Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფაშინიანსა და წარსულს შორის" - რა პერსპექტივა აქვს რუსეთს სომხეთში?


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

ათწლეულების განმავლობაში, სომხეთი უსაფრთხოების გარანტად მეტწილად მოსკოვს და ქალაქ გიუმრიში მოქმედ რუსეთის 102-ე ბაზას ხედავდა. დღეს ერევანი გაწბილებულია.

დიდი ალბათობით, სიმართლეს არ შეესაბამება ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაცია, რომ სომხეთის ხელისუფლებაში რუსული სამხედრო ბაზის დაბეგვრაზე მსჯელობენ. სიტყვები, რომლებსაც საინფორმაციო სააგენტოები და ტელეგრამარხები ნიკოლ ფაშინიანს მიაწერდნენ, სომხეთის პრემიერ-მინისტრს არ დაუდასტურებია.

თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მათ შორის - რუსი ექსპერტები, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაძევების საფუძველს ხედავენ.

ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანს დანებდებოდა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხის სრულად რუსეთისთვის მინდობას.

19 სექტემბერს, ერთდღიანი, ფართომასშტაბიანი წარმატებული სამხედრო შეტევის შემდეგ, რომელსაც აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ოპერაცია უწოდა, ბაქომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში სუვერენიტეტი აღადგინა. უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ეთნიკურმა სომხებმა ყარაბაღიდან მასობრივი გამოსვლა დაიწყეს.
27 სექტემბრის მონაცემებით, ყარაბაღიდან სომხეთში უკვე გადავიდა 50 ათასზე მეტი ადამიანი.

"გიუმრის ბაზა" - 2044 წლამდე

როდესაც, 2018 წელს, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ხელისუფლების სათავეში ხავერდოვანი რევოლუციის მძლავრი ტალღით მოვიდა, ერევანს უკვე გახანგრძლივებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გიუმრიში, 2044 წლამდე დარჩებოდა.

2010 წლის აგვისტოში განახლდა 1995 წელს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, "გიუმრის ბაზის" ვადა 2020 წელს უნდა ამოწურულიყო. იმ დროისთვის, ძველი ხელშეკრულებით, 10 წელი კიდევ იყო დარჩენილი, მაგრამ მოსკოვმა თადარიგი დაიჭირა.

სწორედ ვადის გახანგრძლივების დროს, რუსეთმა სომხეთს საგანგებო დახმარების პირობაც მისცა.

„რუსეთის სამხედრო ბაზა უზრუნველყოფს აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას. რუსეთის მხარე დაეხმარება სომხეთს შეიარაღებითა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვაში", - ამბობდა, 2010 წელს, სომხეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედვარდ ნალბანდიანი.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, „გიუმრის ბაზაზე“, როგორც „სომხეთის უსაფრთხოების ძირითად გარანტზე“, თავად ნიკოლ ფაშინიანიც ლაპარაკობდა და პერიოდულად, საგანგებოდ ჩადიოდა გიუმრიში - რომელმაც წლების განმავლობაში „ყველაზე პრორუსული ქალაქის“ სტატუსიც მოიპოვა.

სომხეთს დრო დასჭირდა, რომ რუსეთის დაპირებების უსაფუძვლობა ფაქტებით დაედასტურებინა.

უკვე 2023 წელს, ყარაბაღის საკითხის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემდეგ, ფაშინიანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთზე სრული დამოკიდებულება „სტრატეგიული შეცდომა“ იყო.

„რუსეთს ალბათ გამოაძევებენ სომხეთიდან, გაწყვეტენ ხელშეკრულებას და ჩვენს სამხედრო ბაზას [102-ე] გამოაგდებენ სომხეთიდან... თუკი ფაშინიანი პოსტზე დარჩება და გააგრძელებს ამ გზას, რომ გაწყვიტოს ჩვენი [რუსეთ-სომხეთის] სამეკავშირეო ურთიერთობები. ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძვლები - რუსეთს რომ შეესრულებინა თავისი წილი სამეკავშირეო ურთიერთობები, ფაშინიანიც ვერაფერს იზამდა, რომც მოენდომებინა“, - ამბობს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოკომენტარში რუსი პოლიტოლოგი მიხაილ ალექსანდროვი, რომელიც თვეების წინ, სომხეთის დასახმარებლად, მოსკოვს აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვისკენ მოუწოდებდა.

რუსული ბლოგების სერვერ „ლაივ ჯორნალში” (Live Journal), ივლისში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ კომენტარში, ალექსანდროვი ამბობს, რომ „მთიანი ყარაბაღის“ დათმობა რუსეთისთვის „ჯოჯოხეთის კარის გახსნა“ იქნება.

თუკი სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო მოვლენების ფონზე, ძირითადად არავის გაუკვირდა ფართოდ გავრცელებული, მაგრამ, დიდი ალბათობით, მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში დატოვების სანაცვლოდ, რუსეთის 102-ე ბაზისთვის გადასახადების დაკისრება გადაწყვიტა.

გაკვირვება არ ყოფილა, რადგან - ყველასათვის ნათელია, რომ სომხეთს მოკავშირე რუსეთმა იმედები გაუცრუა. ხოლო ე.წ. გიუმრის ბაზა ამ იმედების ქვაკუთხედს წარმოადგენდა.

წინა წლების მონაცემებით, „გიუმრის ბაზაზე“ რუსეთს 5000 სამხედრო ჰყავდა განთავსებული. რაოდენობა დაუზუსტებელია მას შემდეგ, რაც უკრაინაში გაძნელებულ ბრძოლებში დასახმარებლად, რუსეთმა სამხედროები „გიუმრის ბაზიდანაც“ გაიყვანა.

2023 წლის სექტემბრის დასაწყისში, La Repubblica-სთან ინტერვიუში, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურის 99.999% რუსეთთან იყო დაკავშირებული“, სომხეთმა უკვე იგემა რუსეთზე დამოკიდებულების „სტრატეგიული შეცდომის“ „მწარე ნაყოფი“ და ამჟამად ცდილობს უსაფრთხოების სტრატეგიის „დივერსიფიკაციას“. ასევე ფაშინიანის სიტყვებია, რომ - რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიის რეგიონს „იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს“.

„იმ მოვლენების მიხედვით, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარდება ბოლო წლებში, მათ შორის - არა მხოლოდ ყარაბაღში, პირდაპირ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ: რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორი სომხეთისთვის და არ იცავს სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებს, ან არ შეუძლია, რომ დაიცვას [უკრაინაში ომის ფონზე - რ.თ.]. ამ ორიდან რომელია, სომხეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, დავით ბრაგვაძე და ამატებს, რომ „სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე მთლიანად იდგა ყარაბაღის თემაზე“ და დღეს, „როცა ყარაბაღის პრობლემა ძველებური სახით აღარ არსებობს“, აღარ ჩანს საფუძველი „იმ პოლიტიკის გაგრძელების სასარგებლოდ, რაც გულისხმობს სომხეთის სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე“.

შექმნილი ვითარების ფონზე, ბრაგვაძე არც სომხეთიდან რუსეთის 102-ე ბაზის საკითხის ვადაზე ადრე წამოწევას გამორიცხავს:

„2044 წლამდე კი არის ეს ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ ყოფილა პრეცედენტები, როდესაც რუსეთს, ასეთი ხელშეკრულებების მიუხედავად, უფრო ადრე გაუყვანია თავისი ბაზები და ასე მოხდა, მათ შორის - საქართველოშიც... ამიტომ ბოლომდე ნუ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთში ასე ხანგრძლივად აღარ დარჩეს“.

„გიუმრის ბაზიდან“ მომდინარე საფრთხეებზე ხშირად ლაპარაკობდნენ საქართველოში. „რუსეთმა შესაძლოა გაჭრას სახმელეთო გზა საქართველოს გავლით, გიუმრის ბაზის მოსამარაგებლად“, - ასეთ შეფასებებს იმეორებდნენ ექსპერტები, როცა მთიანი ყარაბაღის გარშემო ვითარება იძაბებოდა.

ასევე, არცთუ იშვიათად იხსენებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გიუმრიში რუსულ ბაზაზე საბრძოლო განგაში გამოცხადდა და ათეული მძიმე სამხედრო ტექნიკა მომდგარი იყო სომხეთ-საქართველოს საზღვარზე. არსებობდა ინფორმაცია, რომ სომხეთის ერთ-ერთ აეროდრომზე დაჯდა სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც მარნეული დაბომბა.

„გიუმრის ბაზის“ საკითხი სომხეთში კამათის საგნად იქცა განსაკუთრებით 2020 წლიდან, ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ. ხოლო 2022 წლის დეკემბრიდან, როდესაც აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანი ჩაკეტა, „ყველაზე პრორუსულ ქალაქად“ მიჩნეულ გიუმრიში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

გიუმრიში ხმაური მანამდეც იყო.

1995-დან 2015 წლამდე პერიოდში ქალაქის 10-ზე მეტი მკვიდრი დაიღუპა რუსეთის სამხედროების მონაწილეობით მომხდარ ინციდენტებში. ყველაზე ხმაურიანი იყო 2015 წლის 12 იანვრის ღამით, ავეტისიანების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია. რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზიდან გაქცეულმა დეზერტირმა სამხედრომ, ვალერი პერმიაკოვმა, ავტომატით მოკლა სომეხთა ოჯახის 6 წევრი, მათ შორის - 2 წლის ბავშვი.

რა პერსპექტივა აქვს რუსეთს სომხეთში?

„სომხეთი შეიძლება მხოლოდ შეგეცოდოს, რადგან რუსეთის იმედი ჰქონდა - რუსეთისა, რომელიც თავის „კლიენტებს“ გამუდმებით ღალატობს... დღევანდელი [ფორმით] რუსეთი ვერ გადარჩება. ეს შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ რუსეთმა ხელი აიღო განვითარებაზე, ის მთელ ძალისხმევას გადარჩენას ახმარს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისტორიკოსი, მწერალი და თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტი, სერგეი მედვედევი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი „ზეზეურად იხრწნება“, „აგრძელებს პოზიციების დათმობას რეგიონში“ და „მის წილ გავლენას კი უფრო ძლიერი აქტორები - ამ შემთხვევაში ჩინეთი და თურქეთი ინაწილებენ“.

აქვს თუ არა სომხეთს შანსი, რომ საბოლოოდ დააღწიოს თავი რუსეთის ზეგავლენებს?

დავით ბრაგვაძე ამბობს, რომ „სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე მკვეთრად შემცირდება, თუ საერთოდ არ გაქრება“ და ამისათვის მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორი:

1. „რა არჩევანს გააკეთებს თვითონ სომეხი ერი და ვის ანდობს ქვეყნის მართვას უახლოეს მომავალში - დარჩება ფაშინიანის დემოკრატიული ხელისუფლება ქვეყნის სათავეში თუ, ყარაბაღის გამო, რევანშისტულ ძალებს, ძველი ხელისუფლების ე.წ. ყარაბაღის კლანს დააბრუნებენ ხელისუფლებაში... არჩევანი გასაკეთებელია ფაშინიანსა და წარსულს შორის“;

2. „რა შედეგებით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ანუ რა პოზიციები ექნება რუსეთს უახლოეს მომავალში“.

უკვე რამდენიმე დღეა, სომხეთში დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს უპირისპირდებიან. შეიქმნა ეროვნული კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლების გადასაყენებლად, ხოლო საპარლამენტო ოპოზიცია ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს.

25 სექტემბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს 168 პირი. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ბრალდება ათეულობით დემონსტრანტს წაუყენეს.

ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეების მიერ ინსპირირებულად თვლის. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხალხს მოუწოდებს, ქვეყნის განვითარებაზე ფოკუსირდნენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG