რას მოიტანს მომავალი წელი? ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბევრი ცდილობს ამ შეკითხვას უპასუხოს, განსაკუთრებით ინტერნეტში თავმოყრილი ასტროლოგები, ტაროლოგები და სხვა მკითხავები. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რუსულენოვანი ინტერნეტის პროგნოზები უფრო პოლიტიკური გახდა. მკითხაობენ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მომავალზე. ხშირად წინასწარმეტყველებენ საქართველოზეც. რა ბედი გველის რუსი „წინასწარმეტყველების“ თვალსაზრისით, ქმნიან თუ არა ისინი საზოგადოებრივ აზრს და არის თუ ეს პროპაგანდის ნაწილი?
ტაროზე მკითხაობის ტრადიცია მე-18 საუკუნიდან იწყება, მაგრამ ის განსაკუთრებით პოპულარული 2020 წლიდან გახდა, როდესაც მსოფლიოს კოვიდმა შეუტია. „ფორბსის“ მონაცემებით, 2021 წელს ტაროს ბაზარმა მილიონ-ნახევარი დოლარი შეადგინა და მას შემდეგ მხოლოდ იზრდება.
რუსული „დოჟდი“ წერს, რომ კოვიდის დროს რუსეთში ტაროს კარტის გაყიდვა 16 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებული პოპულარობა კი ტაროლოგებმა მაშინ მოიპოვეს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.
დღეს ტაროთი მკითხაობა რუსეთში (და არა მარტო) იმდენად პოპულარულია, რომ ტაროლოგებს კორპორაციულ საღამოებზეც კი იწვევენ. YouTube-ზე ტაროთი მკითხაობის ათიათასობით ვიდეო დევს, ერთდროულად 20-ზე მეტი ტაროლოგი პირდაპირ ეთერში შლის ტაროს. თითოეულ ასეთ სეანსს საშუალოდ 10 ათასი ადამიანი უყურებს, თუნდაც ის ისეთ პირად საკითხზე იყოს, როგორიცაა, მაგალითად, დაბრუნდება თუ არა საყვარელთან გაქცეული ქმარი ოჯახში.
ეს მხოლოდ ტარო, ამის გარდა მკითხაობენ, მაგალითად, ცვილით, ბანქოს კარტით, ქვებითაც კი. ისევ პოპულარულია ასტროლოგიური პროგნოზებიც.
ტაროლოგების ომი
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ტაროს გაშლის სეანსები ძალიან პოლიტიზებულია: „როდის დასრულდება ომი“, „როდის მოკვდება პუტინი“, „დააწესებს თუ არა სანქციებს ამერიკა“, „იქნება თუ არა მობილიზაცია“, „იქნება თუ არა ბრძოლები მაისში, ივნისში, ივლისში“... ტაროს შლიან რუსებიც, უკრაინელებიც და ხშირად სულ სხვადასხვა შედეგს პროგნოზირებენ.
მაგალითად, ტაროლოგი ნიკით „ტარო კიევურად“ ცდილობს გამოიცნოს, რა ელის რუსეთს 2024 წელს.
„ამოვიდა ტაროს კარტი „ჯოჯოხეთი“, ანუ დამპყრობლები ჯოჯოხეთში მოხვდებიან. ყველა, ვინც საჭირო მხარეს არ იბრძოდა, მოკვდება. შემდეგ მოდის კარტი „დამსჯელი ანგელოზი“ - 2024 წელს რუსეთი დაისჯება“, - ამბობს ის.
უკრაინიდანაა ტაროლოგი ნიკით „საიდუმლო ტარო“: „რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება. შემდეგ მოდის მამაკაცი, რომელსაც უნდა, რაღაც ხელშეკრულებებით მდგომარეობა გამოასწოროს, მაგრამ ხომ იცით როგორც ხდება, გინდა კარგი, გამოდის ტრაკი“.
ტაროლოგი ევგენია მარუნი, რომლის ელ.ფოსტა „ru“-თი მთავრდება, ამბობს, რომ რუსეთს 2024 წელში არცთუ ცუდი კარტები ამოსდის: „პარტნიორობის კარტი ამოვიდა, რუსეთს შანსი ექნება, ეკონომიკური კუთხით სასურველს მიაღწიოს. შესაძლოა ეს შეიარაღებასაც უკავშირდებოდეს. გული ტუზი ამოვიდა. კარგი კარტებია, აჩვენებს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, არის სარეზერვო ფონდები და რესურსს აქედან აიღებენ”.
„გავშლი ჩვენი ქვეყნისთვის, რუსეთისთვის“, - ასე იწყებს მორიგი ტაროლოგი თავის ვლოგს. კარტზე, რომელშიც 2024 წლის მომავალი ჩაუთქვა, ხრამში გადაჩეხილი ხალხია გამოსახული. ტაროლოგმა მოკლედ მოჭრა, რომ 2024 წელი ცვლილებების იქნება და 2025 წელი - სტაბილურობის.
შემდეგ გაშლას აგრძელებს და ახალ წინასწარმეტყველებებსაც ახმოვანებს: „2024 წლის პირველ ნახევარში უკრაინას უკეთესი კარტები აქვს, თავდასხმები იქნება, შეიძლება მოსკოვამდეც მოფრინდეს რამე, მაგრამ რუსეთი იცავს თავის საზღვრებს, პარტნიორებს პოულობს. წლის მეორე კვარტალში უკვე ისეთი ბრძოლებია, რომ ეს შესაძლოა უკრაინის კაპიტულაციითაც დასრულდეს. ჯერ ეს არ ჩანს, მაგრამ...“
კიდევ ერთი ტაროლოგი რუსეთიდან, 2024 წლისთვის ომის დასრულებას წინასწარმეტყველებს, თან ისე, რომ მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ შემობრუნდება და ყველა უბედურებას მას დააბრალებს, რუსეთს მსოფლიო, გამარჯვებულად გამოაცხადებს და სანქციებს მოუხსნის.
მისტიკა ჟურნალისტიკის ნაცვლად
ომის დაწყების დღიდან რუსეთში დამოუკიდებელი მედიის მუშაობა სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ის, რაც რუსულ ტელეეთერში გადის, კრემლის პროპაგანდაა. ჟურნალისტი და სოციოლოგი იგორ იაკოვენკო რადიო სვობოდასთან ამბობს, რომ ბოლო დროს ხალხის ცნობიერებაზე მისტიკაც სერიოზულ გავლენას ახდენს.
„ახლა „სიძულვილის არხების“ პოპულარობამ იკლო. იანვრიდან მოყოლებული მათი რეიტინგები კლებულობს, სოლოვიოვის, კისელევის, სკაბაევასი. გაზაფხულზე უკვე მესამე ათეულის ბოლოს იყვნენ. პირველ ადგილას მისტიკა გამოდის: ეზოთერიკა, ვანგები, ჯადოქრები. ისინი იმავე პოლიტიკური პროგრამის მატარებლები არიან, როგორიც „სიძულვილის არხებს“ აქვთ. ოღონდ სხვ მხრიდან მოუარეს, ზურგიდან, - ამბობს იგორ იაკოვენკო, - გამოდიან ვიღაც ჯადოქრები, ვიღაც ვანგები და ლაპარაკობენ, რომ მესამე თვალით თუ კიდევ სხვა სპეციალური ინსტრუმენტებით, რომლებიც თავიანთ სასწაულმოქმედ ორგანიზმებში აქვთ, ხედავენ, რომ ამერიკა მალე აღარ იქნება, მიწაში შთაინთქმება; უკრაინა აღარ იქნება. იქნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი, დიადი და სამყაროს მბრძანებელი პუტინის მეთაურობით. ხალხის გამსულელებლების როლს ახლა ისინი ასრულებენ. ეშმაკის საქმემ და სატანიზმმა მთელი საინფორმაციო სივრცე ამოავსო. რა თქმა უნდა, „სიძულვილის არხები“ არსად წასულან, მათაც თავიანთი ადგილი აქვთ. ყველაფერი დანარჩენი კი [თავისუფალი მედია - რ.თ.] ნადგურდება“.
ტაროლოგები საქართველოზე
საქართველოში ეზოთერიკამ, მართალია, შემოაღწია, მაგრამ მცირედით. სამაგიეროდ, საქართველოზე მკითხაობენ რუსი და უკრაინელი ტაროლოგები.
ომის დაწყებისას მკითხაობდნენ, გახსნიდა თუ არა საქართველო მეორე ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც, აინტერესებდათ, გამოვიდოდა თუ არა ის ციხიდან. ხშირად შლიან ტაროს იმის გასაგებად, დაბრუნდება თუ არა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში, ხან ბრუნდება, ხან - ჯერ არა. მას შემდეგ, რაც საქართველოში მასობრივად ჩამოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები, კიდევ ერთი შეკითხვა გაჩნდა, უსაფრთხოა თუ არა საქართველო რუსებისთვის.
იმისდა მიხედვით, თუ როგორ განმარტავენ ტაროს კარტებს, შეიძლება ადვილად მიხვდე, ტაროლოგი რუსია თუ უკრაინელი.
მაგალითად, უკრაინელი მკითხავი ალექსანდრ პიჩუევი უცნაური ნიშნებით მოხატულ დისკოზე ქვებს თუ მარცვლებს ყრის და ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ორ ნაწილად გაყოფას გეგმავს, საქართველოს მთავრობა, მართალია, პროვოკაციებს არ პასუხობს, მაგრამ რუსეთისთვის დამახასიათებელი კანონების გატანას მაინც აპირებს. „ეს ხალხს გააცოფებს“, - იწინასწარმეტყველა ალექსანდრ პიჩუევმა.
კიდევ ერთ ტაროლოგს ნიკით „ტარო ერთი-ერთზე“ სთხოვეს საქართველოს მომავალი დაენახა, რადგან „კრემლის პროპაგანდისტი სოლოვიოვი საქართველოს დაპყრობაზე ალაპარაკდა“. რამდენიმე კარტის ამოღების შემდეგ ტაროლოგი ამბობს:
„საქართველოში არის ვიღაც, ვინც რუსეთის დავალებებს ასრულებს, საჯარო, ცნობილი პიროვნებაა. ანუ საქართველოს მთავრობაში არიან მაქციები, ამიტომ მისი დაპყრობა აუცილებელი არაა... აი, ხალხი კი რუსეთთან შეერთების წინააღმდეგია. იცით, უნდათ, საქართველოს გავლით საქონელი გადაიტანონ. მაგრამ ასეთი ინფორმაცია მოდის, რომ ნატო თავის საქმეს გააკეთებს და შავ ზღვას გააკონტროლებს“.
რუსმა ასტროლოგმა ალექსანდრა ნაგორნაიამ „ხალხის თხოვნით“ საქართველოს მომავალი 2036 წლამდე განჭვრიტა. ასტროლოგი ამბობს, რომ 2036 წლამდე საქართველო იუპიტერის ზეგავლენით წინ მიიწევს. მაგრამ საქართველოს რუკაში არის მარსიც, მებრძოლი პლანეტა, რომელიც ქართველებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს და მათაც ირლანდიელებივით (იქაც მარსი ყოფილა რუკაში) სულ იმის შიში აქვთ, ვინმემ არ დაჩაგროს. ამის გამო დროდადრო შესაძლოა მიტინგებიც მოაწყონ.
„თქვენ, მთავარია, გაარკვიეთ, ძვირფასო ქართველებო, ეს მართლაც თქვენი ინტერესებია თუ ამერიკული ფული მოქმედებს...“, - ამბობს ასტროლოგი და ისევ ვარსკვლავების რუკას აკვირდება. იქ რომელიღაც პლანეტა კიდევ სადღაც შედის და მორიგი დარიგებაც მზადაა, - „ქართველებო, სატურნის მეშვეობით, თქვენ გაიგებთ ვინ თქვენი მტერია და ვინ - მოყვარე. თუ ევროპისკენ ილტვით, ევროპა რამდენად არის მზად თქვენს მისაღებად? ევროპელებს საქართველო თავის წიაღში ვერ წარმოუდგენიათ. მათთვის ის საერთოდ სხვა კონტინენტია. რის იმედი გაქვთ?... რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, გეოპოლიტიკური ფაქტორი არავის გაუუქმებია. საქართველო სადღაც შესვლით და მიტინგების მოწყობით ავსტრალიაში ვერ გადაინაცვლებს, საუკუნეები რუსეთის მეზობლად დარჩება, მეზობლები კი ერთმანეთთან კარგად უნდა იყვნენ. ან თქვენ მოილაპარაკებთ და კარგად იქნებით, ან თქვენი მიტინგები უბრალოდ დროის და ენერგიის კარგვა იქნება“.
მარსის მებრძოლი ხასიათის გასანეიტრალებლად ასტროლოგი ქართველებს ურჩევს მიტინგებზე გამოსვლის ნაცვლად ივარჯიშონ, იმკურნალონ, საჭმელი აკეთონ. „გაუმასპინძლდით მსოფლიოს და თქვენთან არასდროს იქნება ომი“, - ამბობს ის.
მისტიციზმით გატაცებით ფენომენზე საუბრისას ფსიქოლოგი გიგა მამინაშვილი ამბობს, რომ ეს ტენდეცია პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანებში დაიწყო, როდესაც პოლიტიკური სტრუქტურები მთლიანად ჩამოიშალა და ადამიანები ძალიან ღრმა სულიერი და მორალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.
„ამ დროს რუსეთში, უკრაინაში, საქართველოშიც შემოიჭრა მაგიური აზროვნება. ნათელმხილველობა, მკითხაობა, ექსტრასენსები, ასევე იოგა და აღმოსავლური სულიერი პრაქტიკები უკიდურესად გამრავლდა. მერე საქართველოში ეკლესიამ ეს სეგმენტი მთლიანად თავისკენ წაიღო. მაგიური და რელიგიური აზროვნებები ახლოსაა ერთმანეთთან. სწორედ ეკლესიის წარმომადგენლები დასდევენ ჯადოქრებს, ჯადოქრები კი მათგან სესხულობენ ზოგიერთ სულიერ პრაქტიკას. ამიტომ ჩვენთან ეკლესიამ ეზოთერული ნიშა მთლიანად მოასუფთავა. რუსეთსა და უკრაინაში კი ასე არ მოხდა, რადგან იქ ეკლესიაზე მთავრობა დომინირებს და რელიგია ასეთი ძლიერი არ არის, - ამბობს გიგა მამინაშვილი, - რუსეთში ტაროლოგები იმეორებენ იმ პოლიტიკურ დისკურსებს, რომელიც იქაა გამეფებული და რომლის უკანაც პოლიტიკური მანქანა დგას. ტაროს კარტის გამშლელი თავადაა პროპაგანდის ქვეშ. რუსეთში აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელიც კი პუტინის მომხრეა და რა გასაკვირია, რომ ქალს, რომელიც თვიდან თვემდე რუსულ პენსიაზე ცხოვრობს, ტაროს გაშლისას ისეთი პროგნოზები ჰქონდეს, რომელიც პროპაგანდასთან წინააღმდეგობაში არ მოვა. ცნობილი ექსტრასენსები, ცნობილი ტაროლოგები მასებზე დიდ გავლენას ახდენენ. რომ თქვან, რუსეთის საქმე ცუდად წავაო, გასაკვირი არ იქნება, რომ უშიშროება მათით დაინტერესდეს?! მკითხავის საქმე კი ფულის კეთებაა და არა სიმართლის ლაპარაკი“.