Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბირთვული ბუჩა - აი, რას ეცდება პუტინი” - გენერალი რაიანი უკრაინის ომის აპოკალიფსურ სცენარებზე


ამერიკელი გენერალი, ჰარვარდის კენედის სკოლის მკვლევარი, კევინ რაიანი
ამერიკელი გენერალი, ჰარვარდის კენედის სკოლის მკვლევარი, კევინ რაიანი

„მოსკოვში სხვადასხვა სამიზნეს განიხილავენ. შესაძლოა, არჩევანი შეაჩერონ მშვიდობიან მოსახლეობაზე და განუზომელი განადგურება და სიკვდილი დაატეხონ მათ თავს, ჰიროშიმა 2-ის სცენარით. შესაძლოა სამხედრო ფორმირებები ამოიღონ მიზანში - ამ შემთხვევაში დაიცდიან, სანამ უკრაინული კონტრიერიშის კონტურები გამოიკვეთება, და როდესაც დაინახავენ, თუ სად მოიყარეს თავი უკრაინულმა დანაყოფებმა, ტაქტიკური ბირთვული გასროლით შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი მათგანი გაანადგურონ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ამერიკელი გენერალი, ჰარვარდის კენედის სკოლის მკვლევარი, კევინ რაიანი. ვაჟა თავბერიძემ გადამდგარ გენერალთან საუბარი კახოვკის კაშხლის აფეთქების შეფასებით დაიწყო.

რადიო თავისუფლება: კახოვკის კაშხალი აღარ არსებობს - თუმცა ისევ რჩება კითხვები, რატომ - და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი რუსეთის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ამ პასუხგაუცემელი კითხვების ფონზე, როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებში [უფრო] შედიოდა კაშხლის აფეთქება?

გენერალი კევინ რაიანი: ვფიქრობ, აფეთქება, ყოველ შემთხვევაში, ამ მასშტაბის, არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედიოდა. ეს, თავისთავად ცხადია, ხელს არ აძლევს უკრაინას. მაგრამ ასევე მაინცდამაინც სახარბიელო სურათს არ ხატავს რუსეთისთვისაც - თუ აღმოჩნდება, რომ კაშხალი მართლაც რუსებმა ააფეთქეს, მაშინ ეს ერთ რამეზე მიანიშნებს: რომ რუსეთს და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას არ ჰქონდათ დიდი იმედი, რომ ამ მიმართულებით [ხერსონის რეგიონი - რ.თ.] უკრაინის კონტრიერიშს გაუძლებდნენ. არადა, გასული წლის ზაფხულიდან ამზადებდნენ ამ ეშელონური თავდაცვის ხაზებს. ლოგიკურად, მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ამ პერიმეტრის დატბორვას მხოლოდ მაშინ გადავწყვეტდი, თუ ა) ვნახე, რომ უკრაინელები მართლაც ამ მიმართულებით მოდიან იერიშზე და ბ (და მთავარი) - ვხედავ, რომ ჩემი თავდაცვის ხაზები მათი იერიშის შეკავებას ვერ შეძლებენ. ასე რომ, თუ ეს რუსებმა ჩაიდინეს, ესე იგი, ჩათვალეს, რომ სხვა აღარაფერი დარჩენოდათ.

რადიო თავისუფლება: როგორი გავლენა ექნება ამ ყველაფერს ბრძოლის ველზე, განსაკუთრებით კი უკრაინის კონტრიერიშზე?

რაიანი: სერიოზული მასშტაბის დატბორვა მოხდა, განსაკუთრებით დნეპრის ნაპირებზე, რაც შეუძლებელს ხდის მდინარის გადაკვეთას დიდი სამხედრო დანაყოფისთვის - თუ უკრაინელები ამას გეგმავდნენ, მათ მოუწევთ ერთი კვირა ან მეტი დაიცადონ. ერთი კვირის მერეც, ნიადაგი შლამიანი იქნება, რაც ამ რეგიონში სამხედრო მანევრირებას გაართულებს.

თუ [უკრაინელებს] რამე ჰქონდათ დაგეგმილი ამ რეგიონში, მოუწევთ გადადონ და დაიცადონ.

რადიო თავისუფლება: და აი, რაც ახლა თქვით, სწორედ ეს მოაქვთ ერთ-ერთ არგუმენტად, თუ რატომ აწყობდათ რუსებს კაშხლის აფეთქება. ყირიმზე გასასვლელი მოკლე გზა ჩაიხერგა - უკრაინელები ვეღარ შეუტევენ ხერსონის მიმართულებით. ფრონტის ხაზი დამოკლდა, რუსებს კი შეუძლიათ, მანამდე აქ დაკავებული ძალები ახლა აღმოსავლეთ ფლანგის გასამაგრებლად გადაისროლონ. სწორია ასეთი ინტერპრეტაცია?

რაიანი: დიახ - ეს სწორად წაკითხული სურათია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამჟამად არსებული სამი სცენარიდან, ყველაზე სავარაუდო სწორედ ისაა, რომ კაშხალი რუსებმა ააფეთქეს, რადგან როგორც ტექნიკური, ასევე სამხედრო გადმოსახედიდან ეს ყველაფერი უფრო მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მეორე მხრივ, გავრცელებული ვიდეომასალით თუ ვიმსჯელებთ, წყალი მათ პოზიციებსაც გადაუვლის და მიჭირს წარმოდგენა, როგორ შეძლებენ თავიანთი სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილის გადარჩენას. შესაბამისად, ისინი დანიშნულ ფუნქციებს ვერ შეასრულებენ, მოუწევთ ხალხი გამოიყვანონ, ამ გამოსვლის პერიოდში კი ძალიან დაუცველები იქნებიან, ფაქტობრივად, ღია სამიზნეებად იქცევიან უკრაინელებისთვის. მაგრამ ვშიშობ, რომ ეს არ იძლევა ზედმეტი ოპტიმიზმის საფუძველს - ეს არ ნიშნავს, რომ ხერსონი დაუცველია - რუსული თავდაცვის ხაზები ხერსონში სიღრმისეულია, მთელ რეგიონს მოიცავს, ასე რომ, დატბორვის პერიმეტრის მიღმაც საკმარისი თავდაცვითი ხაზებია დარჩენილი, სადამდეც წყალი ვერ მიწვდება და რუსები ამ ხაზებს გაამაგრებენ.

რადიო თავისუფლება: ანუ, მიუხედავად იმისა, რუსეთმა ჩაიდინა თუ არა ეს, ერთი რამ ცხადია: ეს უკრაინის კონტრიერიშს შეაფერხებს, რუსები კი დროს მოიგებენ..

რაიანი: ცალსახად. ეს დატბორვა გადაავადებს უკრაინული არმიის ნებისმიერ მნიშვნელოვან ოპერაციას ან გადაადგილებას რეგიონში. ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ უკრაინელებმა წინასწარ განჭვრიტეს სცენარის ასეთი განვითარება და მათი მთავარი იერიშის სამიზნე ეს არეალი არ იყო, მაგრამ მაინც - თუ რამე ჰქონდათ დაგეგმილი ამ რეგიონში, მოუწევთ გადადონ და დაიცადონ.

რადიო თავისუფლება: ცალკე დებატის საგნად იქცა ყირიმისთვის წყლის მიწოდების თემაც. ერთი მიდგომის თანახმად, რუსეთმა ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა - ყირიმს მტკნარი წყლის მიწოდების მწვავე პრობლემა შეექმნება, რადგან ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილის წყლით მომარაგებას სწორედ ნოვა კახოვკის ელექტროსადგური უზრუნველყოფდა. მეორე მხარე, ძირითადად რუსები, აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერია, რომ ისინი კარგა ხანია აღარ არიან დამოკიდებულნი კახოვკაზე - რომ რუსეთი უკანასკნელი 8 წელია, თავს ართმევს ყირიმის წყლით მომარაგებას და ასეც გაგრძელდება.

რაიანი: კაშხლის აფეთქება უფრო სერიოზულ პრობლემას ქმნის წყლის მიწოდების კუთხით, ვიდრე მანამდე გვქონდა, როდესაც უკრაინელები აკონტროლებდნენ ტერიტორიას და არხი გადაკეტეს, რათა ყირიმი მტკნარი წყლის გარეშე დარჩენილიყო. და მაინც, რუსეთმა წლების განმავლობაში მოახერხა ამ პრობლემისთვის თავის გართმევა და ვფიქრობ, ამჯერადაც მოახერხებენ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის მანძილზე მაინც.

ზაპორიჟიეს სადგურის დაზიანება გამოიწვევს ჩერნობილის მსგავს კატასტროფას, ოღონდ ბევრად უარესს... ორჯერ ან სამჯერ უარესი შედეგებით - ამჯერად კატასტროფის მასშტაბი ბევრად უფრო დიდი იქნება.

რადიო თავისუფლება: ზაპორიჟიეს ატომურ სადგურთან დაკავშირებით რამდენად გვაქვს შეშფოთების საფუძველი? საგანგაშო ცნობები იყო გამაგრილებელი წყლის დეფიციტთან დაკავშირებით, რაც სადგურს კახოვკის დამბიდან მიეწოდებოდა.

რაიანი: ზაპორიჟიეს ბირთვული სადგური უკვე კარგა ხანია იქცა თავისტკივილად მთელი ევროპისათვის: მისი დაზიანება, იქნება ეს შემთხვევითი თუ წინასწარი განზრახვით, გამოიწვევს ჩერნობილის მსგავს კატასტროფას, ოღონდ ბევრად უარესს, რადგან ზაპორიჟიეს სადგური ჩერნობილისაზე გაცილებით დიდია. ეს რჩება იარაღად, რომელიც რუსეთმა შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, და ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ იქნებიან არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ყველა, ვისკენაც ქარი ქვემოთ წაიღებს რადიაციას. ალბათ გახსოვთ, რომ ჩერნობილის შემდეგ ბევრი ადამიანი ევროპის სხვადასხვა ადგილას ამბობდა, და ზოგ შემთხვევაში მართლაც აღმოჩნდა, რომ განუვითარდათ სიმსივნეები ბირთვული კატასტროფის შედეგად წარმოქმნილი რადიაციისგან. იგივე შეიძლება განმეორდეს აქაც, ოღონდ ორჯერ ან სამჯერ უარესი შედეგებით - ამჯერად კატასტროფის მასშტაბი ბევრად უფრო დიდი იქნება.

რადიო თავისუფლება: რამდენად დიდია შანსი, რომ მოსკოვი კახოვკის ამ ინციდენტს ერთგვარი ექსპერიმენტივით დააკვირდება - თუ ნახავს, რომ ამან უკრაინას უკან დაახევინა, რომ უკრაინის ჯარებსა და მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნათ... მოკლედ, თუ ნახავს, რომ ეს „მუშაობს“, შეიძლება თუ არა კიდევ უფრო შორს წავიდეს და ამჟამად ზაპორიჟიეს სადგური ამოიღოს მიზანში?

რაიანი: ვერ ვიტყოდი, რომ აქ მიზეზშედეგობრიობას ვხედავ, რომ თუ იქნება ერთი, მაშინ მას მეორეც მოჰყვება. დიახ, ბირთვული კატასტროფა ზაპორიჟიეში, თუ ის უკრაინელ ხალხსა და მთავრობაში პანიკას დათესავს, ანაც უკრაინის ჯარს საევაკუაციო სამუშაოებზე „მიაბამს“, იმის ნაცვლად, რომ რუსულ პოზიციებს შეუტიოს - ასეთი სცენარი რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არ უდრის უკრაინის ჯარის განადგურებას. ეს არ უდრის უკრაინის კონტრიერიშის გაუქმებას - დიახ, ის შეიძლება გადაიდოს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ უკრაინელები ვერ მოახერხებენ რეორგანიზებას და სხვა მიმართულებით შეტევას. უკრაინის გასანეიტრალებლად პუტინს დასჭირდება უშუალოდ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ამას იზამს მაშინ, თუ გააცნობიერებს, რომ კარგავს სახმელეთო ხიდს, კარგავს 22 თებერვლის შემდეგ მოხვეჭილ პროვინციებს და, რაღა თქმა უნდა, თუ კარგავს ყირიმს. თუ საქმე ამაზე მივა, მაშინ ვფიქრობ, რომ პუტინი და მისი სამხედრო საბჭო არჩევს, ბირთვული „უბედური შემთხვევის“ ნაცვლად ბირთვულ დარტყმას მიმართონ. მათ სურთ, ცაში ბირთვული სოკო დაინახონ - ეს შთამბეჭდავი, შთამაგონებელი სურათია. ეს სოკო არა მარტო განუზომელ ტანჯვას, სიკვდილსა და განადგურებას განასახიერებს, ის ასევე არის ერთობ მეტყველი გზავნილი: შემომხედეთ - ბირთვული სუპერძალა ვარ, მე ძალმიძს თავს ჰიროშიმა და ნაგასაკი დაგატეხოთ.

უკრაინის გასანეიტრალებლად პუტინს დასჭირდება უშუალოდ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ამას იზამს მაშინ, თუ გააცნობიერებს, რომ კარგავს სახმელეთო ხიდს, კარგავს 22 თებერვლის შემდეგ მოხვეჭილ პროვინციებს და, რაღა თქმა უნდა, თუ კარგავს ყირიმს.

რადიო თავისუფლება: დასავლელი ექსპერტების და ანალიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა გვარწმუნებს, რომ ამის ალბათობა ძალიან მცირეა. თქვენ, თუ თქვენი ბოლო ესეთი ვიმსჯელებთ, ამ ოპტიმიზმს არ იზიარებთ. რატომ?

რაიანი: მე სულაც არა ვარ პირველი, ვინც ამბობს, რომ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ამას ბევრი ამბობს. მაგრამ შემდეგ სწრაფადვე დასძენენ ხოლმე: დიახ, სერიოზულია, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ეს წინადადების პირველ ნაწილს ძირს უთხრის. რატომღა უნდა აღვიქვა სერიოზულად, თუ ალბათობა ძალიან მცირეა? მე წარმოვადგენ იმ უმცირესობას, ვინც თვლის და ამბობს, რომ ეს არა უბრალოდ სერიოზული საფრთხეა, არამედ, დიდი ალბათობით, მოხდება კიდეც - ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია საგანგაშოა, რომ მოქმედების დროა, რომ მთავრობამ რაიმე უნდა იღონოს. მე ვფიქრობ, რომ როგორც ვაშინგტონში, ასევე ნატოს დიდ დედაქალაქებში ჯეროვნად არ აფასებენ ამ საფრთხეს - არ სჯერათ, რომ პუტინი ამას იზამს, და რადგან არ სჯერათ, არც იმ საკითხზე იმტვრევენ თავს, რა უნდა მოიმოქმედონ, თუ აღმოჩნდა, რომ შეცდნენ და პუტინი არ თვალთმაქცობდა და მართლა წავიდა ამაზე. არაფრის კეთების ფუფუნება აღარ გვაქვს. ჩვენ უკვე უნდა ვიფიქროთ სამედიცინო, ჰუმანიტარული, საჰაერო, სამხედრო მზაობისთვის, რომ ვიმოქმედოთ ბირთვული ბრძოლის ველზე, ეს ყველაფერი გასაკეთებელია და უნდა ვემზადოთ ამისთვის.

რადიო თავისუფლება: ანუ, არ გჯერათ იმ მოარული არგუმენტის, რომლის მიხედვითაც დასავლეთმა შეძლო პუტინის დარწმუნება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მისთვის „კატასტროფული შედეგებით დამთავრდება“, ვიქტორია ნულანდის ციტატა რომ მოვიყვანოთ.

რაიანი: ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე, რასაც ჩვენ, დასავლეთში ვამბობთ ან ვაკეთებთ, გავლენას მოახდენს პუტინის გადაწყვეტილებაზე, გამოიყენოს თუ არა ბირთვული იარაღი. ეს მისი გადაწყვეტილებაა და მან არაერთგზის დაამტკიცა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს მსოფლიოს ლიდერების რჩევების გარეშე [და მიუხედავადაც] იღებს. საკუთარ მთავრობაშიც კი თითზე ჩამოსათვლელი ხალხია, ვისაც პუტინი უსმენს და უჯერებს. არ მგონია, რომ დასავლეთმა რაიმე ისეთი თქვა, ან აჩვენა პუტინს, რაც მას ბირთვული იარაღის გამოყენებას გადააფიქრებინებდა. რას ვუზამთ? ეკონომიკურ სანქციებს დავაკისრებთ? ამან ვერ გადააფიქრებინა მას უკრაინაში შეჭრა. კატასტროფული შედეგების მქონე სამხედრო დარტყმას მივაყენებთ? დასავლეთს ამის ძალა შესწევს, მაგრამ სურვილი არ აქვს, არაა ამისთვის მზად - შეერთებული შტატების მთავრობამ ღიად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ რუს ჯარისკაცებს თავს არ დაესხმება და ამით მესამე მსოფლიო ომს არ გააჩაღებს.

თუ კიდევ გამოიყენებ, ჩვენ ამას და ამას ვიზამთ - მაგ. ომში ჩავერთვებით, ან მართლაც ჩავძირავთ შავი ზღვის ფლოტს, და ა.შ.  

რადიო თავისუფლება: რამდენადაც მახსოვს, შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ იმავე მეთოდით არ უპასუხებდა, სამაგიეროდ გაკეთდა მინიშნებები სავარაუდო პასუხზე - ერთ-ერთი მათგანი იყო, მაგალითად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა.

რაიანი: ვერ დაგეთანხმებით. პრეზიდენტმა ბაიდენმა ღიად, ტელევიზიით განაცხადა, რომ არ შექმნიდა სიტუაციას, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები რუს ჯარისკაცებს ესვრიან და კლავენ. მან თქვა, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა. ის ფრაზა, რაც თქვენ ახსენეთ - შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვის შესახებ - დიახ, ეს რამდენჯერმე გაჟღერდა, მაგრამ არა მოქმედი ოფიციოზისგან - მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამაზე საუბრობდა, იყო თადარიგის გენერალი დევიდ პეტრეუსი. გენერალი პეტრეუსი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობას, და არც მათ მაგივრად საუბრობს, თვითონაც პირველ რიგში ამას გეტყოდათ ალბათ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ვარიანტი მაგიდაზე აღარ დევს შეერთებული შტატებისთვის.

რადიო თავისუფლება: მაშ რა უნდა იღონოს დასავლეთმა, რათა ეს არ მოხდეს?

რაიანი: გულწრფელად გეტყვით, რომ არ მგონია, დასავლეთმა შეძლოს პუტინის შეჩერება, თუკი ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. სხვა საქმეა, რა რეაქცია უნდა გვქონდეს, როდესაც ის ამას გააკეთებს. სხვადასხვა სცენარია: მერე შეგვიძლია, პოზიცია შევცვალოთ და ვთქვათ - ოკეი, შენ ეს მართლა გააკეთე, ბირთვული იარაღი გამოიყენე. თუ კიდევ გამოიყენებ, ჩვენ ამას და ამას ვიზამთ - მაგ. ომში ჩავერთვებით, ან მართლაც ჩავძირავთ შავი ზღვის ფლოტს, და ა.შ.

რადიო თავისუფლება: და ახლა რატომ არ ამბობთ ამას?

რაიანი: მართებული კითხვაა. ის, თუ როგორც ვხედავთ და აღვიქვამთ ამ ომს დღეს, განსხვავდება იმისგან, თუ როგორც აღვიქვამდით ერთი წლის წინ. ძალთა ბალანსი დასავლეთსა და რუსეთს შორის შეიცვალა. ჩვენი პოზიციები და პოლიტიკაც მოერგო ამ ცვლილებებს. ანუ - არ მივსულვართ იმ ცვლილებამდე, რაც მსგავსი პოლიტიკის გატარებას გვაიძულებდა, სადაც ამ სიტყვებს ვიტყოდით.

რადიო თავისუფლება: ანუ, თუ სწორად გაგიგეთ, რეალობა და ნარატივი ერთმანეთს უნდა მოერგოს - ანალოგი რომ მოვიშველიოთ, ბირთვული ბუჩა უნდა მოხდეს, რომ დასავლეთმა პოზიცია შეცვალოს?

რაიანი: ბირთვული ბუჩა? არ მიფიქრია ამაზე, როგორც ანალოგზე, მაგრამ კარგი მაგალითია. და ბირთვული ბუჩა სწორედ ისაა, რასაც პუტინი ეცდება, თუ გადაწყვეტს უკრაინაზე ტაქტიკური ბირთვული დარტყმა განახორციელოს - მისი მიზანი იქნება როგორც უკრაინელების, ასევე დასავლელების დატერორება, მათი იძულება, ომი და წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტონ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმდნენ, რაც ნიშნავს, რომ შერჩება იმ ტერიტორიების უმეტესობა, რაც მიიტაცა. პუტინი თვლის, რომ ეს კარგი შედეგი იქნებოდა ამ ომიდან და ამის გამარჯვებად გასაღება არ გაუჭირდება. მისი ნება რომ იყოს, ასეთ გამარჯვებას სიამოვნებით დაყაბულდებოდა, მაგრამ მისი პრობლემა ისაა, რომ ომს ვერ აჩერებს, რათა ეს გამარჯვება „გაიფორმოს“, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უკრაინელები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ და ბრძოლას აგრძელებენ.

თუ პუტინი გადაწყვეტს და ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაშინ შესაძლოა, ვიხილოთ უნიკალური სცენარი კაცობრიობის ისტორიაში - უკრაინელები არ დანებდებიან და ბრძოლას გააგრძელებენ რადიაციით მოოხრებულ და გაჟღენთილ ბრძოლის ველზე.

რადიო თავისუფლება: თქვენ წერთ: „დღევანდელ ვითარებაში, უკრაინაში ერთმა ბირთვულმა დარტყმამ შეიძლება ჩაახშოს უკრაინის კონტრშეტევა, რუსებისთვის მცირე დანაკარგებით”. აქ ისმის ორი მთავარი კითხვა: როგორ და სად?

რაიანი: მოსკოვში სხვადასხვა სამიზნეს განიხილავენ. შესაძლოა, არჩევანი შეაჩერონ მშვიდობიან მოსახლეობაზე და განუზომელი განადგურება და სიკვდილი დაატეხონ მათ თავს, ჰიროშიმა 2-ის სცენარით. შესაძლოა სამხედრო ფორმირებები ამოიღონ მიზანში - ამ შემთხვევაში დაიცდიან, სანამ უკრაინული კონტრიერიშის კონტურები გამოიკვეთება, და როდესაც დაინახავენ, თუ სად მოიყარეს თავი უკრაინულმა დანაყოფებმა, ტაქტიკური ბირთვული გასროლით შეეცდებიან რაც შეიძლება მეტი მათგანი გაანადგურონ. ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვწერდი, რომ მათ შეუძლიათ შეტევის შეჩერება. არის ერთი დეტალიც: თუ პუტინი გადაწყვეტს და ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაშინ შესაძლოა, ვიხილოთ უნიკალური სცენარი კაცობრიობის ისტორიაში - უკრაინელები არ დანებდებიან და ბრძოლას განაგრძობენ. ბრძოლას განაგრძობენ პერიმეტრზე, სადაც უკვე აფეთქდა ერთი ბირთვული ჭურვი და შეიძლება, კიდევ აფეთქდეს, რადიაციით მოოხრებულ და გაჟღენთილ ბრძოლის ველზე. მსგავსი შემთხვევა ჯერჯერობით ისტორიას არ ახსოვს.

რადიო თავისუფლება: პოსტაპოკალიპტური პეიზაჟია.

რაიანი: დიახ, ასეა. ეს თავზარდამცემი რეალობა იქნება და ვგონებ, ფუჭია ამ რეალობის მთელი სერიოზულობის სიტყვებით გადმოცემის მცდელობა. უბრალოდ არ ვიცით, რა იქნება, იმიტომ რომ ჯერ არასოდეს გვინახავს. იმდენად გვიჭირს ამ რეალობის წარმოდგენა, ამ სცენარზე ფიქრი, რომ ბევრად უფრო მაცდურია, თავს დააჯერო, რომ ეს წარმოუდგენელია, რომ ეს არ მოხდება.

სავალალოა, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო ვერ აკონტროლებს იმას, თუ რას იზამს პუტინი. ჩინეთიც კი.

რადიო თავისუფლება: თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, უკრაინელები კი, როგორც თქვენ ამბობთ, არ დანებდებიან, რა მოხდება შემდეგ? რას მოიმოქმედებს პუტინი - გააგრძელებს ბირთვულ დარტყმებს?

რაიანი: თუ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას, პუტინიც გააგრძელებს ბირთვულ დარტყმებს, თუ ჩათვლის, რომ ესაა ყველაზე მოკლე და ეფექტიანი გზა უკრაინის არმია გაანადგუროს, ან უკრაინა აიძულოს, ომი შეწყვიტოს.

რადიო თავისუფლება: და დანარჩენი მსოფლიო ამ ყველაფრის უფლებას მისცემს?

რაიანი: კიდევ გავიმეორებ - სავალალოა, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო ვერ აკონტროლებს იმას, თუ რას იზამს პუტინი. ჩინეთიც კი - ბევრი ამბობს, რომ აი, ჩინეთმა რუსეთს უთხრა, ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს, რომ ეს მათთვის წითელი ხაზია. ჩინეთმა პუტინს ისიც უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრა მათ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, პუტინი ამან ვერ შეაჩერა. და სი ძინ პინი ლაპარაკობდა კიდეც, რომ თავი უნდა გავანებოთ ბირთვული დარტყმების, ბირთვული საფრთხეების შესახებ რიტორიკას. ისინი ამას ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, პუტინის გასაგონად, თვეების განმავლობაში, მაგრამ ბირთვული მუქარა მაინც გრძელდება. თუ ალტერნატივა ამ ომის წაგება - ზაპორიჟიეს, ხერსონისა და ყირიმის დაკარგვაა, ვფიქრობ, პუტინი ყოყმანს არ დაიწყებს და „გასაკეთებელს გააკეთებს“, რათა ასეთი სცენარი თავიდან აიცილოს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG