აღსანიშნავია, რომ წინამორბედის მსგავსად, არც ჩეხეთის მომდევნო მთავრობა აპირებს ქვეყანაში ევროპის ერთიანი ვალუტის - ევროს შემოღებას და მიმოქცევიდან ჩეხური კრონის ამოღებას.
მიუხედავად პარტიებს შორის საკმაოდ მოკლე ვადებში მიღწეული კოალიციური შეთანხმებისა, ახალი მთავრობის ფორმირებას ჩეხეთში, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.
ამის მიზეზია მთავარი პოლიტიკური აქტორის, ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანის ავადმყოფობა. ჩეხეთის სახელმწიფოს მეთაური 10 ოქტომბრიდან იმყოფება საავადმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის თითქმის არაფერია ცნობილი.
არაკოალიციურობა - „მწარე ოროსანი“ ხელისუფლების სტილი
უკვე ცნობილია, რომ კოალიციური მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს სამოქალაქო დემოკრატების პარტიის (ODS) ლიდერი, პეტრ ფიალა, ხოლო მინისტრთა პოსტებს გადაინაწილებს ორ კოალიციურ გაერთიანებაში - „ერთად“ და „მეკობრეები/მერები“ - შემავალი, ჯამში, ხუთი პოლიტიკური ძალა.
8-9 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოს 200-ადგილიან ქვედა პალატაში ამ ორ კოალიციაში შემავალ პარტიებს 108 ადგილი ხვდათ წილად, რამაც მათ უფლება მისცა, დაეწყოთ მოლაპარაკება უმრავლესობის მთავრობის ფორმირებაზე.
„გრძელი და ძალიან დაძაბული დღე გვქონდა, მაგრამ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. მივაღწიეთ თანხმობას კოალიციური მთავრობის ფორმირებისა და ჩვენი კოალიციური გაერთიანების დღის წესრიგის თაობაზე“, - განაცხადა 3 ნოემბერს, 12-საათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პეტრ ფიალამ, რომელიც კოალიციური შეთანხმებით მომავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
სამოქალაქო დემოკრატების პარტიის ლიდერ პეტრ ფიალას უკვე აქვს კოალიციურ მთავრობაში მუშაობის გამოცდილება. 2012-2013 წლებში მას პრემიერ-მინისტრ პეტრ ნეჩასის კოალიციურ მთავრობაში განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და ფიზიკური კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა.
ასე რომ, 8-9 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩეხეთში კვლავ გაგრძელდა პოლიტიკური ცხოვრების ტრადიცია, როდესაც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ კოალიციურ მმართველობას მეორე ცვლის. ზოგჯერ კოალიციას კრავენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მანამდე სხვა გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად უკვე იმყოფებოდნენ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში.
„კოალიციური მთავრობა ყოველთვის აერთიანებს რამდენიმე საარჩევნო პროგრამას, რომელშიც საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა მიდგომა განიხილება. მაგრამ კოალიციური მთავრობა ყოველთვის ცდილობს, რომ გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდნენ. რაც შეეხება ჩეხებს, მათ, ისევე როგორც ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, პოლიტიკური ცხოვრება ვერც წარმოუდგენიათ კოალიციური მთავრობის გარეშე. და მხოლოდ მწარე ოროსან ხელისუფლებას შეუძლია კოალიციის გარეშე მუშაობა ჩეხეთში. მაგრამ ასეთი ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს და შემდეგ არჩევნებს აუცილებლად დიდი ანგარიშით წააგებს ოპოზიციასთან“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს, ჩეხეთში მცხოვრებმა პუბლიცისტმა ჯიმი დაბრუნდაშვილმა.
შესაბამისად, ჩეხეთის პარლამენტში პირველ და მესამე ადგილებზე გასულ ორ კოალიციაში შემავალი ხუთი პოლიტიკური ძალა გადაინაწილებს მინისტრთა პორტფელებს.
თუმცა, 3 ნოემბრის პრესკონფერენციაზე კონკრეტული კანდიდატების შესახებ არაფერი თქმულა. სამაგიეროდ ცნობილია მათი ერთიანი სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულებები: ბიუროკრატიის შემცირება, რეგიონების უფლებების გაზრდა და ევროკავშირიდან მიღებული დოტაციური ფონდების მიზნობრივად დახარჯვა.
„პირველ რიგში, ჩეხეთმა დიდი დარტყმა მიიღო ტურიზმის მხრივ. როგორც ცნობილია, ჩეხეთში წელიწადში საშუალოდ 20 მილიონამდე ტურისტი შემოდიოდა. შარშან კი, კორონავირუსის პანდემიის გამო, მათი რაოდენობა სულ მცირე ერთი მესამედით შემცირდა. უკვე მეორე წელია, რაც ამ ვირუსის გამო ეკონომიკის სხვადასხვა სფერო იღებს დარტყმას, ძალიან დაზარალდა სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი და ის მცირე ბიზნესი, რომელიც ამ ტურისტულ ინფრასტრუქტურას ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, ამჟამინდელი ხელისუფლების გამოწვევაა, რომ ამ სფეროებს შეუმსუბუქოს ცხოვრება და, შესაბამისად, მოახდინოს მათი დოტაციის გაზრდა ან თანამშრომლების სხვა სფეროებში გადანაწილება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ეკონომიკურად არის ძალიან ძლიერი სახელმწიფო და გააჩნია შესაბამისი რეზერვები. მაგრამ ამ რეზერვებსაც რაციონალური გამოყენება სჭირდება. შესაბამისად, კოალიციებად პოლიტიკური ძალების გაერთიანების ერთ-ერთი მიზანი ისიცაა, რომ გაუძლო კორონავირუსის გამოწვევას და ეკონომიკაც განვითარდეს ისე, როგორც ეს იყო ორი წლის წინ, როდესაც წლიური ზრდა იყო 3-4%, რაც ფანტასტიკურად კარგია ასეთი განვითარებული ქვეყნისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს, ჩეხეთში მცხოვრებმა პუბლიცისტმა ჯიმი დაბრუნდაშვილმა.
მოქმედი პრემიერი ოპოზიციაში გადაინაცვლებს
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ანდრეი ბაბიში და მის პარტია „ანო“, რომელიც 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 27,39%-ით მეორე ადგილზე გავიდა, ახალი კოალიციური მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ოპოზიციაში გადაინაცვლებს.
ანდრეი ბაბიში კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2017 წლიდან იმყოფება. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის მიერ დაარსებულმა პოლიტიკურმა გაერთიანება „ანომ“ ორჯერ გაიმარჯვა წინა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ მის მიერ მიღებული ხმები არცერთხელ არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ თავად დაეკომპლექტებინა უმრავლესობის მთავრობა. ხოლო ბაბიშთან კოალიციაში შესვლას გაურბოდა ბევრი პოლიტიკური ძალა, რომლებიც „ანოს“ ლიდერს საფრთხედ მიიჩნევენ, მართვის ავტორიტარული სტილისა და ბიზნეს- თუ მედიაძალაუფლების გამო.
ამას დაემატა ევროკავშირიდან მიღებული სუბსიდიის კორუფციული მიზნებით გამოყენების გარშემო აგორებული სკანდალი. პოლიცია ვარაუდობდა, რომ 13 წლის წინ, ბაბიშმა, იმისათვის, რომ ევროკავშირისგან სუბსიდირების სახით 2 მილიონი ევრო მიეღო, დამალა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ ფირმას ფლობდა, გრანტი კი მცირე ბიზნესისთვის იყო განსაზღვრული.
საქმე ეხება ფერმას, რომელმაც ევროკავშირის სუბსიდია მიიღო მისი მფლობელის - ბაბიშის კუთვნილი კონგლომერატის, 250-მდე კომპანიისგან შემდგარი „აგროფერტის“, ბაბიშის ოჯახის წევრებით შეცვლის შემდეგ. სუბსიდიები განკუთვნილი იყო საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებისთვის და „აგროფერტი“ მათ ვერ მიიღებდა. მოგვიანებით, „აგროფერტი“ ისევ გახდა ფერმის მფლობელი.
ამასთან, თავად ბაბიში ამ ბრალდებას უარყოფდა და ბოლო მომენტამდე ყველანაირად ცდილობდა შეენარჩუნებინა უმცირესობის კოალიციური მთავრობა, რომელსაც მორიგი რღვევის დროს, სულ ბოლოს მხსნელად ჩეხი კომუნისტები მოევლინენ.
„კოალიციური მთავრობების დიდი უპირატესობა ისაა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მიდიან ერთი მიზნისკენ.
სუსტი მხარე არის ის, როდესაც უკვე წინა [პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის] მთავრობამ კოალიციაში შეიყვანა კომუნისტები, რომლებსაც თავიანთ საარჩევნო პროგრამაში ეწერათ ჩინეთთან და რუსეთთან დაახლოება და ევროკავშირის ჩამოშორება ისეთ საკითხებში, რომელიც, პირველ რიგში, ჩეხებს ეხებათ. ეს ძალიან უარყოფითი აღმოჩნდა წინა კოალიციისათვის“, - ამბობს ჯიმი დაბრუნდაშვილი.
2021 წლის 8-9 ოქტომბრის არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მისმა კოალიციურმა პარტნიორებმა, ჩეხმა კომუნისტებმა ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი და დამოუკიდებელი ჩეხეთის ისტორიაში პირველად ვერ მოხვდნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
„მახსენდება ჩეხეთში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კარელ შვარცენბერგის სიტყვები, რომელმაც დაამშვიდა ჩეხები და უთხრა, დრო მიეცით და კომუნისტები თავად დაკარგავენ თავიანთ ამომრჩეველსო“, - ამბობს დაბრუნდაშვილი.
მაგრამ ჩეხ კომუნისტებს ჩეხეთში არავინ ახსენებს. მედიის ყურადღების ცენტრშია ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი და კორონავირუსი, რომელმაც კვლავ „მოიქნია კუდი“. ჩეხეთში 3 ნოემბერს კორონავირუსის 9900 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასეთი მატება ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ მარტის თვეში დაფიქსირდა.
შესაბამისად, სავარაუდო კოალიციური მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას კორონავირუსის შედეგად დაზარალებული ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება და მომავალ გამოწვევებთან გამკლავება წარმოადგენს.
მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის კოალიციური ძალების შეთანხმებული პრემიერ-მინისტრის კანდიდატის, პეტრ ფიალას შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან, რომელიც 10 ოქტომბრიდან საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფება და მას შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.
თუმცა, როგორც 3 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პეტრ ფიალამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მას აცნობა, რომ ზემანი მზად იქნება შეხვედრისთვის, როგორც კი რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ.