Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2018 წლის მაისიდან დღემდე საქართველოს წყლებში 33 ადამიანი დაიხრჩო


არასამთავრობოთა აქცია, რუსთავის დაჭაობებულ, ხელოვნურ ტბასთან
არასამთავრობოთა აქცია, რუსთავის დაჭაობებულ, ხელოვნურ ტბასთან

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 9 ოქტომბერს რუსთავის გარეუბანში, ხელოვნურ და დაჭაობებულ ტბასთან, სადაც ბოლო წლებში სამი ადამიანი დაიხრჩო, მოაწყვეს აქცია „იცურე მშვიდად“.

„საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, თუმცა ძალიან ბევრი სახიფათო ადგილია. ჩვენი კამპანია გასცდა თბილისის საზღვრებს. გადავინაცვლეთ რეგიონებში. ვიყავით ბათუმში. ახლა აქ, რუსთავში, ვართ, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილზე, სადაც ადამიანები იხრჩობიან იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ მიმართავს ქმედით ღონისძიებებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე ალეკო ცქიტიშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა.

კამპანია „იცურე მშვიდად“ მიმდინარე წლის 16 ივლისიდან დაიწყო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, „პროგრესის ცენტრისა“ და CENN-ის ინიციატივით, რომელსაც შეუერთდნენ სხვა ორგანიზაციებიც. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა, ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს წყლის ობიექტებთან მიმართებით, სადაც მომატებულია ადამიანების დახრჩობის რისკი, ადამიანების დახრჩობისა საქართველოში.

ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

„აქ [ხელოვნურ ტბაში] გასულ წელს 8 წლის ბავშვი დაიხრჩო - წყალმცენარეებში გაიხლართა, ძმამ ვერ შეძლო მისი დახმარება და ამოყვანა. ამ ადგილას, სადაც აქციას ვმართავთ, დადგმულია ბანაობის ამკრძალველი ნიშანი, მაგრამ აქედან ორ მეტრში არის მიცვალებულის პატივსაცემად აღმართული ჯვარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, ბანერების აღმართვა საკმარისი არ არის. აუცილებელია ბარიერების მოწყობა ასეთ საშიშ ადგილებში, რათა ბავშვებისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არ იყოს ტბა შეღწევადი“, განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

მისივე ცნობით, რუსთავის ხელოვნურ ტბაში ბოლო ტრაგედიის შემდეგ მაინც ბანაობენ ბავშვები, თევზაობენ ადამიანები. გარდა ამისა, არის ანტისანიტარია, რადგან აქ ცხვრის გადასარეკი ტრასაა.

„როგორც ჩანს, ეს ცხვრები წყალსაცავს აბინძურებენ იმგვარად, რომ სანიტარიული თვალსაზრისითაც არ არის მიზანშეწონილი მასში ბანაობა, დასახურია ეს სიკვდილის ზონა“, დასძინა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა.

რუსთავის მუნიციპალიტეტმა ამ კონკრეტულ ადგილას უნდა უზრუნველყოს დიდი ზომის ჯებირების განთავსება, რათა მოსახლეობას საშუალება არ ჰქონდეს შიგნით შეღწევის.
ლაშა ანაკიძე

ამასთან, ალეკო ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფალთ ევალებათ საშიში ობიექტების დაცვა. თუკი შესაძლებელია, უნდა გაიწმინდოს წყალსაცავი, დაიტვირთოს ფუნქციით, თუნდაც სარეკრეაციო ზონის მინიჭებით.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ კოორდინატორმა ლაშა ანაკიძემ, რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი ადგილობრივ ხელისუფლებებს ავალდებულებს, შექმნან უსაფრთხო გარემო, რაც გულისხმობს საშიში ზონების დიდი ჯებირებით შემოღობვას და დიდი ზომის გამაფრთხილებელი აბრების დადგმას.

გარდა ამისა, ლაშა ანაკიძის თქმით, „ტბებისა და წყლების შესახებ“ კანონის თანახმად, ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ, რომელი ზონაა ბანაობისთვის უსაფრთხო ან საშიში.

„რუსთავის მუნიციპალიტეტმა ამ კონკრეტულ ადგილას უნდა უზრუნველყოს დიდი ზომის ჯებირების განთავსება, რათა მოსახლეობას საშუალება არ ჰქონდეს შიგნით შეღწევის“, თქვა „პროგრესის ცენტრის“ კოორდინატორმა.

ლაშა ანაკიძის ინფორმაციით, 2005 წლიდან 2007 წლამდე საქართველოს წყლებში 345 ადამიანი დაიხრჩო, ხოლო 2018 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით - 33 ადამიანი.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG