Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს დადებს ქალაქში, სადაც არჩევნები წააგო


თელავი
თელავი

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 დეკემბერს დაადასტურა, მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო, რადგან "ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი". ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ვის მიიწვევენ 16 დეკემბერს ფიცის დადების ცერემონიაზე და იქნება თუ არა მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:

„დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, ინაუგურაცია თელავში ჩატარდება. მე მინდოდა ეს ინფორმაცია პირველი ჩემგან გაგეგოთ, თუმცა ახლა გიდასტურებთ. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ შეძლებს მოსვლას. მინდა დავადასტურო, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის იქნება გიორგი მარგველაშვილიც“.

გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. „ბატონის ციხის“ რეაბილიტაცია 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 14 მილიონი ლარი დაჯდა და 2018 წლის მაისში დასრულდა. ერეკლე მეორის სასახლე-მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი ამბობს, რომ ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები თელავში ამ კვირის დასაწყისში იმყოფებოდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს. გურამ ურჩუხიშვილის თქმით, მუზეუმის ადმინისტრაცია ინაუგურაციის ორგანიზების პროცესში ჩართული არ იქნება:

„საერთოდ არავინ არ დამკავშირებია. ალბათ, ან დღის მეორე ნახევარში, ან ხვალიდან შემოვლენ. ჩვენ საორგანიზაციო საკითხებში არ ვერთვებით. ნეიტრალურები ვართ. ინაუგურაციას ის ჯგუფი მოამზადებს, ვინც არის გამოყოფილი“.

საქართველოში თელავი და რუსთავია ის ქალაქები, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. ის სალომე ზურაბიშვილს არ მიიჩნევს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად და ინაუგურაციას შოუს უწოდებს:

„თუ უნდათ, ჩაატარონ თელავში, თბილისში ან ზუგდიდში - სადაც უნდათ, იქ ჩაატარონ ინაუგურაცია. კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება ჩაატარო ინაუგურაცია, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი. მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვეულებრივი შოუ...“

თელავი
თელავი

გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს თელავში არჩევნები 776 ხმით მოუგო. დღეს ჩვენ კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს, ვკითხეთ, რატომ აირჩიეს ინაუგურაციის ადგილად თელავი. გუბერნატორის თქმით, შედეგები არ განსაზღვრავს საინაუგურაციო ადგილს და მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ „ახალი პრეზიდენტის აზრით, რეგიონები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში“:

„ამ შემთხვევაში საარჩევნო შედეგებით არ ირჩევა საინაუგურაციო ადგილი. ამას უფრო სხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს. ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური ხედვა არის ის, რომ რეგიონები უფრო აქტიურად იყოს ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში და თელავის არჩევის მიზეზიც უფრო ეს არის და არა საარჩევნო პროცენტები“.

რა რეაქცია მოჰყვა თელაველებში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილად მათი ქალაქის არჩევას? ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას და რატომ არის მათთვის მიუღებელი ინაუგურაციის თელავში ჩატარება, გამოკითხულთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ 16 დეკემბერს მოუთმენლად ელოდებიან:

„ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი არ არსებობს არც პრეზიდენტად, არც პიროვნებად და, საერთოდ, არც პოლიტიკურ მოღვაწედ. ინაუგურაცია თელავში კი არ უნდა ჩატარდეს, საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან გაყალბების გზით მოვიდა პრეზიდენტად. თელავში იმიტომ წააგო, რომ ხალხი ვერ მოისყიდეს“.

ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმი თელავში
ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმი თელავში

„მართალია, სალომე ზურაბიშვილმა თელავში ვერ მიიღო სახარბიელო მონაცემები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პრეზიდენტს მაინც დიდი სიყვარულით შეხვდებიან თელაველები. სალომე ჩვენ ძალიან გვიყვარს და დიდი ნაწილი მხარს ვუჭერთ. მოუთმენლად ველოდებით ინაუგურაციას“.

საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცი 16 დეკემბერს უნდა დადოს. ინაუგურაციას სპეციალური სამთავრობო კომისია მოამზადებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG