ახლა კი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტებს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა.
რუსეთის ყველა მსხვილი ტელევიზია ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოკვლით დაემუქრა.
“ყველას, ვინც დასავლეთის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, შეიძლება დაემართოს ის, რაც დაემართა [სლოვაკეთის პრემიერ რობერტ] ფიცოს,” ამბობს რუსეთის პირველი არხის წამყვანი 24 მაისის დილის გადაცემის ეთერში.
“[საქართველოს] პრემიერის თქმით, ქართველი ხალხი უცხოელის პოლიტიკოსების შანტაჟს უკვე მიეჩვია” - ჰყვება “რასია 24-ის” წამყვანი.
უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე რობერტ ფიცო 16 მაისს სამი ტყვიით დაჭრეს.
კრემლის პროპაგანდა კი მაშინვე ალაპარაკდა, რომ მისი თავიდან მოშორება დასავლეთმა სცადა. მაგალითად, ჯერ კიდევ 18 მაისს, რუსი სენატორი ვლადიმირ ჯავაროვი ამბობდა, არ გამოვრიცხავ სხვა ევროპელ ლიდერებზე თავდასხმებსო.
ფიცოზე თავდასხმიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე კი ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვინმე “ევროკომისარმა” აგენტების კანონზე ლაპარაკისას გააფრთხილდა, „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”.
ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ მალევე განმარტა, რომ კობახიძემ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯა და ფიცოზე თავდასხმა პოლიტიკური პოლირაზიციის საფრთხეებზე საუბრისას ახსენა.
მაგრამ ვარჰეის განმარტება რუსული ტელევიზიის ახალ ამბებში ვერ მოხვდა.
საქართველოს არ სურს რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნა და ახლა მათ პრემიერ-მინისტრს მოკვლით ემუქრებიან. აშშ-მა და ევროკავშირმა “უარი თქვეს ზრდილობის ნატამალზეც კი და ხელისუფლებას ღიად აშანტაჟებენ” - ამბობს კრემლის ერთგული პოლიტოლოგი დმიტრი სუსლოვი ტელეკომპანია “ტევე ცენტრის” ეთერში.
საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან უკრაინასა და მოლდოვაზე “გაცილებით ახლოსაა”, მაგრამ ახლა კანდიდატის სტატუსის გაწვევით ემუქრებიან რადგან მისი სუვერენულ პოლიტიკა არ მოსწონთ - ამატებს ის.
დასავლეთის “ტერორი”
კობახიძის ბრალდებებს განიხილავენ ტელეგრამშიც.
“დასავლეთის ქვეყნები იქცევიან ანტიდემოკრატიულ კრიმინალურ სტრუქტურებად, რომლებიც ტერორის მეთოდებს იყენებენ,” - წერს “კოლექტიური დასავლეთის” სტაჟიანი მაგინებელი, პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი.
რუსეთმა უნდა გასცეს პასუხი დასავლეთს კობახიძის გამო, “ნუთუ ამის რესურსი და შესაძლებლობა არ გვაქვს?” - წერს ანდრეი რუდენკო, სახელმწიფო ტელევიზიის ე.წ. სამხედრო კორესპონდენტი.
სამხედრო ბლოგერი ბორის როჟინი კი ამტკიცებს, კობახიძეს თუ მოკლავენ, გასაგები იქნება, რომ დამკვეთები ევროკავშირის შტაბ-ბინაში სხედანო.
საფრთხე რეალურია, მაგრამ რუსეთი არ უნდა ჩაერიოს, წერს პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის ყოფილი ფასადური კანდიდატი, ლეონიდ სლუცკი.
მართლაც. მხურვალე გულშემატკივრობის მიუხედავად, ბოლო ორი თვის მანძილზე, არც ე.წ. “მოლაპარაკე თავებს” და არც კრემლის წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ “ქართული ოცნების” შესაძლო დახმარებაზე.
"საქართველოს ჯერია"
რუსეთს ჩარევა არ სჭირდება, ყველაფერი ისედაც მისი სცენარით მიდის. ამ სულისკვეთებით განიხილავენ პროპაგანდისტები საქართველოსთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამბავს - აშშ-ის მიერ ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას.
სანქციები გულისხმობს “ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც”.
“მეგობრობა დასრულდა” - იუწყება 24 მაისს ტელეკომპანია ენტევე ენტონი ბლინკენის მიერ “ქართული ოცნებისთვის” დაწესებულ სანქციებზე.
“აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა კანონი არ ამოქმედდეს. არადა ამერიკაში მსგავსი წესები დიდი ხანია მოქეედებს და ისინი გაცილებით მკაცრია” - იმეორებს წამყვანი “ქართული ოცნების” კიდევ ერთ თეზისს.
“ყოჩაღ. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას ამყარებენ” - წერს ე.წ. სამხედრო ბლოგერი, კირილ ფიოდოროვი.
დასავლეთი სხვა სანქციებსაც დააწესებს და ამრიგად, საქართველო რუსეთის გზას იმეორებს, ამტკიცებს ბრიფი, მსხვილი პროკრემლისტური ტელეგრამ-არხი.
“ორი წლის წინ ყველა რუსი გამოაცხადეს დამნაშავეებად [უკრაინაში შეჭრის გამო]. ახლა ქართველების ჯერია”.
გაკვეთილი მოსკოვს
კრემლის კონტროლირებადი მედიაც სულ უფრო ხშირად ავლებს პარალელს რუსეთსა და საქართველოს შორის.
“საქართველოში დასავლური ენჯეობის აჯანყებაა და ამიერკავკასიის ბედი წყდება” - თქვა კრემლის პროპაგანდისტმა სერგეი კარნაუხოვმა მის საავტორო გადაცემაში 21 მაისს.
თავის სტუმართან, პოლიტოლოგ ევგენი სემიბრატოვთან ერთად, იგი “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებსა და დასავლეთის რეაქციას განიხილავდა.
სტუმარმა თქვა, რომ რუსეთმა 12 წლის წინ დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, “უცხოეთის აგენტები” მაინც გამოააშკარავა. თუმცა საქართველოში ამის გაკეთება უფრო რთულია.
რატომ? “უბრალოდ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ენჯეოა, [ვიდრე რუსეთში 2012 წელს]” - თქვა ევგენი სემირბატოვმა.
მან დაამატა, რომ მოსკოვს შეუძლია საქართველოს მაგალითზე ისწავლოს და “სააერთოდ აკრძალოს მტრული ქვეყნების დაფინანსებული ორგანიზაციების მუშაობა”.
“ქართული ოცნება” ქებას კი იმსახურებს, თუმცა “პრორუსული” ნამდვილად არაა.
“როდესაც ჩრდილოელი მეზობელი გყავს, რომელზეც შენი საგარეო ვაჭრობის ლამის 80%-ია მიბმული, მიდიხარ დასკვნამდე, რომ მასთან რაღაც კონტაქტები მაინც უნდა გქონდეს,” - დასძინა პროპაგანდისტის სტუმარმა.
24 მაისს, დღის ბოლოს კობახიძის ბრალდებებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა.
"ევროკომისრები ბევრნი არიან, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს ლაპარაკობენ,“ - თქვა ბელარუსში სტურმად მყოფმა პუტინმა.
ფორუმი