ტვ პირველი ავრცელებს მოპოვებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მათი თქმით, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმისას აყვანილი მძევლებიდან ერთ-ერთის, დავით ხვიბლიანის კომუნიკაციას მოიცავს და სადაც ის ყვება ბანკში მძევლობის და ფულის თავდამსხმელისთვის გადაცემის დეტალებს. ამ ჩანაწერის მიხედვით, ყოფილი მძევალის ტელეფონიდან სამართალდამცველებმა საჭირო ინფორმაცია, შემავალი და გამავალი ზარები ამოიღეს ეჭვი იმის შესახებ, რომ ის თავდამსხმელის თანამზრახველი იყო, ადვილად ბათილდება ბანკის შენობაში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერებით, სადაც ჩანს, თუ როგორ ადებს თავდამსხმელი მას იარაღს თავზე.
"ტელეფონიდან ამომიღეს ყველაფერი, სად დამარეკინეს, როგორ დამარეკინეს, რა დამარეკინა და ყველაფერი. დანარჩენი, თავზე რომ იარაღი მედგა, მაგას ვიდეოკამერები დაამტკიცებს ბანკში. არანაირი პრობლემა არ აქვთ იმ ბიჭებს ჩემთან. პირიქით, მადლობას მიხდიან, რომ ისე მოვიქეცი, ის ტყვეები გავათავისუფლებინე და ამათთან კავშირში ვიყავი." - ისმის ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში დავით ხვიბლიანის ხმა. ხვიბლიანი ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის შემთხვევის განსაკუთრებით საინტერესო მოწმე გახდა მას შემდეგ, რაც "მთავარმა" გაავრცელა ტელევიზიის დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი კიდევ სხვა პირებთან ერთად თავდამსხმელის თანამზრახველი და ცრუ მძევალი იყო. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ინფორმაცია მას ამის შესახებ უცნობმა წყარომ 21 ოქტომბერს მიაწოდა და ამავე დღეს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ამცნო ამ ფაქტის შესახებ.
დავით ხვიბლიანი ერთ-ერთია იმ სამი პირიდან, რომელიც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან ერთად ახლდა თავდამსხმელს მის მიმალვამდე, მანვე გამოიტანა საქართველოს ბანკის შენობიდან ის თანხა, რომელსაც თავდამსხმელი ითხოვდა. ჩანაწერში, რომელსაც ტვ პირველი ავრცელებს, ხვიბლიანი საუბრობს ფულის მძარცველისთვის გადაცემის ფაქტზეც.
"ფული იდო, რამდენი იყო, არავინ იცის, რამდენიც მოითხოვა, იმდენი იდო. არავის დაუთვლია და არაფერი. ვიდეოკამერაც არის, ვინც ამოიტანა ის ფული, იმან გაუხსნა და ანახა ფული. მერე მე დამაკავა ეგ [ჩანთა], რომ მე ჩამეტანა" - ისმის ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში.
ნიკა გვარამია, ფეისბუკ პოსტშიც ირწმუნება, რომ ბანკზე თავდამსხმელს სინამდვილეში გაცილებით დიდი თანხა გადაუხადეს, ვიდრე მისი მოთხოვნა იყო და ის პირები, რომლებიც მას მიმალვამდე მძევლების სახელით გაყვნენ, ცრუ მძევლები იყვნენ.
“მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკ მძევლები გაიყოლა. წაღებულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში.”,- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის გვერდზე. ნიკა გვარამიამ ფეისბუქზევე გამოქვეყნა ვიდეოც ბანკის შენობაში გადაღებული კამერებიდან, სადაც ჩანს როგორც თავდამსხმელი და სხვა მძევლები, ასევე ხვიბლიანი, რომელსაც გვარამია ამ "ოპერაციის დამგეგმავ ტვინს" უწოდებს და ამბობს, რომ ის პოლიციაში ისე იკითხება, როგორც "ტერორისტის თანამონაწილე."
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ხვიბლიანი, რომელიც მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა, ერთ-ერთი იყო თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი პირებიდან, თუმცა არ აზუსტებს იმას, თავდამსხმელის თანამზრახველებთან დაკავშირებით გამოძიება რა ვერსიებზე მუშაობს.
„მესმის, ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზარხველი, ამას ვერავინ ვერ იტყვის, იყო თუ არ იყო. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“,- ასეთი კომენტარი გააკეთა მედიის კითხვებზე ზუგდიდში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა.
ამ დრომდე უცნობია ვინაობა და ადგილსამყოფელი შეიარაღებული პირისა, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. თავდასხმა 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა.
მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.
შინაგან საქმეთა მინისტრმა 22 ოქტომბერს დაადასტურა ცნობები იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა თანხა ავთანდილ გალდავასგან მიიღო და დააზუსტა ისიც, რომ მძარცველის მიერ მოთხოვნილი თანხა ბანკმა გადაიხადა.
ერთ-ერთი ყოფილი მძევლის, ლაშა შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან ავტომანქანით წასვლის შემდეგ, ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. ვრცელდებოდა ვერსია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას შეეცდებოდა. ამის შესაძლებლობა უარყვეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ. თუმცა "სოვასთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მზადაა დაკავების შემთხვევაში ბანკზე თავდამსხმელი ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.