Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაოსის გეოპოლიტიკა: ინტერვიუ პიერ რაზუსთან


პიერ რაზუ
პიერ რაზუ

„ისტორია დაიწყო შუმერში“ - დაწერს სამუელ კრამერი, ისტორიკოსი, რომლის წიგნებზეც ასირიოლოგების არაერთი თაობა გაიზარდა. ამ სიტყვებით სამუელ კრამერს უნდოდა ხაზი გაესვა, რომ დამწერლობა განუყრელადაა დაკავშირებული თვით ისტორიის ცნებასთან.მაგრამ იქ, სადაც დამწერლობა დაიწყო ათასწლეულების წინ, ათწლეულებია, რაც ისტორია სისხლით იწერება.

იმპერიების გზაჯვარედინებზე მდებარე და გეოპოლიტიკურ ქაოსში ჩაძირული ახლო აღმოსავლეთი ჯვარედინ ცეცხლშია მოქცეული.დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, ჯარი გაიყვანოს სირიიდან,მხოლოდ გაზრდის ამ გეოპოლიტიკურ ქაოსს.

რუსეთის და ამერიკის მიზანია, შეინარჩუნონ გარკვეული დონის დაძაბულობა, რაც ხელს უწყობს მათი სტრატეგიული ღირებულების ამაღლებას რეგიონში. ეს მათ საშუალებას აძლევს გაყიდონ იარაღი, აკონტროლონ სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტები...
პიერ რაზუ

ვინ არიან ის პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ქაოსის ცეცხლს შეშას არ აკლებენ? რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ ქაოსმა საქართველოზე? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრე პარიზის სამხედრო სკოლის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IRSEM) ხელმძღვანელს, პიერ რაზუს, ავტორს ფუნდამენტური ნაშრომებისა ახლო და შუა აღმოსავლეთის კონფლიქტებზე, ისე საქართველოს ისტორიაზე.

პიერ რაზუ: დღეს, ახლო აღმოსავლეთში ორი ცივი ომი ერთმანეთზე შრეებადაა დაწყობილი. ამ ორი ცივი ომის ასახსნელად საჭიროა დააკვირდე რეგიონში მოქმედ ქვეყნებსა და კოალიციებს. პირველი კოალიცია წარმოდგენილია ირანით და რუსეთით. ეს ორი ქვეყანა აკონტროლებს დღეს ერაყს, სირიასა და ლიბანს. აქ დავამატებდი, რომ ამ ორივე მოთამაშეს სურს ლიდერობა და ორივე ერთმანეთში პაექრობს.

სამხრეთში, ვხედავთ მეორე კოალიციას ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით: ვაშინგტონი აქ ეყრდნობა ისრაელს, იორდანიას, საუდის არაბეთს და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს. მაგრამ არსებობს კიდევ მესამე ძალა - ჩინეთი, რომლიც ორივე მხარის წინააღმდეგ არის და რომელიც პასიურად აკვირდება კონფლიქტს. პირველ ცივ ომში ერთმანეთს უპირისპირდებიან რუსეთი და ამერიკა და მეორე ცივ ომში ისრაელი, საუდის არაბეთი უპირისპირდებიან ირანს.

ლ. ო.: რა მიზნები აქვთ რეგიონში მოთამაშე ქვეყნებს?

პ. რ.: რუსეთის და ამერიკის მიზანია, შეინარჩუნონ გარკვეული დონის დაძაბულობა, რაც ხელს უწყობს მათი სტრატეგიული ღირებულების ამაღლებას რეგიონში. ეს მათ საშუალებას აძლევს გაყიდონ იარაღი, აკონტროლონ სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტები და, რა თქმა უნდა, ითამაშონ მფარველის როლი.

ლ. ო.: პარადოქსულად მფარველის როლს დღეს რუსეთი უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე ამერიკა, რომელმაც მიატოვა ქურთი მოკავშირეები... ის ქურთები, რომელთა ხელითაც მიაღწია გამარჯვებას "ისლამურ სახელმწიფოზე",...

პ.რ.: ბაშარ ასადის დაცვით რუსეთი აჩვენებს მსოფლიოს ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებს, რომ რუსეთთან ალიანსის შემთხვევაში კრემლი მათ გვერდზე ბოლომდე იდგება. რუსების მესიჯი მარტივია: „ხვალ თქვენ შეიძლება დაკარგოთ დასავლეთის თანადგომა იმის გამო, რომ გააყალბებთ არჩევნებს ან სისხლში ჩაახშობთ სახალხო პროტესტს. იცოდეთ, რომ დასავლეთისგან განსხვავებით ჩვენ ყოველთვის დაგიცავთ“. და მოსკოვის ამ პოლიტიკამ უკვე გამოიღო ნაყოფი: საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თუ იორდანიაში. მაგალითად, მუჰამად ბენ-სალმანი ძალიან განხიბლული დარჩა დასავლეთის რეაქციით ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ რუსების მკვეთრ დაახლოებას საუდის არაბეთთან და მომავალში იქ რუსების სამხედრო ბაზის გახსნასაც კი...

ლ. ო.: ფანტასმაგორიულად მიმაჩნია ეს...

პ.რ.: გაიხსენე სადამ ჰუსეინის გადაწყვეტილება 70-იანი წლების ბოლოს... ერაყის დიქტატორმა მაშინ გადაწყვიტა, რომ არ შეიძლებოდა მარტო კრემლის იმედად ყოფნა და დაიწყო ამერიკასთან და ევროპასთან დაახლოება. რატომ არ უშვებ, რომ იგივე შეიძლება გაიმეოროს მუჰამედ ბენ-სალმანმა, რომლის მმართველობის სასტიკი სტილი სულ უფრო აშორებს მას დასავლეთისგან...

ლ. ო.: და რა მიზნები ამოძრავებს ჩინეთს?

პ. რ.: რაც შეეხება ჩინეთს - მას სურს მდგომარეობის დაშოშმინება, რათა პეკინმა ეკონომიკური ინტერვენცია განახორციელოს რეგიონში: პირველ რიგში განახორციელოს ერაყის და სირიის რეკონსტრუქცია, მაგრამ ასევე ინვესტიციები ისრაელში, ლიბანში, იორდანიასა და საუდის არაბეთში.ჩინეთი იმედოვნებს, რომ მილიარდების დახარჯვით იგი გახდება რეგიონის მთავარი მოთამაშე. პეკინმა იცის, რომ თუ დღეს ამერიკას მოუნდა, შეძლებს ენერგეტიკულ ბლოკადაში მოაქციოს ჩინეთი, ამიტომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარი სახმელეთო ენერგეტიკული მარშრუტები „გაჭრას“ და თავი დაიზღვიოს ამერიკის ენერგეტიკული ბლოკადისგან.

ალიანსთან თურქეთის გაუცხოების შემთხვევაში ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ნატომ უფრო შორს განიზრახოს თავისი ძალების პროეცირება, მით უმეტეს მაშინ როცა, ალიანსის შიგნით საქმე იდეალურად არ არის...
პიერ რაზუ

ლ. ო.: მოდი რუსეთის ენერგეტიკულ მარშრუტებზე ვისაუბროთ...

პ. რ.: რუსეთის ხელშია ტარტუსის და ლატაკიეს სამხედრო ბაზები და ამით ის აკონტროლებს სირიის ხმელთაშუაზღვისპირა ზოლს. ამგვარად რუსეთი ფლობს „ონკანს“, რომელიც მომავალში საუდის არაბეთის, ქუვეითის, ყატარის, ერაყის თუ ირანის ნავთობსა თუ გაზს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპას მიაწოდებს. აქ მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ რუსეთი, (რომელიც მძლავრადაა წარმოდგენილი კვიპროსზე), თურქეთს რკალში აქცევს და მის იზოლაციას ახორციელებს. ამგვარად, კრემლი აიძულებს ანკარას ჰქონდეს მასთან პირდაპირი დიალოგი, იქნება ეს თურქეთის ენერგეტიკული პროექტები, თუ ზოგადად თურქეთის საგარეო პოლიტიკა.

ვინაიდან რუსეთი აკონტროლებს სირიის სანაპირო ზოლს, ირანი და ერაყი პირველ რიგში, მაგრამ ასევე ყატარი, ქუვეითი თუ საუდის არაბეთი, შეეცდებიან სხვა გზები მონახონ გაზისა და ნავთობის ხმელთაშუა ზღვით ტრანსპორტირებისათვის. ასეთ გზას წარმოადგენს ლიბანი. მაგრამ ამ გზაზე მარშრუტის „გაჭრისათვის“ საჭირო იქნება გაკონტროლებულ იქნეს ბეირუთ-დამასკოს ღერძი. პარადოქსულად აქ, ამ მუსლიმური ქვეყნების ინტერესები ემთხვევა ისრაელის ინტერესებს, რომელსაც სურს ხმელთაშუა ზღვაში არსებული გაზის საბადოების ექსპლუატაცია დაიწყოს. დღეს ისრაელის გაზის საბადოებს ემუქრება ლიბანის ჰეზბოლა, მაგრამ თუ ისრაელი მონახავს კომპრომისს ირანთან, მაშინ ჰეზბოლაც განეიტრალებულ იქნება. ასე რომ, ერთადერთი ქვეყანა, ვის ინტერესებშიცაა არასტაბილური ლიბანი - ეს რუსეთია.

ლ.ო.: შენ ფიქრობ რომ ახლო მომავალში კომპრომისი ისრაელსა და ირანს შორის შესაძლებელია?

პ.რ.: ისრაელმა იცის, რომ ერთ დღეს მოუწევს ირანთან მოლაპარაკებების დაწყება (თუ უკვე არ აქვს დაწყებული საიდუმლო მოლაპარაკებები თეირანთან). მან ასევე იცის, რომ საუდის არაბეთი ძალზე არასტაბილური ქვეყანაა, ასე რომ, თელ-ავივის ალიანსი ელ-რიადთან ტაქტიკურია და მისი მიზანია, მაქსიმალურად დაასუსტოს თეირანი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მასთან მოლაპარაკებები. ირანი კი თავის მხრივ ჩართულია იემენის სამოქალაქო ომში და ამგვარად ცდილობს მაქსიმალურად დაასუსტოს ისრაელის პარტნიორი საუდის არაბეთი.

ლ. ო.: მოდი თურქეთზე ვისაუბროთ, რეგიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეზე. ერდოანი სულ უფრო და უფრო ირაციონალური ხდება: აგერ თურქეთის პროკურატურამ გასცა მანდატი 1112 ე.წ. გიულენისტის (ფეთულა გიულენის მიმდევრის) დაპატიმრებაზე. და ეს მაშინ, როცა ათიათასობით სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე დაპატიმრებული ან სამსახურიდან დათხოვნილია. ამასთან, თურქეთის პოლიტიკაში სეკულარული სივრცე შაგრენის ტყავივით პატარავდება. საით მიდის თურქეთი და მისი სულთანი?

პ. რ.: ერდოანს პირველ რიგში უნდა სულ ცოტა 2023 წლამდე დარჩეს ქვეყნის სათავეში, რათა თურქეთის რესპუბლიკის ასი წელი იზეიმოს. ვფიქრობ, რომ მას ასევე ქვეყნის ისლამურ რესპუბლიკად ტრანსფორმაცია სურს. მაგრამ ეს ძალიან დელიკატურია თემაა და ამ წუთას ეს თემა ტაბუირებულად რჩება ნატოში. ალიანსში წარმოდგენა არა აქვს არავის, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი ისლამური რესპუბლიკის სახეს მიიღებს... ერთი რამ ცხადია - თურქეთი სულ უფრო შორდება ალიანსს...

ლ. ო.: შარშან ერდოანმა ინჩირლიკისა და კონიას ავიაბაზებზე არ შეუშვა გერმანიის ბუნდესტაგის წევრები, რომლებსაც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი გერმანელი მფრინავების მონახულება უნდოდათ. ამის მიზეზი იყო ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის აღიარება. ახლახან მაკრონმა გამოაცხადა, რომ 24 აპრილი იქნება სომხების გენოციდის მოგონების დღე. დარწმუნებული ხარ, რომ ხვალ ერდოანი არ ჩაკეტავს იზმირის სამხედრო ბაზას თქვენთვის? ხომ არ გახდება ეს სიტუაცია შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსათვის? თურქეთის ნატოსგან სულ უფრო დაშორების შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს ტერიტორია უფრო მიმზიდველი გახდეს დასავლეთის სამხედროებისათვის?

სინამდვილეში ვაშინგტონს სურს მაქსიმალურად შეამციროს საკუთარი ბაზების რაოდენობა მსოფლიოში და მხოლოდ სასიცოცხლო ინტერესები დაიცვას. ახალი ლოგიკის მიხედვით, ვაშინგტონის მიზანია კომერციული და განსაკუთრებით საზღვაო კომერციული გზების დაცვა...
პიერ რაზუ

პ. რ.: ალიანსთან თურქეთის გაუცხოების შემთხვევაში ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ნატომ უფრო შორს განიზრახოს თავისი ძალების პროეცირება, მით უმეტეს მაშინ როცა, ალიანსის შიგნით საქმე იდეალურად არ არის. მე ვგულისხმობ ტრამპის ძალზე ორაზროვან განცხადებებს ალიანსის საჭიროებაზე...

ლ. ო.: მე უფრო პოსტტრამპის პერიოდის ვაშინგტონს ვგულისხმობდი...

პ. რ.: ტრამპის პირობებში ამერიკის საგარეო პოლიტიკამ იმხელა ტრანსფორმაცია განიცადა, რომ მე მიჭირს ტრამპის შემდგომი ამერიკის პოლიტიკაზე რაიმე ვთქვა. განსაკუთრებით, თუ ტრამპს მეორეჯერაც აირჩევენ. ახლა ტრამპის ადმინისტრაცია თავდაცვითი სტრატეგიის რეორგანიზაციის პროცესშია. ეს რეორგანიზაცია მდგომარეობს სტრატეგიულ უკან დახევაში. ტრამპი ამ უკან დახევას ფუთავს ძალიან აგრესიულ დისკურსში, მაგრამ ამ დისკურსის მიზანი მსოფლიოსათვის თვალებში ნაცრის შეყრაა. სინამდვილეში ვაშინგტონს სურს მაქსიმალურად შეამციროს საკუთარი ბაზების რაოდენობა მსოფლიოში და მხოლოდ სასიცოცხლო ინტერესები დაიცვას. ახალი ლოგიკის მიხედვით, ვაშინგტონის მიზანია კომერციული და განსაკუთრებით საზღვაო კომერციული გზების დაცვა. ტრამპის ადმინისტრაციის აზრით, ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები აქვს, მაგალითად, ბაბ-ელ-მანდების, ჰორმუზის რუტეში, სუეცის არხში, მაგრამ არა, მაგალითად, კორეის ნახევარკუნძულზე... ასე რომ, ტრამპი იზოლაციონალისტი არ არის, როგორც მას ხშირად წარმოადგენენ. სუეცის არხს ან ჰორმუზს რომ რაიმე დაემუქროს, ვაშინგტონი მთელ ძალას მოიკრებს და ისე გაანადგურებს საფრთხეს. მაგრამ რაც შეეხება ცივი ომის შემდგომ ეპოქას, როდესაც ვაშინგტონს ჩვევად ჰქონდა გაეგზავნა სამხედროები იქ, სადაც ჰუმანიტარული კატასტროფაა, ან სადაც ავტოკრატი თავის მეზობელ ქვეყანას ემუქრებოდა - ეს აღარ გამეორდება. ასე რომ, დღეს სამხრეთ კორეელები, ვიეტნამელები, ტაივანელები აკვირდებიან ამერიკის ამ სტრატეგიულ უკან დახევას და ამის გამო ძალიან შეშფოთებული არიან. ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ამერიკა მათ დაიცავს. ტაივანელებმა და სამხრეთ კორეელებმა მშვენივრად იციან, რომ იაპონიისგან განსხვავებით ამერიკას არ აქვს სასიცოცხლო ინტერესები მათ ქვეყანაში.

ლ. ო.: კი, მაგრამ ამერიკას სამხრეთ კორეაში სამხედრო ბაზა აქვს...

პ. რ.: ტრამპმა უკვე განაცხადა რომ სამხრეთ კორეაში ბაზის შენარჩუნების აზრს ვერ ხედავს. თუ ორ წელიწადში ისევ გაიმარჯვებს ტრამპი, დარწმუნებული ხარ, რომ არ დაუბრუნდება ამ იდეას? და იქნება იმ დროს პენტაგონში ვინმე, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს პრეზიდენტს?

ლ. ო.: სირიიდან ჯარის გამოყვანა ამ ლოგიკის ნაწილია?

პ.რ.: ამ მხრივ, სირიიდან ჯარის გამოყვანა აბსოლუტურად თანამიმდევრულია, ვგულისხმობ ტრამპის ლოგიკას. რა აზრი აქვს სირიაში ყოფნას, თუ ეს ზონა მაინც რუსეთის და ირანის ზეგავლენის ქვეშაა? ამის მაგივრად არ ჯობს კონცენტრირება მოვახდინო იმ ზონაზე, რომელიც ჩემს სასიცოცხლო ინტერესშია - საუდის არაბეთზე, ისრაელსა და იორდანიაზე? - აი, ესაა ვაშინგტონის ლოგიკა დღეს.

ლ. ო.: მაგრამ ამით მათ მიატოვეს საკუთარი მოკავშირე ქურთები...

რაც შეეხება საქართველოს - ჩემის აზრით, 20-30 წელიწადში საქართველოს მთავარი გამოწვევა არა რუსეთი ან თურქეთი, არამედ ჩინეთი იქნება. შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს ამ აზრს, მაგრამ დააკვირდი ჩინეთს: პეკინი დღეს ყველაფერს ყიდულობს...
პიერ რაზუ

პ.რ.: კი, მაგრამ ქურთები იმ ზონაში არიან, რომელიც რუსეთისა და ირანის გავლენის ქვეშაა... აი, კონკრეტული მაგალითი: ტრამპი ცდილობს, რომ ზეგავლენა იქონიოს ერდოანზე, რათა ამ უკანასკნელმა არ გაილაშქროს სირიელი ქურთების წინააღმდეგ. ტრამპი ემუქრება კიდევაც ანკარას. სინამდვილეში ქურთების საკითხზე ვაშინგტონს არავითარი ბერკეტი არ აქვს და სირიელი ქურთების ბედი მოსკოვსა და თეირანზეა დამოკიდებული. ერდოანი, რომელსაც ერთი სული აქვს ქურთები გასრისოს, ვერაფერს ვერ გააკეთებს თუ მოსკოვისგან და თეირანისგან არ მიიღებს მწვანე შუქს. ეს მას კარგად ესმის და ამიტომაც ჩაბმულია ასტანის პროცესში.

ლ. ო.: ამერიკელებმა ასევე მიატოვეს თავიანთი ფრანგი თუ ბრიტანელი მოკავშირეები... მე რამდენადაც ვიცი, არც თქვენ და არც ბრიტანელებს არ გაქვთ ელემენტალური ლოგისტიკა, მაგალითად, სირიიდან დაჭრილების ევაკუაციისთვის... რეგიონიდან აშშ-ს გამოსვლის შემდეგაც აპირებთ თქვენ იქ დარჩეთ?

პ. რ.: ამ კითხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემ...

ლ. ო.: კარგი. მოდი თურქეთს დავუბრუნდეთ: მოსკოვსა და ანკარას შორის თანამშრომლობა სულ უფრო იზრდება, იქნება ეს ენერგეტიკული, ეკონომიური თუ იგივე სამხედრო... რა საფრთხეების შემცველია ეს საქართველოსათვის?

პ. ო.: გეთანხმები, რომ თანამშრომლობა იზრდება, მაგრამ მათი დიალოგი რთულად მიდის. ისევე, როგორც ირანისა და რუსეთის შემთხვევაში. ასე რომ, თუ ანკარა მოსკოვისგან იყიდის ანტისაჰაერო დანადგარებს, ეს არ ნიშნავს, რომ მათი თანამშრომლობა შეიძლება სტრატეგიულ ალიანსში გადაიზარდოს.

რაც შეეხება საქართველოს - ჩემის აზრით, 20-30 წელიწადში საქართველოს მთავარი გამოწვევა არა რუსეთი ან თურქეთი, არამედ ჩინეთი იქნება. შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს ამ აზრს, მაგრამ დააკვირდი ჩინეთს: პეკინი დღეს ყველაფერს ყიდულობს აფრიკაში, შუა აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელშიც კი. ისრაელში მათ უნდოდათ ჰაიფის პორტის ყიდვა. მხოლოდ ვაშინგტონის ჩარევის შემდეგ (რომელმაც თელ-ავივს მიანიშნა, რომ ეს მათთვის წითელი ხაზი იყო), ისრაელის მთავრობამ უარი თქვა პორტის გაყიდვაზე. ჩინეთს უდიდესი საინვესტიციო პროექტები აქვს განხორციელებული ისრაელში: 2018 წლის სექტემბერში მათ გახსნეს სწრაფი მატარებლის ხაზი, რომელიც თელ-ავივს, იერუსალიმს და ბენ-გურიონის აეროპორტს ერთმანეთთან აკავშირებს...

საქართველო შევიდა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. ეს არის პოსტ-ცივი ომის შემდგომი პერიოდი. ეპოქა, როცა ამერიკა ცდილობდა დომინანტი მოთამაშე ყოფილიყო რეგიონში, წარსულს ჩაბარდა. ამას დაამატე, რომ ევროპა და ნატო სავალალო მდგომარეობაშია...
პიერ რაზუ

ჩვენც ძალიან შეშფოთებული ვართ ჩინეთის აგრესიული პოლიტიკით და რამდენიმე დღის წინ კანბერასთან ხელმოწერილი 34-მილიარდიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, საფრანგეთმა ავსტრალიის საზღვაო ძალებს 12 წყალქვეშა ნავი უნდა აუშენოს, ამის ნათელი მაგალითია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კონტრაქტი შეანელებს ჩინელების აქტიურობას ინდოეთის ოკეანის მიმართულებით.

ლ. ო.: რატომ არის ჩინეთი საქართველოსთვის გამოწვევა?

პ. რ.: ე.წ. აბრეშუმის გზა თუ როგორც მას მეორენაირად One Belt One Road უწოდებენ, ეს არ არის პროექტი, ეს ჩინელების დევიზია, რომლის მიზანიც დასავლეთისკენ აგრესიული ექსპანსიაა. შუა აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკის გავლით მათ წყნარ ოკეანემდე უნდათ მისვლა. და, რაც მნიშვნელოვანია, ჩინელებისათვის არანაირი ღირებულებითი პრინციპი არ არსებობს: რაც უფრო კორუმპირებულია მთავრობა, მით უკეთესია მათთვის. აქედან გამომდინარე, ჩინეთი პირველ რიგში რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისათვის, რომლის დემოკრატიული ინსტიტუტები საკმარისად არ არის განვითარებული.

ზოგადად ხაზი უნდა გაესვას ფაქტს, რომ საქართველო შევიდა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. ეს არის პოსტ-ცივი ომის შემდგომი პერიოდი. ეპოქა, როცა ამერიკა ცდილობდა დომინანტი მოთამაშე ყოფილიყო რეგიონში, წარსულს ჩაბარდა. ამას დაამატე, რომ ევროპა და ნატო სავალალო მდგომარეობაშია: დღეს ჩვენი ერთადერთი საზრუნავია, როგორმე საკუთარი ერთიანობა გადავარჩინოთ და არანაირ გაფართოებაზე ჩვენ არ ვფიქრობთ. ტრამპის განცხადებების შემდეგ კი ყველა კითხულობს, რა ბედი ელის ხვალ ნატოს. ასე რომ, დღეს საქართველო უბრუნდება თავის გეოპოლიტიკურ სივრცეს რეგიონისთვის დამახასიათებელი გამოწვევებითა და საფრთხეებით. და თუ დღეს საქართველოსთვის ეს გამოწვევები რუსეთი, თურქეთი ან ირანია, 20-30 წელიწადში მათ ჩინეთი ჩაანაცვლებს.

XS
SM
MD
LG