Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სჯობდა, რომ არ წავსულიყავი იმ დღეს" - ინტერვიუ 80 წლის ქალთან, რომელმაც COVID-19 დაამარცხა


„ძალიან რთული გზა გავიარე, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 80 წლის გიული ურუშაძე, რომელმაც კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19) დაამარცხა და საავადმყოფოდან 16 აპრილს გაწერეს. მის მდგომარეობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გარკვეულ ეტაპზე კრიტიკულადაც კი აფასებდა. გიული ურუშაძის ინფიცირება ე.წ. რომანოვების კლასტერს უკავშირდება. პროფესიით ინჟინერი, პროფესორი გიული ურუშაძე 1995 წელს მოკლული პოლიტიკოსის, სულიკო ხაბეიშვილის მეუღლეა.

რადიო თავისუფლება: გამოჯანმრთელებას გილოცავთ - ახლა როგორ გრძნობთ თავს?

გიული ურუშაძე: ახლა უკვე არა მიშავს, ნელ-ნელა მოვდივარ... ცოტა სუსტად ვარ ჯერ კიდევ, მაგრამ უკვე გამოჯანმრთელებული ვარ და სახლში ვარ უკვე რამდენიმე დღეა. 16 აპრილს გამომწერეს.

ძალიან რთული გზა გავიარე, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვიყავი კლინიკაში - იქ 19 მარტს გადამიყვანეს.

რომ გამოვჯანმრთელდი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა ტაშით გამომაცილეს. ასე აცილებენ ყველა გამოჯანმრთელებულს და მეც ასე გამომაცილეს. ძალიან ბევრი იბრძოლეს ექიმებმა ჩემს გადასარჩენად.

რადიო თავისუფლება: რა ვითარებაში მოხდა თქვენი ინფიცირება? ხომ არ გიფიქრიათ მას შემდეგ, რომ უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოგეჩინათ?

გიული ურუშაძე: მე იმ ჯგუფიდან ვარ, რომელსაც ახლა უკვე „რომანოვების კლასტერს“ უწოდებენ... 11 მარტს, რესტორანში [„ვინოტელი“] ჩვენი მეგობრის, რუსი ჟურნალისტის ორმოცზე ვიყავით...

ვერ ვიტყვი, ზუსტად ვისგან და რა პირობებში გადამედო ეს დაავადება. ასე ხელს ვერავის დავადებდი. დახურულ გარემოში ვიყავით, 6 თუ 7 ადამიანი დაინფიცირდა და მეც მათ შორის მოვყევი. როგორც ჩანს, იმ გარემოში იყო ეს ვირუსი და რაღაცნაირად, ვიღაცისგან მეც გადამედო.

სჯობდა, რომ არ წავსულიყავი იმ დღეს იქ - აი, ეს იქნებოდა ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იმ სიტუაციაში.

ახლა ძალიან შეშინებული ვარ... მაგრამ თუ დაემართება ვინმეს, პანიკაში არ უნდა ჩავარდეს. არ არის უსაშველო, როგორც ვხედავთ - შესაძლებელია, რომ მოერიო ამ ავადმყოფობას. მით უმეტეს - უფრო ახალგაზრდები და ჯანმრთელები თუ არიან, ჩემზე ბევრად მარტივად შეიძლება გადაიტანონ.

რადიო თავისუფლება: თქვენი ოჯახის წევრებიც ხომ არ იყვნენ იმ სუფრასთან?

გიული ურუშაძე: არა, არა - არცერთი არ ყოფილა იქ იმ დღეს და ეს დაავადება სხვას არავის ჰქონია ჩემი ოჯახის წევრებიდან. ესენი ყველანი გადარჩნენ, კიდევ კარგი.

რადიო თავისუფლება: თავიდან რა სახის სიმპტომები გქონდათ და როგორ მოხვდით შემდეგ კლინიკაში?

გიული ურუშაძე: ჯერ დაბალი სიცხეებით დამეწყო - ასე 37.3-37.4 მქონდა ხოლმე, უფრო - საღამოობით. ერთხელ 38-მდეც ავიდა ტემპერატურა.

სურდოს ნიშნები, ხველა ან ტკივილები არანაირი არ მქონდა. მხოლოდ ეს ტემპერატურა არ გადიოდა - 14 მარტიდან 19 მარტამდე ასე ვიყავი - როცა ვიზომავდი, სულ მქონდა სიცხე... გადავწყვიტეთ, გაგვეგო - რისი ბრალი იყო. ლუგარის ლაბორატორიამ შეამოწმა და დაადასტურა, რომ ვიყავი ინფიცირებული.

ძალიან გამიკვირდა თავიდან, ძალიან... არ ველოდი.

რადიო თავისუფლება: კლინიკაში გადაყვანისას როგორი იყო თქვენი მდგომარეობა, ფილტვებზე იყო უკვე გართულება?

გიული ურუშაძე: კლინიკაში რომ გადამიყვანეს, „კატე“ (CT -კომპიუტერული ტომოგრაფია) გამიკეთეს და ფილტვებზე იყო უკვე მცირე გართულება, ანთებითი პროცესი. მაგრამ შემდეგ, დაახლოებით 2-3 დღეში, ძალიან სწრაფად გავრცელდა და მოედო მთლიანად ფილტვებს. დამძიმდა მერე მდგომარეობა.

ვიდრე გონზე ვიყავი, მახსოვს, რომ შემაწუხა სუნთქვის უკმარისობამ... შემდეგ კი, აღარაფერი აღარ მახსოვს - უგონო მდგომარეობაში ვიყავი 10 დღის განმავლობაში, სადღაც 6 აპრილამდე.

სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული. მძიმე მდგომარეობაში ვიყავი.

რადიო თავისუფლება: ფეისბუქზე დაწერეთ - სახლში დარჩენა აუცილებელია და ამით ექიმებსაც უნდა გავუფრთხილდეთო...

გიული ურუშაძე: ექიმების შრომა არანორმალურად მძიმეა. ისინი არანორმალური თავდადებით მუშაობენ. ხომ ვუყურებდი მათ მუშაობას - ჯერ მარტო იმ ჩაცმულობის ტარება რად ღირს და ის დაძაბული გარემო. ძალიან კარგად მუშაობენ, ძალიან აწყობილი კოლექტივია.

ძალიან ინტენსიურ მკურნალობას მიტარებდნენ, დიდ ყურადღებას იჩენდნენ. პროფესორ ლევან რატიანის კლინიკაში ვიყავი... არაჩვეულებრივი ექიმები, არაჩვეულებრივი კოლექტივია იქ. ძალიან საიმედო ხალხია.

საზოგადოებამ კი ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ნამდვილად დიდი სიფრთხილეა საჭირო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG