Accessibility links

ბლოგები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
შენი ბიოგრაფია

შენი ბიოგრაფია


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

Какую биографию, однако, делают нашему рыжему!
[რა ბიოგრაფიას უკეთებენ მაინც ჩვენს წითურს!]​

ახმატოვა, ბროდსკისთვის გამოტანილ განაჩენზე

ხშირად ისმის ბოლო დროს, რომ ვიღაც უკვე გაემზადა ციხისთვის. ბევრმა მეგობრებსა და ოჯახებში დაიბარა, რომ შეიძლება დააპატიმრონ. თან ყველანი მშვიდობიანი მოქალაქენი არიან: პოეტები, ფილოსოფოსები, მსახიობები…

ჩვენ აღმოვჩნდით ისტორიის იმ წერტილში, როცა ხალხის ერთმა ნაწილმა უარი თქვა საკუთარ კეთილდღეობაზე თავისი სამშობლოსთვის, მეორე ნაწილმა კი თავის სამშობლოზე თქვა უარი საკუთარი კეთილდღეობისთვის.

იმის მიუხედავად, რომ ხალხის ერთ ნაწილს სცემენ, აგინებენ, აწამებენ და აპატიმრებენ, იგი უფრო ლამაზია, ვიდრე მეორე ნაწილი, რომლის ხელშიც არის დღეს პოლიცია, სასამართლო და ციხე, რადგან იმ პირველი ნაწილის უკან იდეაა, მეორე ნაწილის უკან კი არაფერია, რის ამოვსებასაც ცდილობენ ფულით.

დიდ ფულში შეიძლება ჩაწვე, როგორც ღორი ტალახში, მაგრამ არ არსებობს იმდენი ფული, სიცარიელეს რომ ამოავსებს.

ჩვენ შემდეგ ვიამაყებთ, რომ შევესწარით ამდენი გმირობის აქტს, რომ ჩვენ თვალწინ დაიბადა საოცარი ახალი საქართველო. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რაღაც წარმოუდგენელი სიქველის გამოვლინებას. ვხედავთ გაუგონარი ღალატის ქრონიკასაც, თუმცა ამ შემთხვევაში მოღალატემაც კი იცის, რომ თვითონ არავინაა და მისი სახელია არაფერი.

ლაპარაკობს კაცი, თვალები კი ცარიელი აქვს. თან რამდენი ყოფილან. ზოგ მკვდარს უფრო გამჭოლი მზერა აქვს, ვიდრე ამათ. არ ვიცი, ვინ არიან, რანი არიან, საიდან არიან. ისღა ვიცი, რომ, არა მარტო მზერა აქვთ ფუყე, თვითონაც ფუყენი არიან.

ეს ყველაფერი გასაგებია. გაუგებარი ახლა შენი დუმილია ამ ჟამიანობისას. ამნაირი საფრთხის წინაშე კიდევ დადგება ეს ქვეყანა ოდესმე? ცხადია, სამყაროში არასდროს დაილევა განსაცდელი. ფათერაკი იქნება, სანამ კაცი იქნება, ეგაა, შემდეგ საფრთხემდე შეიძლება ვეღარც მიატანოს ამ პატარა ქვეყანამ.

ასე მკაფიოდ არასდროს გარჩეულა შავი და თეთრი. ბოლო-ბოლო ქუჩის ძაღლებს შეხედე, მაგათ უფრო შესტკივათ გული სამშობლოზე, ვიდრე ფუყეთ. თვალი მაინც არ მოგიკრავს, როგორ მიაცილებენ ხოლმე შებინდებულზე ხალხის მდინარეს? თორემ ღორი სულ რომ მარწყვს გეახლებოდეს და ჩლიქებს იღებავდეს, მაინც პირველივე ტალახში ჩაწვება.

დამაყრუებელია შენი დუმილი. მით უფრო, როცა იცი, რომ სწორედ ამ შენს დუმილზე დგას დღეს რეჟიმი. რომელიღაც ბლეზ პასკალს უსასრულო სივრცეთა მარადიული დუმილი აძრწუნებდა, მე კი ერთი კაცის დუმილი მაძრწუნებს. შენი დუმილი. სიტყვას დიდი ძალა აქვს. განა ბევრი იცი სიტყვაზე ძლიერი წამალი და საწამლავი?

ისე, ნეტა, რა გვაკავშირებდა შენ და მე? რა გვაერთიანებდა? რა მოგვწონდა ერთსა და იმავე წიგნებში? ფილმებში? მუსიკაში? რატომ გვეგონა, რომ ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ - შენ და მე? არაფერს გირჩევ, მხოლოდ გთხოვ, თუნდაც ძველი მეგობრობის ხათრით, არ გაიფუჭო ბიოგრაფია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG