Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ნაბიჯს პოლიტიკას უკავშირებს


ვაჟა გაფრინდაშვილი
ვაჟა გაფრინდაშვილი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად „საზღვარზე მომხდარ პროვოკაციას უკავშირებს საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს“.

„ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ასევე ოფიციალური თბილისის მცდელობები, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილით ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები და საკუთარი შიდა რეიტინგის გასაუმჯობესებლად ზეწოლა მოახდინონ რესპუბლიკის ხელისუფლებაზე, უპერსპექტივოა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს, 21 ნოემბერს, გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომიტეტის მტკიცებით, მათ ხელთ აქვთ ცნობები და „ობიექტური კონტროლის მონაცემები“, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევა იყო „კარგად მომზადებული და წინასწარ დაგეგმილი“.

გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვებისთვის პარტიული კუთვნილების შესახებ და განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მომხრეა, საზღვრის დარღვევას განიხილავს საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების კანინიერი უფლების განხორციელებად...
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი


დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ნოემბრის დასაწყისში ვაჟა გაფრინდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ბალტიის ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთში, და 4 ნოემბერს დაბრუნდა თბილისში, სადაც 5-8 ნოემბერს პაციენტებს იღებდა კლინიკა „მედიქლაბ-ჯორჯიაში“.

ამავე განცხადების მიხედვით, 6 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 21 ათასი ლარი, ხოლო 8 ნოემბერს რამდენიმე პაციენტს სატელეფონო საუბრისას აცნობა, რომ შაბათ-კვირას თბილისში არ იქნება და მიღებას ორშაბათს, 11 ნოემბერს, განაახლებს. ე.წ. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა სამი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერიც.

ამავე განცხადების მიხედვით, 9 ნოემბერს, დილის 10 საათზე, ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისში რესტორან „ვენდისთან“ შეხვდა თავის კოლეგა ირაკლი კარტოზიას და მასთან ერთად ტაქსით გაემგზავრა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსკენ, საიდანაც უკვე ე.წ. საზღვარი გადაკვეთა „ლენინგორის რაიონის“ სოფელ მონასტერთან და ამის შესახებ ტელეფონით აცნობა კარტოზიას.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილი მალევე დააკავეს. დაკითხვის დროს მან თქვა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან მონასტრის ეკლესიაში მისვლა სურდა, თუმცა თავისი რელიგიური შეხედულებები და მრწამსი გასაგებად ვერ განმარტა: „ასევე, გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვებისთვის პარტიული კუთვნილების შესახებ და განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მომხრეა, საზღვრის დარღვევას განიხილავს საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების კანონიერი უფლების განხორციელებად, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს - ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლებას იტოვებს აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი „ამ ფაქტებისა და გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით ქართულ და დასავლურ მედიაში გაჩაღებული ისტერიის გათვალისწინებით, პროვოკაციას პირდაპირ უკავშირებს საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს“.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის 9 ნოემბერს დააკავეს, თბილისში საპროტესტო აქციები კი 14 ნოემბერს დაიწყო.

სავარაუდოდ, დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ვაჟა გაფრინდაშვილის ტელეფონის ესემესებიდან შეაკოწიწა საბანკო გადარიცხვის შესახებ ცნობები, ხოლო სატელეფონო საუბრებიც იმავე ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციიდან ამოიღო. საქართველოში ბევრ მომხმარებელს უყენია სმარტფონში ზარების ჩაწერის პროგრამა, დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა კი ეს ჩანაწერები ვითომ რაიმეს მტკიცებულებად ინტერნეტში გაავრცელა. ამ ჩანაწერებში ექიმი პაციენტებს ესაუბრება და საკუთარ საქმეებს განიხილავს. არსად იკვეთება მისი პოლიტიკური მიზნები ან შეხედულებები. ამავე აზრს გვიაზიარებს ექიმის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერსაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

ამ განცხადებაში ვაჟა გაფრინდაშვილის და სხვა მოქალაქეების მიერ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გახშირებული შემთხვევები“ მოხსენიებული იყო, როგორც „ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტები, რაც მიმართულია ცნების „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“ განადგურებისა და 2008 წლის აგვისტოს მთავარი პოლიტიკური შედეგების რევიზიისკენ“.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ამ უწყებიდან მიღებული კომენტარის თანახმად, „საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო კი 21 ნოემბრის დილიდან გვატყობინებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება. მისი მონათხრობიდან ვიგებთ, რომ ბიბილოვის ხელისუფლება უკვე ეძებს გათავისუფლებისთვის შესაბამის საფუძველს...


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და პროცესში ჩართული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები.

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას მორიგ დეზინფორმაციად მიიჩნევენ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახში. დაკავებულის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის, თქმით, გაფრინდაშვილს ვერაფერს უმტკიცებენ და მიმდინარეობს საქმის შეკერვა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო კი 21 ნოემბრის დილიდან გვატყობინებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება. მისი მონათხრობიდან ვიგებთ, რომ ბიბილოვის ხელისუფლება უკვე ეძებს გათავისუფლებისთვის შესაბამის საფუძველს, რადგან საერთაშორისო რეაქცია ყოველდღიურად ძლიერდება და ბიბილოვი უკვე სახის შენარჩუნებას ცდილობს. წყაროს აზრით, ეს შეიძლება იყოს ბიბილოვის კეთილი ნება, გაათავისუფლოს ვითომ დამნაშავე ექიმი. ასეთ პრაქტიკას დე ფაქტო ხელისუფლება წინა წლებშიც მიმართავდა ხოლმე, მაგალითად, ეგრეთ წოდებული საზღვრის დამრღვევი არასრულწლოვანი პირებისა და ქალების მიმართ, როცა მათ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადასცემდნენ, დე ფაქტო პრეზიდენტის ჰუმანურობისა და კეთილი ნების გამოვლინების დასტურად. ასე იყო, როცა აგვისტოს ომიდან მალევე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ტომას ჰამარბერგს, ტირძნისელი მოზარდები გადასცეს, რომლებიც ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით რამდენიმე დღით ცხინვალის იზოლატორში ჰყავდათ დაკავებული.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან, საოკუპაციო ხაზთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

XS
SM
MD
LG