„ცუდი“ - მთავრობას, შემცირებული ნდობა ეკლესიას, უარყოფითი შეფასებები სასამართლოსა და პარლამენტის მუშაობას, პრეზიდენტის დაბალი რეიტინგი და პოლიტიკური ხუთეულის ლიდერი თბილისის მერი, ხელისუფლებაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა 20 ივნისის აქციის დარბევისთვის, ამომრჩეველი გადაწყვეტილების გარეშე - ასეთია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი გამოკვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები, რომელიც NDI-მ 19 სექტემბერს გამოაქვეყნა.
„ცუდი“ - მთავრობას
მოსახლეობის უმრავლესობას მთავრობის საქმიანობა არ მოსწონს - შეფასება „ცუდს“ მათი 60% წერს. გამოკითხულთა 45%-დან 32%-მდეა შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას „კარგით“ აფასებდა.
„კარგი“ თბილისის მერს - „ცუდი“ პრეზიდენტს
პოლიტიკური ლიდერების ხუთეულში, მათი საქმიანობის შეფასების ნაწილში, თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს: მის საქმიანობას ძალიან კარგად და კარგად ჯამში 45% აფასებს.
ყველაზე უარყოფითი განწყობა ხალხში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ არსებობს - ჯამში, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი ცუდად მუშაობს.
ეკლესია პირველ ადგილზე, დავარდნილი რეიტინგით
ინსტიტუტების სიას ისევ ეკლესია უდგას სათავეში - მოსახლეობის 64% ეკლესიის საქმიანობას „კარგით“ აფასებს, თუმცა ბოლო წლებთან შედარებით, მოწონების პროცენტი დაცემულია - 2017 წელს ეკლესიის საქმიანობას ასე 75% აფასებდა.
გამოკითხულთა 37%-ს მოსწონს პოლიციის მუშაობა, 14% კი პოლიციის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
განსაკუთრებით მაღალია სასამართლოს მიმართ უარყოფითი განწყობა - 37% ფიქრობს, რომ სისტემა ცუდად მუშაობს. მხოლოდ 10% აფასებს სასამართლოს მუშაობას დადებითად.
სასამართლოზე დაბალი შეფასება დადებით კონტექსტში აქვს პარლამენტს - გამოკითხულთა მხოლოდ 8% არის ისეთი, ვინც თვლის, რომ პარლამენტი კარგად მუშაობს.
შეფასება „ცუდი“ - დაწერა 42%-მა.
„არცერთი“ - უარი პარტიებს
გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 45% მიიჩნევს, დღეს საქართველოში არ არსებობს პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
19% ასეთ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს - მმართველი პარტიის ასეთივე მაჩვენებელი 2012 წელს 60%-ს აღწევდა.
9% მიიჩნევს, რომ ასეთი პარტია „ერთიან ნაციონალური მოძრაობაა“.
ერთნაირია „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მაჩვენებელი - 4-4%.
დღეს რომ არჩევნები იყოს...
გამოკითხულთა ნახევარზე მეტს, 57%-ს ამ დრომდე არა აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.
მაღალია იმ ხალხის რიცხვიც, ვინც, ხვალ რომ ტარდებოდეს, არჩევნებზე საერთოდ არ წავიდოდა - 41%.
პასუხისმგებლობა მთავრობას - 20 ივნისის ღამისთვის
უმრავლესობა - 60% ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.
გატარდა თუ არა სათანადო ღონისძიებები მათ მიმართ, ვინც ეს ძალა გამოიყენა? არა - ამბობს უმრავლესობა, 71%.
ასევე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 55% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელია ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები. ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას აკისრებს 9%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 8%.
ეთახნმებით თუ არა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას?
კი - ამბობს 46%, არა - პასუხობს 39%.
უმრავლესობა, სულ 59%, მთავრობის პასუხს 20 ივნისის მოვლენებსა და მის შემდგომ საპროტესტო აქციებზე აფასებს „ცუდად“ და „ძალიან ცუდად“.
NDI-მ გამოკვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. სულ 2131 პირი გამოკითხეს.
ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.