Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დახვეწილი ქართულით საუბრობდა, არ ჰქონდა მეგრული კილო” - ყოფილი მძევალი ბანკზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს


რადიო თავისუფლება „საქართველოს ბანკის” ფილიალის იმ თანამშრომელს ესაუბრა, რომელიც 21 ოქტომბერს ბანკზე თავდასხმის მომენტში შენობაში იმყოფებოდა. იგი იხსენებს თავდასხმას და მძევლობიდან დახსნის ამბავს.

„1-2 კვირა, ალბათ, ვერც გავალ სამსახურში. გაგვიჭირდება იმ შენობაში შესვლაც. ალბათ, ყველა მომხმარებელს ეჭვის თვალით შევხედავ. შევათვალიერებ, იარაღი ხომ არ აქვს-მეთქი. 12 წელია, ბანკში ვმუშაობ, აგვისტოს ომშიც გაბედულად შევდიოდით. მე ასე არასდროს გამჭირვებია”, - ამბობს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ის შემოვარდა სროლით. გაისროლა შემოსასვლელშივე და ჩვენთან დააჩოქა ყველა. შეშინებული მაგიდის ქვეშ შევძვერი...
ბანკის თანამშრომელი

ის ერთ-ერთია იმ მძევლებს შორის, რომელიც შეიარაღებულმა პირმა შენობაში შეჭრიდან მალევე გაათავისუფლა.

ბანკის თანამშრომლის სიტყვებით, დაახლოებით, სამის ნახევრისთვის, როცა ყველა თანამშრომელი ჩვეულებრივ მუშაობდა და ადგილზე იმყოფებოდნენ მომხმარებლებიც, შეიარაღებული კაცი მუქარით შეიჭრა შენობში.

„ის შემოვარდა სროლით. გაისროლა შემოსასვლელშივე და ჩვენთან დააჩოქა ყველა. შეშინებული მაგიდის ქვეშ შევძვერი. 15-20 წუთში მე დამინახა და გამომიყვანა იარაღის დამიზნებით. გამოდიო, მითხრა. ამ დროისთვის მას ორჯერ უკვე გასროლილი ჰქონდა. თავიდან კლიენტებიც არ დაემორჩილნენ და აგრესიული იყო, მერე უფრო ლმობიერი გახდა.

მე ვარ ორსული და როცა მითხრა, დაწექიო, ვუთხარი, რომ ვერ დავწვები-მეთქი და ავუხსენი, თან ვტიროდი. მაშინ დაჯექიო, ვერც დავჯდები-მეთქი. ძალიან ვნერვიულობდი. იმდენად ცუდად ვიყავი... გადი აქედანო! - მითხრა. მაშინ მართლა ვერ გავიაზრე, ნუთუ მიშვებს-თქო. მართლა მიშვებ-მეთქი? წყალს მინც დავლევ-თქო და, გადი, რომ გეუბნებიო. როგორ გამოვედი, არ მახსოვს.

ის შემოვარდა სროლით. გაისროლა შემოსასვლელშივე და ჩვენთან დააჩოქა ყველა. შეშინებული მაგიდის ქვეშ შევძვერი...
ბანკის თანამშრომელი

სახლში არ წავსულვარ, სანამ ყველა კოლეგა არ გამოუშვა. არც მეძინა, ეს ძილი არ იყო. დღეს უარესად ვარ, იმიტომ რომ უფრო განმიახლდა ის, რაც მოხდა გუშინ. ახლა მიკვირს, როცა იარაღი დამიმიზნა, როგორ ვუთხარი, რომ გავეშვი“.

კითხვაზე, თუ ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა თავდამსხმელი, ყოფილი მძევალი იხსენებს:

„მას თვალი ჰქონდა შეღებილი. ჰქონდა ნიღაბი და იყო სამხედრო ფორმით. ჰქონდა ზურგჩანთა. თავიდან იყო აგრესიული, ყველაფერს ანგრევდა. ამბობდა, 112-ზე დარეკეთ და უთხარით, რომ ძარცვააო. ითხოვდა სალაროს. ითხოვდა მენეჯერთნ შეხვედრასაც. ძალიან კარგი და დახვეწილი ქართულით საუბრობდა. არ ჰქონდა, სხვათა შორის, მეგრული კილო. ორჯერ გაისროლა - პირველად შემოსვლისას და მერე მოგვიანებით. იქ შუშაც არის ჩამსხვრეული. მას არ უნდოდა იქ აგრესიულები, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა და ვინც ძალიან ემოციურად განიცდიდა ყველაფერს”, - იხსენებს ბანკის თანამშრომელი.

ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული თავდამსხმელის, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, მძევლად აიყვანა 43 ადამიანი.

მძევლების უმეტესობის გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა ნიღბიანმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, 4 მძევალთან, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებული და უვნებელია. მოგვიანებით სამინისტრომ ისიც დაადასტურა, რომ შეიარაღებულ თავდამსხმელს მოთხოვნილი ფული გადასცეს.

XS
SM
MD
LG