Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერსიები და არგუმენტები მთავრობის დროებითობის შესახებ


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ამჟამად პარლამენტში შეთანხმება არსებობს, აღმასრულებელი ხელისუფლების არსებული სისტემის არაეფექტიანობაა.

შესაბამისად, პარლამენტი მზად არის იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს და გაზაფხულზე პრეზიდენტთან ერთად ჩამოაყალიბოს მინისტრთა კაბინეტი. პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც ახალ მთავრობაში ძველი მინისტრები დაამტკიცეს, რადიკალურ ცვლილებებს სწორედ მინისტრთა კაბინეტს უკავშირებენ.

თითქმის ყველა საპარლამენტო ფრაქცია პრესაში გამოსაქვეყნებლად ამზადებს ცხრილს, რომელშიც ზუსტად იქნება მითითებული, ვისი ძალისხმევით დამტკიცდა ახალი მთავრობა. ამ ცხრილში გაერთიანდება თითოეულ მინისტრთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები.

მკაფიო სურათის შექმნით ფრაქციების ერთი ნაწილი ცდილობს, გამოკვეთოს ახალ მთავრობაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალები, ფრაქციების მეორე ნაწილს კი სურს, ეს პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.

იმის მიუხედავად, რომ ამა თუ იმ მინისტრის მხარდაჭერისას სუბიექტური ფაქტორები სჭარბობდა, დღეს პარლამენტის წევრები მთავრობის დამტკიცების მთავარ მიზეზად მის დროებითობას ასახელებენ.

ერთი მხრივ, ეს დამაჯერებელი არგუმენტია. სწორედ იმის გამო, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ემზადება, დღეს ამბიციური პოლიტიკური ფიგურები უარს ამბობენ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. ისინი პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადებიან და მიიჩნევენ, რომ დროებითი პოსტი მხოლოდ ხელს შეუშლით საბოლოო მიზნის მიღწევაში.

ამავე ლოგიკით, პარლამენტმა, პრეზიდენტთან ერთად, უარი თქვა მთავრობის განახლებაზეც, რადგან განახლებული მთავრობა უფრო ძნელად დაექვემდებარება მინისტრთა კაბინეტად გარდაქმნას, ვიდრე გვარიანად დისკრედიტებული.

მაგრამ პოლიტიკოსთა ეს არგუმენტი საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პრეზიდენტის და პარლამენტის ერთობლივმა, შეთანხმებულმა ქმედებამ რიგით მოქალაქეს მხოლოდ ის დაუდასტურა, რომ ხელისუფლება რეალურ ცვლილებებზე არ ფიქრობს. ორშაბათს, "ახალ ვერსიაში", ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოაქვეყნა წერილი ცინიკური სათაურით: "შევარდნაძის პრეზიდენტობის პირობებში ყველაფერი დროებითია". ავტორის აზრით, "ამ პრეზიდენტისა და პარლამენტის ხელში ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს." იმავე დღეს "რეზონანსმა" დაბეჭდა ინტერვიუ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარესთან, რევაზ შავიშვილთან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა (ციტატა): "მე გარწმუნებთ, რომ ეს მთავრობა დროებითი არ არის".

რევაზ შავიშვილის პოზიციაც ეყრდნობა არგუმენტს, რომ რეალური ცვლილებებისთვის ხელისუფლება მზად არ არის. ამიტომ, მთავრობა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იარსებებს და მინისტრთა კაბინეტის შექმნის შემთხვევაშიც კი, დღევანდელი მთავრობის 80% უცვლელად შენარჩუნდება.

გამოდის, პარლამენტი იხსნის პასუხისმგებლობას ახალ მთავრობაზე იმ ნიშნით, რომ ძველი შემადგენლობის შენარჩუნება სასარგებლო იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური განახლებისთვის; საზოგადოება კი აღარ ენდობა პარლამენტს და მთავრობის ძველი შემადგენლობის ხელახალ დამტკიცებას პოლიტიკური ნების დეფიციტით ხსნის.

ასე რომ, მთავრობის გადაყენებამ, ვითარების განმუხტვის ნაცვლად, კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
XS
SM
MD
LG