Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოკედელი გორში


გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრებმა ქალაქში აქცია დაიწყეს. ისინი ცენტრალურ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ, კედლები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დარჩენილი სააგიტაციო პლაკატებისგან გაწმინდეს და საკუთარი ფოტოები გამოფინეს.

​​მეტი ხელოვნება ქალაქს, მეტი ხელოვნება ქუჩებში - ეს არის ფოტოგრაფთა კლუბის მიზანი, რომლის მიღწევასაც სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. ამ აქციით ახალგაზრდებმა პოლიტიკოსებს შეახსენეს, რომ ქალაქის კედლებიდან, მიწისქვეშა გადასასვლელებიდან და მოსაცდელებიდან დროულად უნდა ჩამოიხსნას საარჩევნო პლაკატები.

ფოტოგრაფთა კლუბის წევრების აზრით, ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა და საზოგადოებას ამის მაგალითი, პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა უნდა მისცენ.

კედლებში ჩამჯდარი პლაკატების ჩამოფხეკა არც ისე ადვილი საქმე გამოდგა, თუმცა ახალგაზრდებმა ერთობლივი ძალებით ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბი მაინც გაასუფთავეს და იქ საკუთარი ფოტოები გამოფინეს. კლუბის წარმომადგენელი ოთარ გვრიტიშვილი ამბობს, რომ ფოტოგრაფთა კლუბი მაქსიმალურად ცდილობს ხელოვნება გარეთ გაიტანოს და ამით გზავნილები საზოგადოებასაც მიაწოდოს.

მარიამ თოფჩიშვილი ფოტოგრაფთა კლუბის წევრია. მისი აზრით, ხელოვნება მაქსიმალურად უნდა გავიდეს ქუჩაში და ადამიანებს, სამუზეუმო სივრცეების გარდა, ქუჩაშიც უნდა სთავაზობდნენ გემოვნებით შესრულებულ პროდუქციას.

ფოტოკედელი - ასე უწოდეს გვირაბში გაკრულ ფოტოებს კლუბის წევრებმა. ამ ფოტოებთან გორელები ჩერდებიან და ათვალიერებენ. ზოგმა საკუთარი თავიც კი აღმოაჩინა.

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ქალაქში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და იქ ფოტოხელოვნებით დაინტერესებული პირები გაერთიანდნენ, რომლებიც წელიწადში რამდენჯერმე საკუთარი ნამუშევრების გამოფენას აწყობენ, თუმცა მათი საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება, ისინი მუდმივად აქტიურობენ სხვადასხვა სოციალური აქციების დროს.

XS
SM
MD
LG