გაცვლის მთავარი კანდიდატი, ვადიმ კრასიკოვი, საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობისთვის გერმანიაში სამუდამო სასჯელს იხდის.
ამერიკელ ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს რუსულმა სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ამერიკული დაზვერვისთვის “საიდუმლო მასალების გადაცემა” ედებოდა.
კრემლის ვერსიით, მას “დანაშაულზე წაასწრეს”
გამოძიების მტკიცებით, 2023 წლის მარტში გერშკოვიჩი ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია ქალაქ ნიჟნი ტაგილში მდებარე საწარმოს შესახებ, რომელიც აწარმოებს და არემონტებს სამხედრო ტექნიკას.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მაშინ თქვა, რომ გერშკოვიჩს “დანაშაულზე წაასწრეს”.
გერშკოვიჩი ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ ქალაქში სტატიის დასაწერად ჩავიდა. ბი-ბი-სის რუსული სამსახურის თანახმად, იმავეს ამბობს მისი ფოტოგრაფიც.
დაცვის ვერსიით, წერდა იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ომს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. ასევე იკვლევდა კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერსაც”.
გერშკოვიჩი ამერიკული გამოცემა “უოლ სტრიტ ჯორნალის“ მოსკოვის კორესპონდენტია.
გამოცემამ უკვე უწოდა მის გასამართლებას “სამარცხვინო” და “ყალბი”.
ის დააპატიმრეს იმიტომ, რომ “თავის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა”, - ნათქვამია “უოლ სტრიტ ჯორნალის“ პუბლიცისტისა და რედაქტორის ერთობლივ განცხადებაში.
მისი გათავისუფლება მოითხოვა დევნილობაში მყოფმა რუსულმა გაზეთმა, “მოსკოუ ტაიმსმაც“, რომელშიც გერშკოვიჩი ადრე მუშაობდა.
“უკანონოდ დაკავებულის“ სტატუსი მიანიჭა გერშკოვიჩს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. მას ესარჩლებიან საერთაშორისო უფლებადამცელი ორგანიზაციები, მათ შორის - გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატიც.
პუტინს ხანგოშვილის მკვლელი უნდა
სასამართლო განხილვა ივნისში დაიწყო და მოსამართლე მხოლოდ სამ სხდომაში ჩაეტია, საიდანაც ორი დახურული იყო.
გერმანული “დოიჩე ველეს” შეფასებით, სასამართლო მეტისმეტად სწრაფად დასრულდა და ჯაშუშობაში ბრალდებულთა პროცესები, წესით, გაცილებით დიდხანს გრძელდება ხოლმე. ეს კი იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ გერშკოვიჩს გაცვლას უპირებენ.
ჯერ კიდევ დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ გერშკოვიჩის საქმეზე აშშ-სთან “რთული მოლაპარაკებები” მიმდინარეობს.
თებერვალში კი პუტინმა დაადასტურა, რომ გერშკოვიჩის გადაცვლა “შესაძლებელია”.
მას არ დაუკონკრეტებია, ვისში. მაგრამ დასავლური მედია ვარაუდობდა, რომ პუტინს სურს რუსეთში დააბრუნოს ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ჩეჩენი საველე მეთაურის (და საქართველოს მოქალაქის), ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.
თებერვალშივე, ამერიკული ტელეკომპანია "ენბისი" ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ გერშკოვიჩთან ერთად, ამ გარიგების ნაწილი იქნებოდნენ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და ამერიკული საზღვაო ძალების ვეტერანი, პოლ უილანი.
მაგრამ ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა და მას შემდეგ ეს ამბავი თითქოს გაიყინა.
ახლა კი ბევრი რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ გერშკოვიჩის გაცვლა მხოლოდ დროის ამბავია.
“დარწმუნებული ვარ, ეს [გერშკოვიჩის გასამართლება] გაკეთებულია გასაცვლელი ფონდის შესავსებად”, - ამბობს პოპულარული ბლოგერი ქსენია სობჩაკი.
ჟურნალისტებმა დმიტრი პესკოვსაც ჰკითხეს, აპირებდნენ თუ არა გერშკოვიჩის გადაცვლას, მაგრამ მან კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ვინ არიან კრასიკოვი და ხანგოშვილი?
გერმანული გამოძიების მტკიცებით, ვადიმ კრასიკოვი რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა.
გამოცემა “ბელინგქეთი“ წერდა, რომ მას რუსეთში 2013 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. თუმცა 2015 წელს საქმე შეწყდა და ვადიმ კრასიკოვი გაუჩინარდა.
2019 წლის აგვისტოში, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში მაყუჩიანი პისტოლეტით მოკლეს. პოლიციამ სავარაუდო მკვლელი მაშინ დააკავა, როდესაც იარაღის გადაგდებას ცდილობდა. მას უპოვეს პასპორტი, რომელიც 2015 წელს ვინმე ვადიმ სოკოლოვზე იყო გაცემული.
გერმანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სოკოლოვი იგივე კრასიკოვია და, რომ ხანგოშვილი მან კრემლის დავალებით მოკლა.
ვლადიმირ პუტინს მკვლელთან კავშირი პირდაპირ არასდროს უღიარებია. მაგრამ თებერვალში მას “ნამდვილი პატრიოტი” უწოდა და დაამატა, რომ მან “ბანდიტი” მოკლა.
რაც შეეხება ზელიმხან ხანგოშვილს (იგივე თორნიკე ქავთარაშვილს), იგი 2000-იანების დასაწყისში, ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. კრემლმა მასზე ძებნა “ტერორიზმის” ბრალდებით გამოაცხადა.
ხანგოშვილი წლების მანძილზე საქართველოში ცხოვრობდა. მაგრამ 2015 წელს თბილისში მისი მოკვლა სცადეს, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა.
მასზე თავდასხმა დღემდე გამოუძიებელია.
ფორუმი