Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1800 ტესტი, 6 ინფიცირებული და ყველაზე ბევრი გამოჯანმრთელებული - რას ნიშნავს?


კორონავირუსის მართვის ორთვიან პროცესში, 6 მაისს პირველად დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ თითქმის ხუთჯერ გადაუსწრო ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას.

6 მაისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 29 პაციენტი. ამ მაჩვენებლებში საყურადღებოა ისიც, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მეტი PCR ტესტი - 1800 ტესტი ჩატარდა.

ანუ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, თუკი მაგალითად, აპრილის შუა რიცხვებში იტესტებოდა 80-100 ადამიანი და მათ შორის, კორონავირუსი უდასტურდებოდა, 20-30 პაციენტს, მაისის პირველი რიცხვების მონაცემებით, ტესტირებების ყოველდღიური რაოდენობა მერყეობს 860-დან 1800-მდე, ხოლო ახალ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6-დან 14-მდე..

საქართველოში ახალი დადასტურებული შემთხვევების მცირე რაოდენობა ნიშანდობლივია იმ თვალსაზრისითაც, რომ 6 მაისის მდგომარეობით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში, მეშვიდე კვირაში იმყოფება. მეექვსე-მერვე კვირა კი ეს დროის ის მონაკვეთია, როდესაც სხვა ქვეყნების მაგალითზე, კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი რიცხვები ვლინდება.

რაზე მეტყველებს ეს სურათი? რას ნიშნავს ახალ დადასტურებულ შემთხვევათა მცირე რაოდენობა? იმას, რომ პიკი გადავლილია და დაღმასვლა დაიწყო თუ იმას, რომ მიუხედავად ჩატარებული ტესტების მზარდი მონაცემებისა, ისინი კვლავ არასაკმარისი რაოდენობითა და არასწორ სამიზნე ჯგუფებში ტარდება და რეალურად, შესაძლოა, ქვეყანაში გამოვლენილზე მეტი ინფიცირებული იყოს?

თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სურათი, რომელიც დღეს საქართველომ მიიღო, პირველ რიგში, შედეგია იმ მკაცრი სოციალური დისტანცირების ზომებისა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყანაში მოქმედებს. მისი თქმით, სწორედ ამ გამკაცრებულმა ზომებმა მისცა ქვეყანას საშუალება შეეკავებინა ეპიდემიის გავრცელება.

რაც შეეხება ტესტირებისა და ტესტირებულთა რაოდენობასა და სამიზნე ჯგუფებს, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანა იმ რეკომენდაციებს მიჰყვება, რომელსაც მათ ამერიკელი კოლეგები უზიარებენ. მისი თქმით, 7 მაისიდან, ფართოვდება სავალდებულო PCR ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების ნუსხა და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად 1300-1500 PCR ტესტის ჩატარება იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ალგორითმის თანახმად, დღეს, ქვეყანაში PCR ტესტირება უტარდება ე.წ. სიმპტომიან, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს. გარდა ამისა, გაფართოებული და მიზნობრივი ტესტირება ტარდება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შემთხვევების ფართო გავრცელება დაფიქსირდა:

„ჩვენ ვასრულებთ მუშაობას ახალ ბრძანებაზე, სადაც გაიწერება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხა. ამ ნუსხაში, რა თქმა უნდა, რჩებიან სიმპტომის მქონე პირები, კონტაქტები, მაღალი რისკის პროფესიები, მათ შორის, ცხადია ექიმები და ასევე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დასაქმებული პირები, ისინი ორ კვირაში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტს. გარდა ამისა, ნუსხას ემატებიან ხანდაზმულთა და შშმ პირთა თავშესაფრებში მომუშავე და იქ მყოფი ბენეფიციარები. ასევე ამ დაწესებულებებში ჩასარიცხი ბენეფიციარები“.

ახალი ჯგუფები - ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები და კარანტინში მყოფი პირები

კიდევ ერთი ახალი ჯგუფი, რომელიც ემატება სავალდებულო ტესტირების ნუსხას, თამარ გაბუნიას თქმით, ესენი არიან ტუბერკულოზით ახლად დიაგნოსტირებული პაციენტები: „ყველა ამ პაციენტს, სანამ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას დაიწყებენ, ჩაუტარდებათ სავალდებულო ტესტირება, რადგან დაფიქსირდა ტუბერკულოზისა და კოვიდის თანაარსებობის ორი შემთხვევა“.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რადიო თავისუფლებას ეუბნება, ორშაბათიდან, 11 მაისიდან, სავალდებულო PCR ტესტირებას ასევე დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეებში მყოფი ის პირები, რომლებსაც საკარანტინე ზონაში ყოფნის 14-დღიანი ვადა ეწურებათ. სინჯებს მათ კარანტინის მეცამეტე დღეს აუღებენ:

„თუკი პასუხი იქნება უარყოფითი, ისინი მეთოთხმეტე დღეს დატოვებენ საკარანტინე სივრცეს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული პირების დიდ ნაწილს, კორონავირუსის შემთხვევები სწორედ მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეს გამოუვლინდა. გგონია, რომ ჩავლილია საკარანტინე პერიოდი და საფრთხე არ გვემუქრება, თუმცა, სიმპტომები სწორედ მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეს ვლინდება. ამდენად, ორშაბათიდან ამოქმედდება კარანტინში მყოფი პირების სავალდებულო PCR ტესტირება“.

გათვლების თანახმად, სავალდებულო ტესტირებისათვის ქვეყანას თვეში 50 ათასი ტესტი სჭირდება. თამარ გაბუნიას თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში PCR ტესტების ორი თვის მარაგია და დაწყებულია შესყიდვები მარაგების შესავსებად.

რაც შეეხება ე.წ. სრაფ, ანტისხეულებსა და ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ალგორითმის თანახმად, ამ ტიპის ტესტების ჩატარება რეკომენდებულია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებისთვის, თავდაცვის ძალებისთვის, სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და საეკლესიო პირებისთვის.

როგორც თამარ გაბუნია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ინფექციის კონტროლის მიზნით, რამდენიმე დღის წინ, 5 მრავალპროფილურ კლინიკას გადაეცა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები. გარდა ამისა, პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე:

„ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება მიზანშეწონილია ზოგადი პროფილის კლინიკებში სწრაფი დიაგნოსტირებისთვის. როდესაც კლინიკაში შედის პაციენტი ცხელებით, საავადმყოფოში ინფექციის კონტროლის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ შემოსვლისთანავე მოხდეს პაციენტის შეფასება, ხომ არ არის ეს კოვიდი. აქ არის სწორედ სწრაფი ტესტი ძალიან მოსახერხებელი. ჩვენ ეს ტესტები კვირაზე მეტია უკვე გავანაწილეთ ხუთ მრავალპროფილურ კლინიკაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე, მათ კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს ტესტები პერსონალის უსაფრთხოებისა და ზოგადად, ინფექციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება, ანტისხეულების ტესტებს, ანტისხეულების ტესტები არის დამხმარე საშუალება და არც ერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოსტიკური. ეს ტესტი იძლევა პასუხს იმაზეც, ხომ არ გადაიტანა ადამიანმა უკვე ვირუსი. ამგვარი ტესტი საინტერესოა დიფერენციული დიაგნოსტიკის მიზნებისთვის. დღესდღეობით, ქვეყანაში ანტისხეულებზე დაფუძნებული რამდენიმე ათეული ათასი ტესტი გვაქვს და უახლოეს პერიოდში კვლავ ველოდებით შევსებას“.

სავარაუდოდ, აგვისტო-სექტემბრისთვის უნდა შეიძინოს საქართველომ ავტომატიზირებული PCR ტესტირების სისტემები. თამარ გაბუნიას თქმით, ეს სისტემა ქვეყანას საშუალებას მისცემს დღეში რამდენიმე ათასი ტესტი შეასრულოს:

„თუკი დღეს ლაბორატორიებში ლაბორანტის მონაწილეობით ხდება ტესტების შესრულება და გვიჭირს დიდი მოცულობით ტესტების პასუხების მიღება, ავტომატიზირებული სისტემები იძლევა საშუალებას, რომ დღის განმავლობაში მივიღოთ რამდენიმე ათასი ტესტი პასუხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, დიდი რაოდენობით ადამიანის სინჯი ავიღოთ. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფარმაცევტულ კომპანია „ჰოფმან-ლა როშესთან“, პრაქტიკულად, დასრულებულია მოლაპარაკებები და ველოდებით ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ ეს სისტემები ქვეყანაში დამონტაჟდეს. გლობალურ ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და გვპირდებიან, რომ აგვისტო-სექტემბერში სისტემები საქართველოში გვექნება“.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე 6 მაისს გამოჯანმრთელებულთა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. მისი თქმით, ეს გამოჯანმრთელებულები სწორედ ის პაციენტები არიან, რომლებმაც აპრილის შუა რიცხვებში ასევე ყველაზე მაღალი ინფიცირების რიცხვი დააფიქსირეს.

რაც შეეხება ახალი ინფიცირებულების მცირე მაჩვენებელს მზარდი ტესტირების ფონზე, გიორგი კამკამიძის თქმით, ეს ერთი მხრივ, განპირობებულია კარგად დაცული სოციალური დისტანცირებით, თუმცა, მეორე მხრივ, თუკი ქვეყანაში დაიწყება მასობრივი ტესტირება ანტისხეულებზე, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვირუსი უკვე გადაიტანა:

„ძალიან კარგია, რომ ტესტირების ზრდასთან ერთად, არ გვაქვს ინფიცირებულების ზრდის ტენდენცია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ გავრცელება ხდება კლასტერებად და არა მასობრივად. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მაგალითად, რელიგიურ დღესასწაულებზე, ეკლესიებში არ წავიდა ბევრი ადამიანი, თორემ შესაძლოა დღეს გვქონოდა ვირუსის გავრცელების დიდი ტალღა. თუმცა, მეორე ფაქტორია, რომ ცოტათი გვიანდება მოსახლეობის გამოკვლევა გადატანილ ინფექციაზე, ანუ ტესტირება ანტისხეულებზე. არ არის გამორიცხული, რომ როდესაც ეს გამოკვლევა დაიწყება, ვიპოვით ბევრ შემთხვევას, რომელთაც უკვე გადატანილი აქვთ ვირუსი. ცხადია, ამისი არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ უბრალოდ გვეცოდინება თუ რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ამ პერიოდში ვირუსი უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით“.

გიორგი კამკამიძის თქმითვე, კეთილსაიმედოა ის ფაქტიც, რომ სიმპტომურ პაციენტებში, რომლებსაც ტესტები ჩაუტარდათ და მათ შორის, ფილტვების ანთების მქონე პაციენტებსაც, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობენ, კორონავირუსის შემთხვევები მინიმალურად დაფიქსირდა, რაც მისი თქმით, მიანიშნებს იმაზე, შეკავების ღონისძიებების გამო, არ მოხდა ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება:

„დღეს ჩვენ საკმაოდ კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, სრულიად რეალისტურია, რომ ერთი თვის შემდეგ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასასრულისკენ წავიდეს“.

6 მაისის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელებულია 269. გარდაიცვალა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133 ადამიანი.

.

XS
SM
MD
LG