Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისი: კულტურის დედაქალაქის სტატუსი საპარლამენტო დედაქალაქობის ნაცვლად


ქუთაისში არ მოსწონთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პარლამენტის ყოფილ შენობაში საკონფერენციო დარბაზის ამოქმედების შესახებ.

„ქუთაისიდან წაიღეს საგზაო დეპარტამენტი, კონტროლის პალატა, სემეკი, პარლამენტი...“... „ჩვენ დავიბრუნებთ პარლამენტს! მეტი ფუნქცია რეგიონებს!“ - ადგილობრივები პარლამენტის დაბრუნებას ითხოვენ.

სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ყოფნისას თქვა, რომ ამ ქალაქს არაფერი დაუკარგავს პარლამენტის თბილისში გადატანით, რადგან რამდენიმე დღით საპარლამენტო სესიების ქუთაისში გამართვა ვერ აისახებოდა ქალაქის განვითარებაზე.

პრეზიდენტს პარლამენტის ყოფილ შენობაში მაღალი დონის ფორუმებისთვის საერთაშორისო საკონფერენციო დარბაზის მოწყობა წარმოუდგენია.

„რაც პრეზიდენტი გავხდი, ხშირად მომდის შეტყობინებები და ითხოვენ სხვადასხვა ფორუმის მოწყობას. არსად ასეთი ადგილი, გარდა ბათუმისა, არ არის. იმისთვის რომ ასეთი ცენტრი მოეწყოს, პარლამენტის შენობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ცოტა გადაკეთება დასჭირდეს, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერია იქ, რაც საჭიროა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარლამენტის ყოფილი შენობისთვის სხვა ფუნქციის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან წევრები საინიციატივო ჯგუფისა „პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში!“ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ეკა ფხაკაძე ამბობს, რომ კულტურა, საკონფერენციო დარბაზი და სისუფთავე ისედაც უნდა იყოს თავმომწონე ქალაქში, მით უმეტეს - ქვეყნის მეორე ქალაქში.

„საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს ქუთაისისთვის ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ არაფერს ახალს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ იმას რაც გვქონდა და ვაპროტესტებთ იმას, რაც წაგვართვეს. ჩვენ ვაპროტესტებთ ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონებში. ქუთაისიდან წაიღეს - საგზაო დეპარტამენტი, კონტროლის პალატა, სემეკი, პარლამენტი, მიდის საუბარი ბათუმიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანაზე თბილისში. ეს არის პროვინციული დამოკიდებულება რეგიონებისადმი. სწორედ ეს აზიანებს საქართველოს განვითარებას“, - განაცხადა ფხაკაძემ.

„პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი რეგიონებისთვის, ძალაუფლების დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით... ამ სპეციფიკურ შენობას, გარდა პარლამენტისა, სხვა დანიშნულება ვერ ექნება. ამავე დროს, ამდენი საუბარი ამ შენობის მომავალზე აჩენს ხელისუფლების ჩამოუყალიბებლობის განცდას, რაც რეგიონის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამომხატველია“,- ასე ფიქრობს ნუგზარ კოხრეიძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „თაობათა დიალოგი“.

მართალია, ზოგიერთები პრეზიდენტს უნიკალური არქიტექტურის შენობის მომავალზე ფიქრს არ უწუნებენ, მაგრამ მის ინიციატივას ამ ჭრილშიც დაგვიანებულად და არარელევანტურად თვლიან.

„თუ საკონფერენციო დარბაზად გადაკეთება მოიაზრებოდა, მაშინ არ უნდა დაშლილიყო თანამედროვე ტექნოლოგიების ვიდეო და აუდიო აპარატურა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნოდა. საკონფერენციო დარბაზი წარმოუდგენელია ამ ტექნიკური მონაცემების გარეშე. ამის გამო მგონია რომ დაგვიანებულია ეს წინადადება. გარდა ამისა, შენობას აქვს მხოლოდ პარლამენტის სასახლისთვის საჭირო დაგეგმარება და რთული იქნება მისთვის სხვა ფუნქციის მინიჭება“, - ამბობს ჟურნალისტი ლაშა გაგოშიძე.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქუთაისის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქალაქმა დაიბრუნოს კულტურის დედაქალაქის სტატუსი.

„ის უნდა იყოს მუსიკალური ცენტრი და სირცხვილია, რომ მუსიკის დედაქალაქში საკონცერტო როიალი არ არსებობს“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებს პრეზიდენტი წყალტუბოში, დახურულ ფორმატში შეხვდა. სწორედ მათგან მოისმინა, რომ ქუთაისის სამუსიკო სკოლებს, სასწავლებელსა და ოპერის თეატრს არა აქვს გამართული მუსიკალური ინსტრუმენტები.

ქუთაისისთვის საკონცერტო როიალის შეძენის საკითხი არაერთხელ დაისვა კულტურის სამინისტროში, თუმცა - უშედეგოდ. მაღალი ფასიდან გამომდინარე როიალის შეძენა დამოუკიდებლად ვერც ქუთაისის თვითმმართველობამ შეძლო.

როიალის შეძენას ქუთაისელ მუსიკოსებს არც პრეზიდენტი დაპირებია.

საინიციატივო ჯგუფის "პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში!“ წევრები 12 თებერვალს საზოგადოებრივი ჯგუფებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრაზე სლოგანით - „ჩვენ დავიბრუნებთ პარლამენტს! მეტი ფუნქცია რეგიონებს!“ ისინი გააპროტესტებენ ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონებთან მიმართებით.

XS
SM
MD
LG