შემთხვევითი ხასიათი ჰქონოდა.

კიდევ ერთი მოვლენა გავიხსენოთ. როდესაც პარლამენტმა შინაგან საქმეთა და უშიშროების ახალი მინისტრები დაამტკიცა, იმ დღესვე დაიწერა, რომ კობა ნარჩემაშვილიც და ვალერი ხაბურძანიაც უშიშროებიც საბჭოს მდივნის - ნუგზარ საჯაიას - პროტეჟეები არიან. ბუნებრივია, ეს ფაქტი პრესის ყურადღებას მიიპყრობდა, მაგრამ საინტერესოა გაგრძელება: მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე გაზეთში ზედიზედ გამოქვეყნდა წერილები ნუგზარ საჯაიას შესახებ. ამ წერილების პათოსიც მიმართული იყო უშიშროების საბჭოს მდივანზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. არადა, გაცილებით ბუნებრივი იქნებოდა, პრესა თავად ნარჩემაშვილის ან ხაბურძანიას საქმიანობით დაინტერესებულიყო და არა საჯაიას პოლიტიკური ფიგურით.

ბოლო რამდენიმე კვირაში კიდევ არაერთმა მოვლენამ მიიღო კამპანიური ხასიათი. ეს ეხება ჟვანიასა და სააკაშვილის ფარულ ფინანსურ ინტერესებს, რის შესახებ ერთი და იგივე ინფორმაცია რამდენიმე გაზეთში გამოქვეყნდა; ეხება, აგრეთვე, ბადრი პატარკაციშვილის მიერ საქგაზისთვის ერთი მილიონი დოლარის გადახდას და ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახურ კონფლიქტს "ახალ მემარჯვენეებთან". ეს ორი მოვლენა პრესის ფურცლებზე ერთი და იმავე სცენარით გაშუქდა: ის გაზეთები, რომლებიც პატარკაციშვილის ინიციატივას ხალხზე ზრუნვად აფასებდნენ, "ახლების" პოზიციასაც თანაუგრძნობდნენ. ხოლო იმ გაზეთებმა, რომლებმაც ბადრი პატარკაციშვილის მილიონი საზოგადოების მოსყიდვად აღიქვეს, სამაგიეროდ, ნდობა გამოუცხადეს ბურჯანაძე-ბიწაძის სახელისუფლო ტანდემს. ეს გამოიხატებოდა როგორც ჟურნალისტურ შეფასებებში, ისე, რესპოდენტების შერჩევაში: განა წინასწარ არ იყო ცნობილი, რას იტყოდა "ახლების" ლიდერი დავით გამყრელიძე, ან ყოფილი პროკურორი რევაზ ყიფიანი?!

ასე რომ, პოლიტიკური პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფა ამა თუ იმ კუთხით; აგრეთვე, პოლიტიკური ფიგურების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართულად შექმნა, - ქართული პრესის ყოველდღიური საქმიანობის ჩვეულებრივ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ.
XS
SM
MD
LG