ქართული ენის უნიკალური ზმნა
უცხო ენის გავლენა უმეტესად ბარბარიზმებით არის თვალსაჩინო, მაგრამ თუ ბარბარიზმები ენაში გავლენის შესუსტებისთანავე იკლებს, უცხოენოვანი სიტყვათშეთანხმებები გაცილებით დიდხანს რჩება. ამის გამო ლაპარაკისას თუ წერისას ბევრი საჭიროზე მეტ სიტყვას იყენებს:
- რა მოლოდინები გაქვთ - რას ელით
- საუბარი ჰქონდა - ესაუბრა
- მოლოდინის რეჟიმში ვართ - ველოდებით
- ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მუშაობას - ყოველდღე ვმუშაობთ
- გავაკეთე გადამისამართება - გადავამისამართე
- რა საშინელებას გადიოდნენ ადამიანები - როგორ იტანჯებოდნენ / როგორ განიცდიდნენ
- მოქმედებაში მოიყვანა - აამოქმედა
- არის ლაპარაკი რომ - ლაპარაკობენ / ამბობენ / აპირებენ
- ასვლა განახორციელეს - ავიდნენ
- შემოვდივარ წინადადებით - გთავაზობთ
- საუბარი მაქვს ამაზე - ვგულისხმობ ამას
- გეგმაში არ მაქვს - არ ვგეგმავ
- ჩახლართული გახდა - ჩაიხლართა
- შფოთვაში ვართ - ვშფოთავთ
- იმედს ვიტოვებ - ვიმედოვნებ...
რუსულის დატოვებული კალკები
რუსულმა ქართულ ენაში ძალიან ბევრი კალკი ჩატოვა, მაგალითად: „მით უმეტეს“, „საიდან მოიტანე“, „ვთვლი, რომ“, „მანამდე სანამ“, „ამით დაწყებული, იმით დამთავრებული“, „როგორც წესი“, „შესაბამისად“, „მიუხედავად ამისა“...
შესაძლოა ეს სიტყვები სხვებით ჩანაცვლდეს, მაგრამ ზოგჯერ კალკს პირდაპირი ქართული შესატყვისი არ გააჩნია. თუმცა, სათქმელი ყოველთვის შეიძლება თქვა სხვა სიტყვებით, მაგალითად: „საიდან მოიტანე“ ადვილად ჩანაცვლდება წინადადებით: „რატომ ფიქრობ ასე?“
ნაცვალსახელების შემოსევა
ინგლისურს არ აქვს ისეთი მოქნილი ზმნა, როგორიც ქართულს, ამიტომ ინგლისურის გავლენით ბევრი წინადადების აგებისას იყენებს ნაცვალსახელებს, რომელიც ქართულს არ სჭირდება, მაგალითად, არ არის საჭირო თქვა: „მე შენ დაგიწერე“, მხოლოდ „დაგიწერეც“ იმავეს ნიშნავს.
„ში“ თანდებული
„გეგმაში მაქვს“, „მოლოდინში ვარ“, „შფოთვაში ვარ“, „რეჟიმში ვარ“... რაღაცაში ყოფნა უცნო ენის გავლენაა. ქართულში „ში“ თანდებული ამ კუთხით არ გამოიყენება. ამის ნაცვლად შეგვიძლია ვთქვათ: „ვგეგმავ“, „ველი“, „ვშფოთავ“ და ასე შემდეგ.
„ბატონი ალექსანდრე აქ არ არის“
ერთი შეხედვით სრულიად გამართული წინადადებაა, მაგრამ არა, ესეც საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა. „ბატონს“ და „ქალბატონს“ ქართულში მხოლოდ მიმართვისას ვხმარობთ, მაგალითად, „ბატონო ალექსანდრე“. სხვა შემთხვევაში ან მხოლოდ სახელი უნდა ითქვას, ან სახელი და გვარი: მაგალითად: „ალექსანდრე აქ არ არის“, ან „ალექსანდრე მხეიძე აქ არ არის“.
როცა გვინდა, სერიოზულები გამოვჩნდეთ
დღეს ყველა „საუბრობს“ და არავინ „ლაპარაკობს“, ყველამ „შეიძინა“ და არავინ „იყიდა“, ყველა „მიირთმევს“ და არავინ „ჭამს“, კი არ „დადის“ „გადაადგილდება“, „მომახსენეს“, „ვმოღვაწეობ“... ეს სიტყვები თითქოს მდაბიურ თქმად მიიჩნევა, სინამდვილეში კი „მივირთვი“ ისეთივე სასაცილოა, როგორც „დავბრძანდი“ „დავჯექის“ ნაცვლად.
იუბილარი ბავშვი
ამ ბოლო დროს ხშირად წააწყდებით, რომ იუბილეს დაბადების დღის სინონიმად იყენებენ, შესაძლოა ბავშვსაც კი ასე მიულოცონ: „გილოცავ შენი პატარის იუბილეს“. სინამდვილეში იუბილე არის პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის, დაწესებულების, ორგანიზაციის არსებობის, რაიმე მნიშვნელოვანი ამბის ან მოვლენის წლისთავი, რომელსაც საზეიმოდ აღნიშნავენ.
ორსული კატა
არის სიტყვები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს მიემართება. არ არსებობს ორსული და ფეხმძიმე ცხოველი, ცხოველზე მხოლოდ „მაკე“ ითქმის. ძაღლი შეიძლება იყოს ბებერი და არა მოხუცი. და ბოლოს, ცხოველი შეიძლება იყოს ძუ ან ხვადი, მაგრამ არა ბიჭი ან გოგო.