Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხის ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, მეორე კი სასამართლოს განაჩენს არ ასაჩივრებს


საოკუპაციო ხაზი გუგუტიაანთკარში
საოკუპაციო ხაზი გუგუტიაანთკარში

ნორა ბეღელურმა წერილი დაწერა და შვილს, რამაზ ბეღელურს, ცხინვალის ციხეში გაუგზავნა. წერილში დედამ შვილს, პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ბარათი ცხინვალის ციხეში წაიღო.

ნორა ბეღელური ამბობს, რომ რამაზ ბეღელურმა ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მუდმივად სჭირდება მედიკამენტები, რომლებსაც ცხინვალის ციხეში დროულად ვერ მიაწვდიან. ის საქართველოს ხელისუფლებას შვილის გასათავისუფლებლად დახმარებას სთხოვს.

„ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიცია იყო მოსული, მოლაპარაკებები მიმდინარეობსო. იქიდან არაფერი პასუხი არ მიმიღია. ინსულტი აქვს გადატანილი. არა აქვს ჯანმრთელობა კარგი. ვითხოვთ, რომ დაგვეხმარონ. იქნებ როგორმე გამოვიყვანოთ. ძალიან მეშინია. მეშინია, რომ არ მოკვდეს. წითელი ჯვარი იყო მოსული და წერილი დაგვაწერინეს, რომ იქნებ წერილი მივაწოდოთო. პასუხს ველოდები. ტანსაცმელიც გავუმზადე, მაგრამ, აბა, ვის გავატანო“, - ამბობს რამაზ ბეღელურის დედა.

სოფელ გუგუტიაანთკარის მოსახლეობა თანასოფლელის ცხინვალის ციხიდან დახსნას ითხოვს. ბეღელურის მეზობლები ამბობენ, რომ პერიოდულად რამაზის მდგომარეობა იმდენად მძიმდებოდა, ოჯახი სასწრაფო დახმარების ბრიგადას იძახებდა. გუგუტიაანთკარის მცხოვრები მანანა გუგუტიშვილი ამბობს, რომ ერთხელ სისხლდენაც კი ჰქონდა, ამიტომ მისი ციხეში გაჩერება დიდხანს არ შეიძლება.

„გაათავისუფლონ, ცოდოა, ავადმყოფი ბიჭია. ერთხელ სასწრაფომ სისხლდენით წაიყვანა. საერთოდ, ბევრჯერ წაუყვანიათ სასწრაფოთი. ძალიან გვინდა, რომ გაათავისუფლონ. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელი ვართ და სულ ჩვენი ბაღებია გარშემო, სადაც შიშით გავდივართ“.

რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავაც გამოეხმაურა. იგი აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართოს, რომ ცხინვალის ციხეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულონ.

„ბეღელურს ორი თვის წინ ინსულტი აქვს გადატანილი, საკმაოდ მძიმე ინსულტი. ეს იყო მეორე ინსულტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბეღელურის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა ახლა ცხინვალის ციხეში. მივმართავთ წითელ ჯვარს და აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რამაზ ბეღელური ინახულონ ციხეში და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ეს ადამიანი“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური 2 თებერვლის საღამოს გავიდა სახლიდან და ღამით შინ აღარ დაბრუნებულა. ნათესავებმა მისი ძებნა მეორე დილით დაიწყეს და ამბავი პოლიცია შეატყობინეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იგი ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება 3 თებერვალს გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ეცნობა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ - ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე - არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

36 წლის რამაზ ბეღელური გუგუტიაანთკარში სოფლის მეურნეობის საქმეებითაა დაკავებული. ერთი ნაკვეთი მას საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს აქვს.

გასული წლის ბოლოს გუგუტიაანთკარის მეზობელი სოფლიდან, ზარდიაანთკარიდან, მირიან თაზიაშვილიც ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. თაზიაშვილი რამდენჯერმე იყო ამ ბრალდებით დაკავებული და მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ცხინვალის ციხე 33 დღის შემდეგ დატოვა. რამაზ ბეღელურისთვის კი ეს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის მეორე შემთხვევაა და მასაც ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარს ორი მხრიდან ოკუპირებული სოფლები დისევი და ხელჩუა ესაზღვრება. ოკუპირებულ დისევში საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზაც აქვთ განთავსებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიაანთკარში ჩნდებოდნენ და საოკუპაციო ღობეს აშენებდნენ. 2019 წლის 7 აგვისტოდან მათ სოფელში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს. ღობეებს მიღმა მოექცა ადგილობრივი მცხოვრებლების, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების, სახლები და მიწის ნაკვეთები. 2020 წელსაც მათ ორჯერ განაახლეს სოფლის ტერიტორიაზე „ბორდერიზაციის“ პროცესი. ე.წ. სასაზღვრო ღობეებთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მუდმივად პატრულირებენ და ქართული სოფლის მოსახლეობის საქმიანობას აკვირდებიან.

ცხინვალის ციხის კიდევ ერთი პატიმარი, ზაზა გახელაძე, დე ფაქტო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აღარ აპირებს. ეს ინფორმაცია ზაზა გახელაძის ოჯახს მისმა სახაზინო ადვოკატმა ცხინვალიდან მიაწოდა. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, ადვოკატის თქმით, ეს ზაზას სურვილი იყო და სახაზინო ადვოკატთან მეტი დეტალის დაზუსტება ვეღარ მოხერხდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელი იყო დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

ზაზა გახელაძის განაჩენის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადებები გაავრცელეს. ამ განცხადებებს მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ევროკავშირისა და საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენელთა განცხადებები - ისინი გმობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი მხარის, ქმედებებს და გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG