ბელარუსის სასამართლომ კრიგერი დამნაშავედ ცნო დაქირავებულ საქმიანობაში, ჯაშუშობაში, ტერორიზმში, „ექსტრემისტული ფორმირების“ შექმნაში, დივერსიული მოქმედებებით სატრანსპორტო საშუალებებისა და გზების მწყობრიდან განზრახ გამოყვანაში.
იმ დროს, როდესაც ბელარუსის ხელისუფლების შემდგომი ქმედებები კრიგერთან მიმართებით ჯერ კიდევ გაურკვეველია, დასავლური მედია არ გამორიცხავს, რომ კრიგერი შესაძლოა გახდეს ფიგურანტი პატიმრების გაცვლის სავარაუდო პროცესში, რომელშიც არა მხოლოდ გერმანია და ბელარუსი, არამედ რუსეთი და შეერთებული შტატები მიიღებენ მონაწილეობას. რა პროცესზე მიდის საუბარი? რამდენად რეალური და შესაძლებელია ასეთი გაცვლა სამართლებრივი თვალსაზრისით?
2022 წლის ივლისში CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მოსკოვმა მოითხოვა, რომ პატიმრების გაცვლის თაობაზე შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გარიგებაში შეეყვანათ რუსი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ტელეარხის ცნობით, მოსკოვს სურდა, რომ მსჯავრდადებული რუსეთის მოქალაქე პატიმართა გაცვლის იმ გეგმაში ჩაერთოთ, რომელიც ითვალისწინებდა რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გაცვლას ამერიკელებზე, პოლ უილანზე, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს, და ბრიტნი გრაინერზე, კალათბურთელზე, რომელსაც რუსეთში ჩაფრენისას სამედიცინო მარიხუანა აღმოუჩინეს და გაასამართლეს.
მაშინ პულ უილანი და ვადიმ კრასიკოვი არ ყოფილან ჩართული ამ გარიგებაში. აღსანიშნავია, რომ კრასიკოვის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს აშშ-სთან. ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ვადიმ სოკოლოვის სახელზე გამოწერილი დოკუმენტებით სარგებლობდა, გერმანიაში გაასამართლეს ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქე მოქმედებდა მოსკოვის შეკვეთით და „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ უწოდა კრასიკოვის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამ მკვლელობიდან ხუთი წლის თავზე კრემლი აკეთებს ყველაფერს, რათა უკან დაიბრუნოს „ტიერგარტენელი მკვლელი“, როგორც კრასიკოვს გერმანული მედია უწოდებს.
გასაცვლელი ფიგურები - რა არის მათზე ცნობილი?
56 წლის ვადიმ კრასიკოვს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სამუდამო პატიმრობა 2021 წლის 15 დეკემბერს მიუსაჯეს. ბერლინის ტიერგარტენის რაიონში დღისით მან ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეს ზელიმხან ხანგოშვილს უკნიდან ორჯერ ესროლა. დანაშაულის განსაკუთრებული სიმძიმის გათვალისწინებით მოსამართლეებმა ვადიმ კრაისკოვის მიერ ჩადენილ დანაშაულს „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ უწოდეს. დასკვნით სიტყვაში ბერლინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გარკვევით თქვა, რომ ეს იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით ჩადენილი დანაშაული.
საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა ტერორიზმის ბრალდებით.
ხანგოშვილი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში.
ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს, თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. 2016 წლიდან ხანგოშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც თავშესაფარი მოითხოვა.
გამოცემა The Insider-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა Bellingcat-მა და ჟურნალმა Der Spiegel-მა მოახერხეს დაედგინათ, რომ ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი რუსეთის ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.
კრასიკოვი გერმანიაში ჩავიდა პასპორტით, რომელიც სხვის სახელზე იყო გაცემული. ის ხანგოშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში დააკავეს.
როგორც ჩანს, კრასიკოვი მარტო არ მოქმედებდა. საბრალდებო დასკვნაში მისი თანამზრახველი სახელდება. წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებისთანავე კრასიკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ესტუმრნენ. დიპლომატების მიერ რუსეთის ფედერაციის პატიმრობაში მყოფი მოქალაქის ასეთი ყურადღება ძალიან იშვიათი ფაქტია.
გერმანიაში რუსეთის ელჩმა ბერლინის სასამართლოს განაჩენს კრასიკოვის მიმართ „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. მაგრამ მოსკოვი რუსეთსა და მის მოკავშირე ბელარუსში არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის გასამართლებას არასოდეს მიიჩნევს პოლიტიკურად მოტივირებულად.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 2024 წლის 19 ივლისს ეკატერინბურგის სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯაშუშობის ბრალდებით. მოწმეების დაკითხვისა და მტკიცებულებების გამოკვლევისთვის სასამართლოს ერთი დღე დასჭირდა. გერშკოვიჩი ბრალს უარყოფს. მისი კოლეგები, საერთაშორისო უფლებადამცველი და ჟურნალისტური ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობისთვის გაასამართლეს.
მიმდინარე წლის ივნისში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ამერიკელ ჯარისკაც მაიკლ ტრევის ლიკს. 2018 წლიდან იხდის სასჯელს რუსეთის ბანაკში კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი, რომელიც 2020 წელს ჯაშუშობისთვის გაასამართლეს. დაბოლოს, მიმდინარე წლის 19 ივლისს ბელარუსის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერს.
ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ცნობით, 30 წლის რიკო კრიგერი პატიმრობაში 2023 წლის ნოემბრიდანაა. იგი ტერორიზმსა და მეომრად დაქირავებაში იყო ბრალდებული. მინსკის სასამართლოს მიერ მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაცია „ვიასნამ“ გაავრცელა 19 ივლისს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა ინფორმაცია სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ, თუმცა უწყებას მსჯავრდადებულის სახელი არ დაუსახელებია. ითქვა მხოლოდ ის, რომ „ბერლინი მჭიდრო კავშირშია მინსკის ხელისუფლებასთან მის ბედთან დაკავშირებით“. „ვიასნა“ ვარაუდობს, რომ კრიგერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება შეიძლება დაკავშირებული იყოს მის სავარაუდო გაწევრიანებასთან „კასტუს კალინოვსკის პოლკში“ - ბელარუსის მოქალაქეების დაჯგუფებაში, რომლის წევრებიც ნებაყოფლობით იბრძვიან უკრაინაში კიევის მხარეს.
პოლკის მეთაურმა დენის პროხოროვმა უარყო კრიგერის წევრობა მოხალისეთა დანაყოფში, მაგრამ დაადასტურა, რომ გაწევრიანების შესახებ ინტერესი მან ნამდვილად გამოხატა.
უცნობია, თუ როგორ და რატომ მოხვდა კრიგერი ბელარუსში და რით იყო სინამდვილეში დაკავებული. გაზეთი Tagesspiegel-ი წერდა, რომ კრიგერი, გერმანიის წითელი ჯვრის სამაშველო სამსახურში მედძმად მუშაობისას, შეხვდა უკრაინის გარკვეულ მოქალაქეს და შემდეგ გაუჩინარდა. დამსაქმებელმა მასთან სამუშაო ურთიერთობა შეწყვიტა. მინსკი ირწმუნება, რომ კრიგერი ქვეყანაში ტურისტად ჩავიდა. რუსულ სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ კრიგერი უკრაინაში დააპატიმრეს და ბელარუსის კაგებეს გადასცეს.
გაცვლა?
გასულ კვირას სახელმწიფო ტელეარხმა "ბელარუს-1"-მა აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც კრიგერმა განაცხადა, რომ მოქმედებდა უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით და, რომ "მოატყუეს".
ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია კრიგერის შესახებ სიუჟეტს აჩვენებდა, ალიაქსანდრ ლუკაშენკა რუს მოკავშირე ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ანატოლი გლაზერმა, მაშინვე განაცხადა, რომ მინსკი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბერლინთან და უკვე შესთავაზა "კონკრეტული გადაწყვეტილებები სიტუაციის შესაცვლელად".
გაჩნდა მოსაზრება, რომ ბერლინი აწარმოებს მოლაპარაკებას კრიგერის შესაძლო გაცვლის თაობაზე.
დამატებითი ფაქტორი, რომელიც აძლიერებს ვარაუდებს პატიმრების გაცვლის შესაძლებლობის შესახებ, არის ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეებში გამოჩნდა. როგორც ირკვევა, ცნობილი რუსი პოლიტპატიმრები, მათ შორის ილია იაშინი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და საშა სკოჩილენკო, დაკავების ადგილებიდან უცნობი მიმართულებით გადაიყვანეს. ვადიმ კრასიკოვის საქმის დასაწყისიდან გავრცელდა ჭორები, რომ ვლადიმირ პუტინი აუცილებლად შეეცდებოდა მის გაცვლას. CNN-ის ცნობით, რუსეთის წარმომადგენლები არაფორმალურ FSB არხებს იყენებდნენ თავიანთი ოფიცრის გაცვლის მოთხოვნით. გერმანულმა მხარემ ასეთი შეტყობინებები უკომენტაროდ დატოვა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ფსბ-ს სავარაუდო ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის შესაძლო გაცვლაზე, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. შეკითხვა რუსეთის მოქალაქის შესაძლო გაცვლაზე, მათ შორის ბელარუსში სიკვდილმისჯილ გერმანიის მოქალაქესა და რუსეთში მსჯავრდადებულ ამერიკელ ჟურნალისტებზე, შოლცს ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა.
„სახელმწიფო ინტერესების დაცვის პრინციპი არ მაძლევს მსგავს თემებზე სპეკულირების უფლებას“, - ასეთი იყო ოლაფ შოლცის პასუხი.
პოლიტოლოგი ჰანს-ჰენინგ შრიოდერი რიკო კრიგერის წინააღმდეგ ბელარუსში გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს უწოდებს „აბსურდულს“ და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა გერმანიის მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერებას.
ექსპერტს მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ ლუკაშენკა ცდილობს პუტინის გულის მოგებას, რათა „შეიქმნას დიდი პაკეტი“ იმ პირთა გაცვლის მიზნით, რომელთა სამშობლოში დაბრუნებით დაინტერესებულნი არიან, ერთი მხრივ, რუსეთი და ბელარუსი, მეორე მხრივ კი - აშშ, გერმანია და სხვა ქვეყნები. შეუძლებელია იმის განჭვრეტა, თუ ვინ შეიძლება გახდეს ამ გაცვლის ობიექტი. მაგრამ შრიოდერის აზრით, დემოკრატიულ მმართველობასა და დიქტატორულ რეჟიმებს შორის ამ მხრივ არსებითი სხვაობა არსებობს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ისე უბრალოდ დავაპატიმროთ, მაგალითად, რუსი ჟურნალისტები და შემდეგ ისინი გავცვალოთ. გერმანია - სამართლებრივი სახელმწიფოა. ჩვენ ასეთი მეთოდებით არ ვმოქმედებთ“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ჰანს-ჰენინგ შრიოდერმა.
ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ მალევე, მისმა კოლეგამ მარია პევჩიხმა თქვა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ვადიმ კრასიკოვში გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები ნავალნის ციხეში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდაო.
„15 თებერვალს, საღამოს, მივიღე დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობს და ფინალურ ეტაპზეა, 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, - თქვა პევჩიხმა ვიდეომიმართვაში.
იგი ირწმუნებოდა, რომ მოლაპარაკებებში ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი მონაწილეობდა.
ნავალნის სიკვდილამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას მოითხოვდა. პუტინმა ეს დაადასტურა, კონკრეტული გვარების დაუსახელებლად.
„ზის ერთ ქვეყანაში, შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანაში, ადამიანი, რომელმაც პატრიოტული მოსაზრებებით მოკლა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ბანდიტი. კავკასიის მოვლენების დროს, იცით, ეს ბანდიტი რას აკეთებდა? არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ მიწევს. ის ჩვენს ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს გზაზე აწვენდა, შემდეგ კი მანქანით ზეგ გადაუვლიდა ხოლმე. ეს რანაირი ადამიანია? შეიძლება საერთოდ ადამიანი ეწოდოს? მაგრამ ერთმა პატრიოტმა, რომელმაც მისი ლიკვიდაცია მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. თავისი ნებით გააკეთა ეს თუ არა, ეს სხვა საკითხია“, - თქვა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში.
იურიდიული pro და contra
„თუ არსებობს სურვილი, მაშინ ყველაფერი შეიძლება“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სისხლის სამართლის ცნობილმა ბერლინელმა ადვოკატმა იოჰანეს აიზენბერგმა.
ერთადერთი, რაც მას აფიქრებს, არის ის, რომ რუსეთის მიერ გასამართლებულები არიან ამერიკელები, ხოლო გერმანელი სასჯელს იხდის ბელარუსში, და არა რუსეთში.
„ამიტომ ამ შემთხვევაში მე ვხედავ, რომ საქმე გვაქვს შანტაჟთან“, - ამბობს აიზენბერგი. იურისტის თქმით, შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ იძულებითი გაცვლის შემთხვევაში შესაძლებელია გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსისთვის გვერდის ავლა. მას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ კრასიკოვის მიმართ არსებობს განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე სხვა პატიმრებისადმი. „მაგრამ ის (კრასიკოვი) მართლაც არის სხვა. მას იცავს მძლავრი სახელმწიფო, რომელსაც თავის მხრივ მძევლების აყვანა შეუძლია“, - ამბობს აიზენბერგი,.
მიუნხენელი ადვოკატი, პროფესორი ულრიხ ციგერტი მიიჩნევს, რომ კრასიკოვის გაცვლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები. მაგრამ ვინაიდან ეს (გაცვლა) თავისი არსით არის პოლიტიკური პრობლემა, გადაწყვეტილებაც უნდა იყოს პოლიტიკური, რისთვისაც შესაძლებელი უნდა გახდეს სამართლებრივი ლეგიტიმაციის საფუძვლის შექმნა.
„კრასიკოვისათვის განაჩენი გამოტანილია. ბრალდების მხარეს წარმოადგენდა გერმანიის ფედერალური პროკურატურა, ამიტომ სასჯელის აღსრულების გადაწყვეტილებაც მან უნდა მიიღოს. ექნება თუ არა პროკურატურას ასეთი სურვილი, ეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ თუ ეს მოხდებოდა შეწყალებით, მაშინ ეს გერმანიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს“, - განმარტავს ციგერტი. ადვოკატი დასაშვებად მიიჩნევს გაცვლას პოლიტიკური გადაწყვეტილებით. მაგრამ აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ღიად უნდა ითქვას, რომ საუბარი არ ეხება სამართლებრივი ნორმების გამოყენებას.
მაგრამ არცერთი ადვოკატი არ იქნებოდა კმაყოფილი ასეთი გაცვლით. სისხლის სამართალში არსებობს პოსტულატი: „არასოდეს დანებდე შანტაჟისტს“, - იხსენებს ბერლინელი იურისტი იოჰანეს აიზენბერგი. პოლიტოლოგ შრიოდერის თქმით, ჯაშუშებს, როგორც წესი, აფრთხილებენ, რომ დაჭერის შემთხვევაში მათ გაცვლიან. „თუ აქ სისუსტეს გამოიჩენ, მაშინ კარს გაუღებ ჯაშუშობას და ტერაქტებს. მაგრამ მკვლელს მე არ გადავცემდი. ამის მოსმენა, რა თქმა უნდა, მწარეა რუსეთში ციხეებში მყოფი ადამიანებისთვის. მაგრამ მე ვხედავ გარკვეულ სირთულეს იმაში, რომ ორიოდე წლის შემდეგ გათავისუფლდეს ადამიანი, ვინც აქ მკვლელობა ჩაიდინა“, - ამბობს შრიოდერი. თუმცა, ისიც დარწმუნებულია, რომ გაცვლის პოლიტიკური გადაწყვეტისათვის სამართლებრივი არგუმენტები მოიძებნება.
ვადიმ კრასიკოვის მიერ მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლების ადვოკატები ამბობენ, რომ ასეთი გარიგების შემთხვევაში ისინი ჩათვლიან, რომ მათ უღალატეს. „კრასიკოვის გაცვლა იქნება სიგნალი ყველა დესპოტისთვის, რომ დაუსჯელად ჩაიდინონ შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობები“, - განუცხადეს გერმანულ პორტალ „ტაგეშაუ.ჯი“-ს (tagesschau.de) იურისტებმა ინგა შულდმა და იოჰანა კუენემ.
რობინ ვაგენერმა, გერმანიის მწვანეთა პარტიის დეპუტატმა, იმავე გამოცემას განუცხადა, რომ კრასიკოვი მკვლელია და იგი არ უნდა იქცეს „გასაცვლელ მონეტად“ რუსული სპეცსამსახურების ხელში. პოლიტიკოსის თქმით, ასეთი დათმობით, გაიზრდება საფრთხე რუსეთში მყოფი გერმანიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგვიანებით შესაძლოა ასევე გახდნენ სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის ობიექტები.
პუტინის მძევლებით სავაჭრო სიაში ასევე მოხვდნენ რადიო თავისუფლების რეპორტიორი ალსუ კურმაშევა, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი და ისტორიის მასწავლებელი მარკ ვოგელი.
- 2022 წლის დეკემბერში აშშ-ის კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრაინერი გაცვალეს იარაღით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტში.
- ბუტი რუსეთის უშიშროების ყოფილი ოფიცერია. მისი სახელი ცნობილი გახდა იარაღის და სხვა კონტრაბანდის მსოფლიოს გარშემო გადაზიდვებით 1990-იან და 2000-იან წლებში, რის გამოც "სიკვდილით მოვაჭრე" უწოდეს. ბუტი 2008 წელს ტაილანდში დააპატიმრეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადიცია განხორციელდა შეერთებულ შტატებში, სადაც ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს აშშ-ის მოქალაქეთა დახოცვის შეთქმულებაში. იმ პერიოდში, როცა თავის 25-წლიან განაჩენს აშშ-ის ციხეში იხდიდა, რუსეთი სისტემატურად ცდილობდა ბუტის ჩართვას რუსეთის საპატიმროებში მყოფი აშშ-ის მოქალაქეთა გაცვლის ოპერაციებში.
- ბუტი რუსეთში დაბრუნებისთანავე შეუერთდა ულტრანაციონალისტურ პარტიას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში ჩავიდა, ხოლო 2023 წელს მანდატი მოიპოვა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში.
ფორუმი