სოსლან ტადტაევი 24 წლის არის. დაიბადა ცხინვალში. დაიბადა მაშინ, როცა მამამისს, ტამერლან ტადტაევს, ხელში ავტომატი ეჭირა და იბრძოდა. მას შემდეგ ძირითადად შეიარაღებულ ხალხს ხედავდა. მოგვიანებით ტამერლანი ომით დაიღალა და ავტომატის ნაცვლად ხელში კალამი აიღო. წერს მოთხრობებს ომზე, ომის სისასტიკესა და მშვიდობის აუცილებლობაზე. ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის ფარგლებში გაიცნო ქართველი მწერლები დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე. მათთან ერთად ლიტერატურულ პროექტში მიიღო მონაწილეობა.
ქართველი მწერლები ტამერლანის მოთხრობების თარგმნას და გამოცემას აპირებენ, მაგრამ ეს, ალბათ, სხვა რეპორტაჟის თემაა. დავუბრუნდეთ სოსლანს. სოსლანმა მამას მიბაძა და 4 წლის წინ ქართულ-ოსურ პროექტში, „სამშვიდობო ექსპრესში“, მიიღო მონაწილეობა. ქართველი და ოსი ახალგაზრდები ევროპის ქვეყნებში ავტობუსით მოგზაურობდნენ და ეცნობოდნენ ევროპის გამოცდილებას, კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურას, ტრადიციებსა და განათლების სისტემას. სოსლანს მაშინვე გაუჩნდა ევროპული განათლების მიღების სურვილი, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა, რადგან ოს ახალგაზრდებს ორი არჩევანი ჰქონდათ - მიეღოთ განათლება ცხინვალის უნივერსიტეტში ან რუსეთის მიერ აბიტურიენტებისთვის გამოყოფილი კვოტებით სწავლა მოსკოვში, პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გაეგრძელებინათ. სოსლანის აზრით, ევროპული განათლება დღეს ყველაზე ხარისხიანი განათლებაა, რაც მის თანატოლებს მსოფლმხედველობის განვითარების საშუალებას მისცემს:
„სამხრეთ ოსეთში ომი აღარავის უნდა. ეს არის ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ კარგი მეზობლური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და მშვიდობით ვიცხოვროთ. მე ქართულ-ოსური არაფორმალური შეხვედრების მონაწილე არაერთხელ ვყოფილვარ და შემიძლია ვთქვა, რომ არაფორმალურ დონეზე ეს აახლოებს ოსებს და ქართველებს. ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე ეს დიდ გავლენას მოახდენს, მაგრამ ადამიანებს შორის ურთიერთობა არაფორმალურ ფორმატში პროდუქტიულს ხდის ასეთ შეხვედრებს. რაც შეეხება განათლებას, დღეს სამხრეთ ოსეთს არ შეუძლია დამოუკიდებლად განაცხადი გააკეთოს ევროპის სასწავლებლებში, რადგან საქართველოს მხრიდან დაბლოკილია . ეს ან რუსეთის კვოტით უნდა მოხდეს, ან ახალგაზრდა სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში უნდა დარჩეს, მაგრამ ევროპაში სწავლა ახალგაზრდების მსოფლმხედველობას გააუმჯობესებს. მეც სიამოვნებით მივიღებდი ასეთ განათლებას“.
რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართველი და ოსი ახალგაზრდები თბილისში ერთმანეთს შეხვდებოდნენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებდნენ. მანამდე ისინი ძირითადად მესამე ქვეყნებში ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. იმუშავეს და შექმნეს ქართულ-ოსური ახალგაზრდული თანამშრომლობის საგზაო რუკა, რომელიც ქართულ-ოსური „სამოქალაქო ფორუმის“ პროექტის, „ცვლილებათა ხედვის“, ნაწილია. საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი ამ პროცესში ჩართული იყო. მისი აზრით, ოსი და აფხაზი ახალგაზრდები გაიზარდნენ სტერეოტიპებით გაჯერებულ და პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფ საზოგადოებაში, ამიტომ პირადი შეხვედრები, ფორმალური და არაფორმალური განათლება ამ სტერეოტიპების ნგრევას უწყობს ხელს:
განათლების პრიორიტეტულად დასახვა მნიშვნელოვანია. საკმაოდ დიდი ხანია მოწყვეტილები ვართ განათლების სივრცეს, სადაც ოსები და ქართველები ერთად იღებენ განათლებას, ამიტომ ამას ექნება სამშვიდობო დანიშნულება, ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართველებისა და ოსების ურთიერთობის დარეგულირების საკითხში...ნაირა ბეპიევა
„ეს საზოგადოებები, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ჩაკეტილია, განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩვენგან იზოლირებულად იზრდებიან და, შესაბამისად, იმ საზოგადოებაში შექმნილი ნარატივები, იქნება ეს ადგილობრივი თუ მხარდაჭერილი რუსეთის მიერ, ეს ნარატივები ძალიან სერიოზულად ვითარდება. მე ვფიქრობ, ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად ყველაზე კარგი საშუალებაა შეხვედრა. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე საათში რადიკალურად შეიცვალა მათი წარმოდგენები ქართველებზე, წარმოდგენები, ზოგადად, საქართველოზე. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში გონებაგახსნილი, თავისუფლად მოაზროვნე, კრეატიული თაობა თუ წამოვა ახალგაზრდების, რასაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს განათლება დასავლეთში, ეს თაობა იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი რუსული ნარატივებისგან. როგორც კი დაიწყებენ ფიქრს იმაზე, რომ წარსულში ცხოვრება, საითკენაც რუსეთს მიჰყავს საქმე, არ არის გამოსავალი და ჩვენ უნდა მომავლისკენ ვიყურებოდეთ, თუ შემდგომ როგორ ვიცხოვროთ ერთად და რა პერსპექტივები არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი საზოგადოების განვითარება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ჩვენ ოს, აფხაზ ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ შესაძლებლობები, რომ დაინახონ მსოფლიო და მიხვდებიან, რომ მსოფლიო ნამდვილად არ იწყება და არ მთავრდება რუსეთით და საქართველო არის გზა მათთვის ახალი შესაძლებლობებისკენ“.
ნაირა ბეპიევა დიდი ხანია თბილისის უნივერსიტეტში ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო საკითხებზე მუშაობს. მისი აზრით, ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ყველა თაობის ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ახალგაზრდებს კი საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივით განათლების ახალი პერსპექტივა ეხსნებათ:
„აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესში, რადგან მათთვის ეს არის ახალი ხილი. იმათ ხომ არ უმუშავიათ აქეთ ახალგაზრდებთან და აი, ამ გზით, განათლებისა და მეცნიერების გზით მათ შეუძლიათ, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშონ ამ მნიშვნელოვან საქმეში. განათლების პრიორიტეტულად დასახვა მნიშვნელოვანია. საკმაოდ დიდი ხანია მოწყვეტილები ვართ განათლების სივრცეს, სადაც ოსები და ქართველები ერთად იღებენ განათლებას, ამიტომ ამას ექნება სამშვიდობო დანიშნულება, ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართველებისა და ოსების ურთიერთობის დარეგულირების საკითხში“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ფორუმის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით ქართულ-ოსური ახალგაზრდული პროექტის, „ცვლილებათა ხედვის“, შედეგებისა და აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცემული „ქართულ-ოსური ახალგაზრდული თანამშრომლობის საგზაო რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა. ამ პრეზენტაციას ოსი ახალგაზრდებიც დაესწრნენ. საგზაო რუკის მიხედვით, ახალგაზრდები ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ფორმალურ, არაფორმალურ და დისტანციურ განათლებას მიიჩნევენ. სამოქალაქო ფორუმის თავმჯდომარე თემურ არბოლიშვილი ამბობს, რომ ამ შედეგამდე ახალგაზრდები წლების განმავლობაში მიდიოდნენ. შედეგი ნელა, მაგრამ მაინც დადგა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია:
„ჩვენ ყოველთვის გვქონდა მსჯელობა, ქართველ და ოს ახალგაზრდებს, იმის თაობაზე, რომ შეგვემუშავებინა ერთიანი სამოქმედო გეგმა და დაგვეფიქსირებინა, სად შეგვიძლია თანამშრომლობა და რისი რესურსები აქვს ქართველ და ოს ახალგაზრდობას იმისთვის, რომ იმუშაოს მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით. ამ წლების განმავლობაში ვაგროვებდით იმ ინიციატივებს, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ახორციელებდნენ. მიმართულებებს ვხვეწდით, ვიკვლევდით, ზოგადად, ოსი ახალგაზრდების რესურსებს, მათი ჩართულობის შესაძლებლობებს და როდესაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, დავიწყეთ გრძელვადიან პროგრამაზე მუშაობა“.
ცხინვალსა და სოხუმში სოსლანს და მის თანატოლებს საქართველოს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ხარისხიანი განათლების მისაღებად ალტერნატიულ არჩევანს სთავაზობს: გამარტივებული და სტატუსნეიტრალური ფორმატით დიპლომის აღიარება და სწავლის გაგრძელება ევროპის სასწავლებლებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით. გარდა ამისა სახელმწიფო ასეთ სტუდენტებს, განათლების საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით ინდივიდუალურ დაფინანსებასაც სთავაზობს. ჯერჯერობით მსურველთა რაოდენობა დიდი არ არის. პროექტის ავტორებმა იციან, რომ პროცესი ხანგრძლივი იქნება და ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ დარწმუნებულნი არიან, რომ პირველ მერცხალს აუცილებლად სხვა მერცხლებიც მოჰყვებიან.