Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფორმალური და არაფორმალური კავშირები ექიმის გასათავისუფლებლად. ამბები ცხინვალიდან


ერგნეთი
ერგნეთი

„- თემურ, ახლა აქეთ, საზოგადოებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ბედი აღელვებს. ყველა ამ საკითხზე წერს და კითხვები აქვს. მანდ, ცხინვალში რას ამბობენ, რა ინფორმაცია ვრცელდება?

- გოგა, ოფიციალურად არავინ არაფერს მპასუხობს. ჩემი არხებით დავადგინე, რომ კარგადაა, დანამდვილებით გეუბნები, რომ კარგადაა, სანერვიულო არაფერია. სხვა დეტალები ჯერ არ ვიცი, გავარკვევ აუცილებლად!“ - ეს საუბარი ცხინვალელ სამოქალაქო აქტივისტსა და რედაქტორთან, თემურ ცხურბათთან, 15 ნოემბრის საღამოს გაიმართა. უკვე ცნობილი იყო, რომ ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ე.წ. საზღვრის გამიზნულად დარღვევის ბრალდებით.

ვაჟა გაფრინდაშვილი
ვაჟა გაფრინდაშვილი

რადიო თავისუფლება ცხინვალში სხვა წყაროებსაც დაუკავშირდა. ამოქმედდა არაფორმალური კავშირები ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის მონაწილეებს შორის. ჩვენი წყარო ცხინვალიდან გვატყობინებს, რომ ადგილობრივ ეკლესიაში არის მონაზონი, რომელსაც ცხინვალის ციხეში შესვლის და პატიმრების მონახულების უფლება აქვს. სწორედ ამ მონაზონთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ პატიმრობაში მყოფ ექიმს პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები მიაწოდოს.

„ისიც ვიცით, რომ ექიმი იმ ტანსაცმლით არის, რომლითაც დააკავეს. ჯერ არ ვიცით, ტანსაცმლით დახმარებას თუ შევძლებთ, მაგრამ იმას მივაღწევთ, რომ პირველი საჭიროების ნივთები გადავცეთ“, - გვეუბნება წყარო ცხინვალიდან, რომელიც უკვე კონტაქტზეა ქართველ კოლეგებთან, იმ სამოქალაქო აქტივისტებთან, რომლებთანაც წარსული აკავშირებს.

დაკავებულის ოჯახმა რამდენიმე დღის წინ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც მიმართა. თუმცა, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ცხინვალში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს პატიმარი ჯერ არ მოუნახულებიათ. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს დაკავებულთან გადასაცემი წერილი და სხვა ნივთებიც დაუტოვა, თუმცა ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცხინვალში მუშაობს, ჯერჯერობით საპატიმროში არ შეუშვიათ. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გარდა, საქმეში ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები და სამედიცინო სფეროს საერთაშორისო ასოციაციებიც ერთვებიან. გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ სახელმწიფო მას ამ საქმეში ცნობილი სპორტსმენების ჩართვასაც ჰპირდება.

უკვე ცნობილი პრაქტიკაა, რომ ოფიციალურ მოლაპარაკებებზე არანაკლებ ეფექტიანად, ასეთ დროს, არაფორმალური კავშირები მუშაობს ხოლმე. ამის მაგალითია მაია ოთინაშვილის საქმე, რომელიც ცხინვალის ციხეში 11 დღე იჯდა და მასაც წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მაია ოთინაშვილის საქმეში მაშინ მოჭიდავეები ჩაერთვნენ და მის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშეს. ქართველი სპორტსმენები მაშინ ცხინვალელ კოლეგებს დაუკავშირდნენ, იქ კი დიდი გავლენით სარგებლობს რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძამბოლათ თედეევი (მეტსახელი ძიკი). თედეევს კარგი კავშირები აქვს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასა და ქართველ მოჭიდავეებთან, ამიტომ ასეთი შემთხვევების დროს ეს კონტაქტებიც ამუშავდება ხოლმე. გათავისუფლების შემდეგ მაია ოთინაშვილმა გვიამბო, რომ სასამართლოში გადასახდელი ფულიც ცხინვალელმა სპორტსმენებმა გადაიხადეს და დაკავებიდან 4 დღის შემდეგ, როგორც კი ოსი მოჭიდავეები საქმეში ჩაერთვნენ, მისი საპატიმრო პირობები და მისდამი მოპყრობაც გაუმჯობესდა. ნესტიანი პირველი სართულიდან ის მეოთხეზე აიყვანეს და ორთვიანი პატიმრობის ნაცვლად ცხინვალში 11 დღე გაატარა. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ახლა საზღვარგარეთ იმყოფებიან. ერთი ცნობილი მოჭიდავე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ გაფრინდაშვილის საქმეში ჯერ არ ჩართულან, თუმცა რას გააკეთებენ რამდენიმე დღეში, ჯერ არ იციან. სპორტსმენები ასეთ არაფორმალურ კავშირებზე საუბარს ღიად ერიდებიან ხოლმე. მაია ოთინაშვილის გათავისუფლებისას ყურადღება მას შემდეგ მიიქციეს, რაც ერგნეთში მისი გადმოცემის პროცესში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და ვეტერანი ფეხბურთელი ლადო ბურდული გამოჩნდნენ და მედიას ინტერვიუც მისცეს.

მოგვიანებით გეგეშიძემ ისიც თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმეში მათ ძამბოლათ თედეევი დაეხმარა.

საქართველოს სამედიცინო საზოგადოება კი მოითხოვს დაკავებული კოლეგის დაუყონებლივ გათავისუფლებას. გორის სამედიცინო კლინიკა „გორმედის“ ტრავმატოლოგმა დავით ღვინიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კოლეგებს საერთო ძალისხმევისკენ მოუწოდა. ის აცხადებს, რომ ცხინვალიდან გათავისუფლებული სხვა პირების მხრიდან, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, შეიტყო, რომ ექიმს თავისი პოზიციის გამო სჯიან.

„პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ“, - წერს დავით ღვინიაშვილი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ამ პოსტის შემდეგ უამრავი კოლეგა უკავშირდება მთელი საქართველოდან და ორშაბათიდან ექიმები დაიწყებენ საპროტესტო აქციის ორგანიზებას.

რაც შეეხება ე.წ. საზღვრის დარღვევის აღიარებას, არაერთი ადამიანი, ვინც ცხინვალიდან გათავისუფლდა, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რაღაც დოკუმენტებზე აწერინებენ ხელს. გავარკვიეთ, რომ ეს დოკუმენტები „საზღვრის“ დარღვევის ნებაყოფლობითი აღიარებაა. მიმდინარე წლის თებერვალში ნიქოზთან ახლოს ადგილობრივი ტაძრის დეკანოზი დავით დურგლიშვილიც დააკავეს, მისგან ასევე ითხოვდნენ საზღვრის დარღვევის აღიარებას, თუმცა სასულიერო პირმა ამაზე უარი განაცხადა, ამის მიუხედავად, მისი გათავისუფლება მაინც მოლაპარაკებების გზით მოხერხდა.

საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე დღეა, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებებს ავრცელებენ, დღეს აშშ-ის საელჩომ საქართველოში საოკუპაციო ძალებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა...“

„ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უწყება მას „საზღვრის“ განზრახ უკანონო კვეთას ედავება.

„ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ გააკეთა.

სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს შეხვდა და მათ ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ნებისმიერი უკანონო დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ექიმს, ადამიანს, რომელსაც თავად აქვს უზარმაზარი გამოცდილება უმკურნალოს ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა. მათ შორის, ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს. რა თქმა უნდა, არც სხვა ექიმები, მისი კოლეგები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ძალიან შეშფოთებულები არიან, არ აპირებენ იმას, რომ თუნდაც ამის გამო ჰიპოკრატეს ფიცს უღალატონ. არ გამოვრიცხავ, რომ ის, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფიქრობს, ამით ჩრდილს მიაყენებს რეფერალურ პროგრამას, რომელსაც საქართველო ახორციელებს. რა თქმა უნდა, ის გაგრძელდება. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოსისათვის ეს ფაქტი ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. მათი ღირსების შემლახავია, რომ ექიმი, ამდენი დღის განმავლობაში, უკანონოდაა დაკავებული“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ამის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ 12 ნოემბერს შეიტყო, მას შემდეგ, რაც ცხინვალის მედიამ ბრალის წაყენების შესახებ დაწერა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სახელმწიფომ ღია განცხადებების კეთება.

XS
SM
MD
LG