Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველას პრეზიდენტი“, რომელიც არავის დატოვებს?


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

საპარლამენტო უმრავლესობის ორი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასზე მეტ თანამშრომელს, ყველა საჯარო მოხელეს და მთლიანად ქვეყანას. საუბარია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები აღარ ისარგებლებენ საჯარო მოხელის სტატუსით და გაუთანაბრდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, რომელთა ვადა არ აღემატება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას. გარდა ამისა, ცვლილება ახალ პრეზიდენტს საშუალებას მისცემს სამსახურში კონკურსის გარეშე აიყვანოს და თავისი შეხედულების მიხედვით გაათავისუფლოს ნებისმიერი პირი.

ლაპარაკია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე მუხლის „გ“ პუნქტში შესატან დამატებაზე: „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიიღებიან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უშუალო აპარატის/ სამდივნოს/ბიუროს თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა“.

არც ერთი საჯარო მოხელე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე მხოლოდ 5 პირია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული. კანონპროექტის ინიციატორები აფართოებენ ამ პირთა წრეს და რისკის ქვეშ აყენებენ 102 სხვა საჯარო მოხელეს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუდმივ პროფესიულ ფუნქციებს ასრულებენ.

თავის საქმიანობას ახალი პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტად გაყვანაც მმართველმა ძალამ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნების წყალობით მოახერხა, თავის მოღვაწეობას იმით იწყებს, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრების ხელით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ამ ახალი კანონით დაწესებული რეჟიმიდან გაჰყავს.
სანდრო ბარამიძე

ცვლილების ავტორების, დეპუტატების რატი იონათამიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის, განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურა, ადმინისტრაციის როლისა და ფუნქციების გათვალისწინებით, სრულყოფილად ვერ უპასუხებს საჯარო სამსახურის კანონით შემოთავაზებულ ლოგიკას.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რეალურად წარმოადგენენ რა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის, უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს, უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც საკანონმდელო ინიციატივას ახლავს.

სამარცხვინო ამბავი

„სამარცხვინო ამბავია!“ - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატთა ინიციატივას იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე, რომელსაც აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიღებაში.

ბარამიძე იხსენებს 2015 წელს, როცა საქართველოს მთავრობის წინაშე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღების ერთ-ერთ წინაპირობად დაყენებული იქნა ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა კორუფციასთან ბრძოლის ჭრილში. ბარამიძის თქმით, ერთ-ერთი არგუმენტი ასე ჟღერდა: ჯერ ნაადრევია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, მათ შორის იმის გამო, რომ არ არის მიღებული ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ასახავდა ევროპულ სტანდარტებს ამ სფეროში. საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმეთვიანი დაძაბული მუშაობის შედეგად მიღებული იქნა კანონი, რომლის მიზნები სრულად უპასუხებდა ევროკავშირის მოთხოვნებს: „პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მათთვის შესაბამისი გარანტიების შექმნა“, „პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება“, „საჯარო სამსახურში მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის ფორმირება, რაც გამორიცხავს ნეპოტიზმის, პროტექციონიზმისა და მიკერძოების ნებისმიერი ფორმის არსებობას“.

სანდრო ბარამიძის თქმით, ყველა ეს მიღწევა დადგება ეჭვის ქვეშ, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივას.

ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც ასეთი. თქვან, რომ პრეზიდენტს აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ, რადგან ძალიან ბევრს წვალობენ.
გიორგი აბაშიშვილი

„ნიშანდობლივია, რომ თავის საქმიანობას ახალი პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტად გაყვანაც მმართველმა ძალამ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნების წყალობით მოახერხა, თავის მოღვაწეობას იმით იწყებს, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრების ხელით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ამ ახალი კანონით დაწესებული რეჟიმიდან გაჰყავს“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ბნელა?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც (IDFI) მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი საფრთხის წინაშე აყენებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული კვალიფიციური, პოლიტიკურად ნეიტრალური, მერიტოკრატიული და ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება.

საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე სულხან სალაძე რიტორიკულად კითხულობს: „ბნელა ქვეყანაში?“

სულხან სალაძის თქმით, კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობის უაპელაციოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს, არის სირცხვილი და იმის დასტური, რომ შეგვიძლია ყველანაირი რეფორმა გავაფუჭოთ და მივაფუჩეჩოთ.

გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება ლაჩრული, ვერაგული, დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.

„ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც ასეთი. თქვან, რომ პრეზიდენტს აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ, რადგან ძალიან ბევრს წვალობენ. ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა ამ ცვლილების იურიდიულ აბსურდულობას. ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება იმ პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ, თუმცა მათიც მესმის: ამ პროფესიონალებთან, ამ მაღალი დონის პროფესიონალებთან, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ”, - ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

პირადი სიმპათია-ანტიპათია - მთავარი კრიტერიუმი?

რატომ უნდა შეირჩეს ეს გუნდი მისი პირადი სიმპათიისა და ანტიპათიის საფუძველზე და არა იმ გარანტიების და სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სხვა საჯარო მოხელეების მიმართ - ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი.
სანდრო ბარამიძე

რა არსებითი განსხვავებაა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა რომელიმე სამინისტროს ან მთავრობის ადმინისტრაციათა თანამშრომლებს შორის, რომ მათ განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმებს უქვემდებარებენ?

რატომ უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის სტატუსი და რატომ არ უნდა გავრცელდეს ცვლილება საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე?

„განსხვავება რომ ყოფილიყო, 2015 წელს მიღებულ კანონში სათანადოდ აისახებოდა და საჯარო მოხელის სტატუსი არ გავრცელდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. შეიძლება არგუმენტად ითქვას, რომ შეიცვალა კონსტიტუცია, მაგრამ განა არსებითად რა შეცვალა ამ კონსტიტუციამ საჯარო სამსახურის კანონის თვალსაზრისით?

არც არაფერი! პრეზიდენტს ისევ გააჩნია მნიშვნელოვანი ფუნქციები, მათ შორის უმაღლესი მთავარსარდლისა, ვეტოს უფლებისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისა, პატიმართა შეწყალებისა და ა.შ. ამ უფლებამოსილებებს პრეზიდენტი ინარჩუნებს და, ბუნებრივია, ამისათვის მას სჭირდება თანამშრომლების გუნდი, მაგრამ რატომ უნდა შეირჩეს ეს გუნდი მისი პირადი სიმპათიისა და ანტიპათიის საფუძველზე და არა იმ გარანტიების და სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სხვა საჯარო მოხელეების მიმართ - ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად აგრძელებს საჯარო სამსახურის დაკნინებას და აბუჩად აგდებას. „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძის თქმით, როგორც პრეზიდენტი დანიშნა ერთმა ოლიგარქმა თავისი ხუშტურის შესაბამისად, ასევე ცდილობს ეს პრეზიდენტი ადმინისტრაციის თანამშრომლების შეცვლას თავისი ხუშტურის შესაბამისად.

სახალხო დამცველიც წინააღმდეგია

„ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად“, - ასე შეაფასა სახალხო დამცველმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება.

ნინო ლომჯარიას თქმით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ინსტიტუტის ძირითადი არსი მდგომარეობს თანამდებობის პირის პირადი, პოლიტიკური თუ პროფესიული შეხედულებების საფუძველზე მოქალაქის დასაქმებაში. სწორედ ამის გამო, შეზღუდულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრე. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.

საკანონმდელო ინიციატივას მხარს არ უჭერენ უმრავლესობის ცალკეული დეპუტატები. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახური და საჯარო მოხელეობა უნდა იყოს პრესტიჟული დაამიტომ საჯარო სამსახურის რეფორმა არ უნდა დადგეს ეჭვის ქვეშ.

„პროფესიონალებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ შესაბამისი გზა. არა ნეპოტიზმს, კი – პროფესიონალებს“, - განაცხადა აკიკი ზოიძემ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG