ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ძებნა გრძელდება. შინაგან საქმეთ მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პირველი განცხადება ბოლო მძევლების გათავისუფლებიდან 12 საათის შემდეგ გააკეთა. აი, რა უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვებს ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობის ეზოში.
რა იცის პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობაზე
მინისტრს არ უთქვამს, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი და თუ დაადგინეს მისი საცხოვრებელი ადგილი. პასუხზე უარი მან იმით ახსნა, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება ხელს შეუშლის ძებნის ოპერაციას.
“ბარემ გეტყვით და სანამ მივალთ, აღარ დაგვხვდება იქ…” - თქვა მან.
რა იცის პოლიციამ თავდამსხმელის თანამზრახველებზე
მინისტრს არ უთქვამს, ჰყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველები, მათ შორის, მძევლებს შორის. გომელაურმა ამ კითხვასაც სტანდარტული პასუხი გასცა და თქვა, რომ გამოძიება ორივე ვერსიას განიხილავს.
“ვინ თქვა, რომ მარტო იყო ან არ იყო, გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება მძევლების დახსნისას
შს მინისტრმა შედარებით ვრცლად ისაუბრა მოლაპარაკების დეტალებზე. მან თქვა, რომ სამართალდამცავებმა თავდამსხმელს ყველა მძევლის სამართალდამცავებით ჩანაცვლება შესთავაზეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს.
“[სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელმა] შესთავაზა, მხოლოდ ის გაჰყოლოდა, მან უარი უთხრა - მარტო შენთან ერთად არ წავალო”, - თქვა გომელაურმა.
რა რაოდენობის თანხა გადასცეს თავდამსხმელს და ვისი იყო ეს ფული
მინისტრმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თავდამსხმელისთვის 500 ათასი დოლარის გადაცემის შესახებ. რამდენჯერმე დასმული კითხვის საპასუხოდ კი მედიას დაუკონკრეტა, რომ ეს ბიუჯეტის თანხა არ ყოფილა.
“თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა, იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი... როგორ გადაეცა, გამოძიების ინტერესებიდან ვერ ვსაუბრობ. რომ დავაკავებთ, გამოვალ და ღიად ვიტყვი… ბიუჯეტის ფული ნამდვილად არ არის. “საქართველოს ბანკის” თანხაა... ეს მსოფლიოში ასე ხდება... თიბისი ბანკი ხო არ გადაიხდიდა, საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები”, - თქვა მან.
სად დატოვა თავდამსხმელმა მძევლები
მინისტრმა არ დაასახელა ის ადგილი, სადაც გამტაცებელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი და სამი მოქალაქე დატოვა. მინისტრს დაუსახელეს სავარაუდო სოფელიც, თუმცა მან ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
“აღარ მახსოვს ზუსტად სოფლის სახელი”, - ასეთი პასუხით დატოვა მან ეს საკითხი ღიად.
სად იმყოფება თავდამსხმელი
მინისტრმა გამოძიების ინტერესების მოტივით არ უპასუხა, გადავიდა თუ არა თავდამსხმელი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მან ირიბად თქვა, რომ, მათი ინფორმაციით, თავდამსხმელს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია არ დაუტოვებია, მაგრამ პასუხისას ასევე გამოიყენა სიტყვა “გადმოგვცემენ”, რის გამოც ამ საკითხთან დაკავშირებითაც ბუნდოვანება შეიქმნა.
“მაგაზე ხუთჯერ ვთქვი, ვერ ვიტყვი-მეთქი... თუ გადმოგვცემენ, კარგი იქნება, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, გადავა თუ არა იქეთ [აფხაზეთში]”.