რადიო თავისუფლებამ ქართველი პოლიტიკოსების ციტატები „გადააქართულა“. ჩვენ შევარჩიეთ შეცდომების ნიმუშები, რომლებიც პოლიტიკოსთა მეტყველებას ახასიათებს. ამ მცირე ტექსტიდან ჩანს, რომ ქართული პოლიტიკური ენა სტილისტურად მძიმე, ხშირად კი გრამატიკულადაც გაუმართავია. მაგალითები აღებულია ბოლო რამდენიმე წლის ჩანაწერებიდან.
გიგა ბოკერია, დეპუტატი: „ვინ დაგბრიფათ, ვინ შეგატყობინათ ეს ინფორმაცია?...“
სწორია: „ვინ შეგატყობინათ ეს?“
შენიშვნა: „დაგბრიფათ“ - ასეთი სიტყვა არ არსებობს, შინაარსობრივად კი ისევ შეტყობინებას გულისხმობს. ასევე ზედმეტი სიტყვაა „ინფორმაცია“, რადგან შეტყობინება თავისთავად ინფორმაციის გადაცემას ნიშნავს.
ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ადრეც მითქვამს და ეხლაც განვმეორდები, რომ ჩვენს ხალხს არასოდეს მივატოვებ“.
სწორია: „ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენს ხალხს არასოდეს მივატოვებ“.
„კიდევ ერთჯერ ვულოცავ საქართველოს“.
სწორია: „კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს“.
ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრი: „პირბადეებთან დაკავშირებით იყო არაერთი მიმოთქმა“.
სწორია: „პირბადეებთან დაკავშირებით იყო მითქმა-მოთქმა“.
გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი: „თქვენ, ბატონო ნიკა, უხეშად არღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას... მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ“.
სწორია: „თქვენ, ბატონო ნიკა, უხეშად არღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას (შეურაცხყოფდით)... თუ მსგავს რამეს გაიმეორებთ, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ“.
ნიკა მელია, დეპუტატი: „არ ვაპირებდი განცხადების გაკეთებას... მაგრამ მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს აი, ეს სურათი ყოფილიყო, რომელი სურათიც არის... მე მჯერა, რომ დღეს ვარ ისტორიის სწორ მხარეს და თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თვალი თვალს გავუსწორო, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ხელშესახებად აქ, ამ დარბაზში“.
სწორია: „არ ვაპირებდი თქმას... მაგრამ ვთხოვე კოლეგებს (და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს), რომ დღეს აი, ეს სურათი ყოფილიყო, რომელიც არის... მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თვალი გავუსწორო, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს მძაფრად იგრძნობა აქ, ამ დარბაზში“.
შენიშვნა: „კატეგორიულად ვთხოვე“ - თხოვნა, თუ ის კატეგორიულია, უკვე მოთხოვნაა და არა თხოვნა.
„ვარ ისტორიის სწორ მხარეს“ - ისტორიას არა აქვს მხარეები.
დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი: „გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე გავაჟღერე ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები“.
სწორია: „გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას ვთქვი (განვაცხადე), თუ რა მოლოდინი აქვს ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს“.
შენიშვნა: ჟღერს მუსიკა.
ადა მარშანია, დეპუტატი: „როდის დაადგება საშველი ამ გახმოვანებას დარბაზის? ჰარმონიული დაგეგმარება დარბაზში, იცით თქვენ, დარღვეულია... ძალიან გთხოვთ, ქალბატონო თავმჯდომარე სხდომის, ყურსასმენები დაგვირიგეთ“.
სწორია: „როდის დაადგება საშველი დარბაზში გახმოვანებას? იცით, თქვენ, რომ დარბაზი არასწორადაა დაგეგმილი. ძალიან გთხოვთ, ქალბატონო სხდომის თავმჯომარევ, ყურსასმენები დაგვირიგოთ“.
ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრი: „პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც პოლიპროპილენის პირბადეებიდან განსხვავებით საყოფაცხოვრებო გამოყენების დროს შეიძლება გამოვიყენოთ მრავალჯერ... პრიორიტეტში გვყავს ის ბიზნესები, სადაც დასაქმებული ადამიანები, მაღალი რაოდენობის კონტაქტში შედიან მომხმარებელთან“.
სწორია: „პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდისგან დამზადებული პირბადეები, რომლებიც, პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისაა და შეიძლება ბევრჯერ გამოვიყენოთ... უპირატესობას მივანიჭებთ იმ ბიზნესკომპანიებს, სადაც დასაქმებულებსა და მომხმარებლებს შორის ხშირი ურთიერთობაა“.
ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი: „ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება მოვახდინეთ... პირველი აღშფოთება ჩვენი გუნდის წევრებმა დავიწყეთ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ბატონი გავრილოვის თავხედური, ასე ვთქვათ, ჟესტი, როდესაც შეუთანხმებლად აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო...
სწორია: „ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია გვქონდა... პირველად ჩვენი გუნდის წევრები აღშფოთდნენ, როდესაც იხილეს ბატონი გავრილოვის თავხედური, ასე ვთქვათ, ჟესტი, როცა ის შეუთანხმებლად აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო...“
ემზარ კვიციანი, დეპუტატი: „აღრიცხვაზე აიყვანებენ და იქნება დახმარება მაგათი“.
სწორია: „აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან მათ“.
შენიშვნა: „აიყვანებენ“ და „მაგათი“ კუთხურია და არა სალიტერატურო ქართული.
კახა კალაძე, თბილისის მერი: „საკუთარ სახლში შედიოდეს და ისეთნაირად იქცეოდეს, ამტვრევდეს მებელს“.
სწორია: „საკუთარ სახლი შედიოდეს და ასე იქცეოდეს, ავეჯს ამტვრევდეს“.
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე: „ვერ მოხერხდა საკმარისი ხმების მობილიზება ამ გადაწყვეტილების გარშემო“.
სწორია: „ვერ მოხერხდა საკმარისი ხმების მობილიზება ამ გადაწყვეტილების მისაღებად“.
შენიშვნა: უფრო მარტივადაც შეიძლება: „ხმები არ ეყო“.
„მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად“.
სწორია: „მაშინ ჩვენ შევძლებთ, მაისიდან ეტაპობრივად გავაუქმოთ საგანგებო ზომები (ან შეზღუდვები)“.
ეკა ბესელია, დეპუტატი: „ასეთი უკულტურობა ძალიან უხერხულად აისახება იმ ადამიანებზე“.
სწორია: „უხერხულია მათგან ასეთი უკულტურობა“.
„ქალბატონო ჩიორა, წამების ფაქტებს, როცა ჩადიოდით, ხმა მაშინ ამოგეღოთ“.
სწორია: „ქალბატონო ჩიორა, როცა აწამებდით, ხმა მაშინ ამოგეღოთ“.
„დაწყნარდით მაგ თემაზე“!
ელენე ხოშტარია, დეპუტატი: „ძალიან გთხოვთ პატივისცემით მიეპყროთ პარლამენტს და პარლამენტის წევრებს და მითითებებს ნუ გაგვიკეთებთ, რა ფორმით და რა ტონით ავირჩევთ თქვენთან დისკუსიას. პარლამენტში იმყოფებით და ეს თავისუფლება არის ნამდვილად ჩვენი“.
სწორია: „ძალიან გთხოვთ, პატივისცემით მოეპყროთ პარლამენტს და ნუ მიგვითითებთ, რა ფორმით და რა ტონით ავირჩიოთ თქვენთან დისკუსია. პარლამენტში იმყოფებით და ეს ნამდვილად არის ჩვენი უფლება“.
გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად პირადი შეურაცხყოფები მიაყენა იმ ადამიანებს“.
სწორია: „მან მათ შეურაცხყოფა მიაყენა“.
შენიშვნა: პირადი შეურაცხყოფა დასაბუთებული ვერ იქნება.
მამუკა ხაზარაძე, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე: „პროპორციული არჩევნების სისტემა [საშუალებას] მისცემს ძალიან ბევრ ახალგაზრდა, ახლადწარმოშობილ ადამიანებს...“
სწორია: „პროპორციული არჩევნების სისტემა [საშუალებას] მისცემს ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც ახლა გამოდის ასპარეზზე...“
ანრი ოხანაშვილი, დეპუტატი: „ძალიან სამარცხვინო ქმედება განახორციელეს“.
სწორია: „ძალიან სამარცხვინოდ მოიქცნენ“.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: „მომეცით შესაძლებლობა შევიდე დებატებში პატივცემულ დეპუტატებთან“.
სწორია: „მომეცით შესაძლებლობა დებატები მქონდეს (წამოვიწყო) პატივცემულ დეპუტატებთან“.
შენიშვნა: დებატები ოთახი არ არის, იქ ვერ შეხვალ.
ვატო შაქარაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი: „მერს, ფაქტობრივად, შეურაცხყოფები მიაყენა და მას წამოუდგა ფეხზე“.
სწორია: „ფაქტობრივად, შეურაცხყო მერი და მისკენ გაიწია“.
შენიშვნა: ვინმეს ფეხზე წამოუდგებიან პატივისცემის ნიშნად.
დავით ლორთქიფანიძე, პარლამენტის წევრი: „თქვენ გარდაცვლილი ადამიანების პატივსაგებად ფეხზეც არ წამოდექით“.
სწორია: „თქვენ ფეხზეც არ წამოდექით გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად“.