გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებს რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო ხელისუფლება ბეღელურს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ბეღელური 2 თებერვლის საღამოს გავიდა სახლიდან და ღამით შინ აღარ დაბრუნებულა. ნათესავებმა მისი ძებნა 3 თებერვალს დაიწყეს და საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს, მაშინვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი" და მოგვიანებით გაირკვა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იგი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. რამაზ ბეღელური მეორედ დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარს ორი მხრიდან ოკუპირებული სოფლები დისევი და ხელჩუა ესაზღვრება. ოკუპირებულ დისევში საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზაც აქვთ განთავსებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში ჩნდებოდნენ და საოკუპაციო ღობეს აშენებდნენ. 2019 წლის 7 აგვისტოდან მათ სოფელში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს. ღობეებს მიღმა მოექცა ადგილობრივი მცხოვრებლების (გუგუტიშვილების, რაზმაძეების) სახლები და მიწის ნაკვეთები. 2020 წელსაც მათ ორჯერ განაახლეს სოფლის ტერიტორიაზე „ბორდერიზაციის“ პროცესი. ე.წ. სასაზღვრო ღობეებთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მუდმივად პატრულირებენ და ქართული სოფლის მოსახლეობის საქმიანობას აკვირდებიან.
5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებს ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.