Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯენიფერ იგანი, წიგნი - მუსიკალური ალბომი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ამერიკელი მწერალი ქალის, ჯენიფერ იგანის წიგნზე „დაუნდობელ ავაზაკთა სტუმრობა“, რომელმაც 2011 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა. წიგნი თამარ სუხიშვილისეული თარგმანი ახლახან გამოსცა გამომცემლობა „არეტემ“ აშშ საელჩოს დახმარებით. რომანი ძალიან ორიგინალურია, იგი აწყობილია როგორც მუსიკალური ალბომი, ვინილის ფირფიტებზე რომ გამოდიოდა, ორი, А და B მხარე ჰქონდა და თითოეულზე რამდენიმე სიმღერა იყო ჩაწერილი. ამ წიგნშიც ორი მხარეა, А და B და ჩაწერილია ცამეტი ამბავი, რომლებიც ხმის ჩამწერი კომპანიის ხელმძღვანელის, ბენი სალაზარისა და მისი თანაშემწის, საშას ირგვლივ ტრიალებს. ამბები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როდის ხდება, რომელ პირშია დაწერილი და რომელი პერსონაჟის თვალთახედვითაა წარმოდგენილი. მაგალითად, პირველი ამბავი, „ნაპოვნი ნივთები“, რომელშიც საშას, როგორც ახალგაზრდა კლეპტომან ქალს ვეცნობით, „ახლა“ ხდება და მესამე პირშია მოთხრობილი სწორედ საშას თვალსაზრისით; მესამე მოთხრობა, რომელშც კლუბში მოწყობილი შოუა აღწერილი, პირველ პირშია გადმოცემული და მისი მოქმედება წინა საუკუნის 80-იან წლებში ხდება, ხოლო მეთორმეტე ამბავში, მოქმედება ხდება 2020-იან წლებში ხდება და წარმოდგენილია, როგორც საშას 12 წლის გოგონას, ელისონის მიერ შექმნილი PowerPoint-ის პრეზენტაცია. როგორ დადგა კლეპტომანისგან კარგი დედა, რა მოუვიდა ყოფილ თინეიჯერ ვარსკვლავს, როგორ დაიღუპა საშას ბოიფრენდი თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, როგორ ხედავს როკ მუსიკას ასპერგერის სინდრომით დაავადებული ბავშვი, რა არის დავაჟკაცება და რა არის დაბერება — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG