Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სხვისი შვილები“ კორეულად


„ბროკერი“ (იაპონია, 2022, რეჟისორი ჰიროკაზუ კორეედა)

24 აგვისტოდან თბილისის კინოთეატრებში კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის“ ლაურეატის, ჰიროკაზუ კორეედას „ბროკერს“ უჩვენებენ. ამ ფილმის პრემიერა შარშან შედგა კანში, სადაც კორეედა უკვე მეტრის როლში ჩამობრძანდა.

„ბროკერმა“ ვერ გაიმეორა კორეედას მთავარი ფილმის, „მაღაზიის ქურდების“ წარმატება, თუმცა ჟიურის იაპონელი რეჟისორის ახალი „როუდ-მუვი“ შეუმჩნეველი მაინც არ დარჩა - კორეელი მსახიობი კანგ ჰო სონგი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს და ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე კორეედამაც მეორედ გაიარა „წითელი ხალიჩა.“

დიახ, „ბროკერი“ იაპონელი რეჟისორის კორეული ფილმია. თავიდან ბოლომდე სამხრეთ კორეაშია გადაღებული, კორეელი მსახიობებით. თუმცა კორეედას ხელწერა არანაირად არ იცვლება. გარემოს თითქოს მისთვის არც აქვს მნიშვნელობა - ისევ ოჯახი, ისევ საკუთარი და სხვისი შვილების თემა აინტერესებს. კორეა კი იმიტომ აირჩია, რომ, როგორც თავად აღნიშნავს, ამ ქვეყნისთვის ფილმში დაყენებული პრობლემა ძალიან აქტუალურია - ერთი მხრივ, შვილად აყვანას მკაცრად არეგულირებს იქაური კანონმდებლობა.

და, ამავე დროს, სამხრეთ კორეაში ფართოდაა გავრცელებული ე.წ. ბეიბი - ბოქსები, სპეციალური ადგილები, როგორც წესი, გამოყოფილი საავადმყოფოს ან ტაძრის ტერიტორიაზე, სადაც დედები ტოვებენ თავიანთ შვილებს იმის იმედით, რომ მათ ზრუნვას არ დააკლებენ. როგორც ამბობენ, ამ „ყუთების“ დახმარებით მეტია შესაძლებლობა ბავშვი ტრეფიკინგს გადაურჩეს.

„ბროკერში“ წვიმიან ღამეს ახალგაზრდა დედა, რომელიც პროსტიტუციით ირჩენს თავს, სწორედ ტაძართან ტოვებს ბავშვს, რომელსაც ორი მეგობარი (ერთ-ერთის როლში კანგ-ჰო სონგს ვიხილავთ) მოიტაცებს გასაყიდად. მაგრამ დედა ბრუნდება და ახლა თავადაც იწყებს შვილისთვის შეძლებული მშობლების ძებნას.

კორეედას შემოქმედებას, როგორც წესი, ორ გენიოსს უკავშირებენ - ჩარლი ჩაპლინს და იაპონელ კინოკლასიკოსს, იასუძირო ოძუს. თუკი „ბროკერის“ მსგავსება ჩაპლინის „ბიჭუნასთან“ ცალსახაა, ოძუსთან სიახლოვე, ალბათ, უფრო მეტად თხრობის სტილსა და სახვით გადაწყვეტაში გამოიხატება.

კორეედას „საფირმო ნიშანი“ გახდა მოძრავი კამერა, რომელიც მოულოდნელად ჩერდება პერსონაჟის სახეზე და მის მზერას ჩააცქერდება. თუმცა რეჟისორმა კანის ფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე თავისი სხვა კერპი გაიხსენა - ჯონ ფორდი და მისი „სამი ნათლია“ (1948) - მოგვთა თაყვანისცემის ისტორია წარმოდგენილი ვესტერნის ჟანრში. ფორდის ფილმში 3 ყაჩაღი, ბანკის გაქურდვის შემდეგ უდაბნოში რომ იმალება, გადაეყრება მომაკვდავ მშობიარე ქალს, რომელიც მოასწრებს სთხოვოს ფილმის გმირებს მონათლონ ბავშვი და უპატრონონ.

მიკროავტობუსი, რომლითაც სამხრეთ კორეის გზებზე მოძრაობენ ფილმის გმირები, მართლაც ჰგავს ჯონ ფორდის დილიჟანსებს. ეს ფაქტობრივად ახალი ოჯახის „სახლია“, სახე, რომელმაც უნდა დაარწმუნოს მაყურებელი კორეედას შემოქმედების მთავარ გზავნილში - „სოციალური კავშირები შეიძლება ოჯახურზე უფრო მყარი იყოს“. თავადაც თქვა რეჟისორმა კანის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე: „აუცილებელი არაა გააჩინო ბავშვი, რათა დედად იგრძნო თავი. ქალს შეუძლია დედად იგრძნოს თავი ისე, რომ საკუთარი შვილი არ ჰყავდეს“ .

„ბროკერის“ მთავარი პრობლემა სოციალური სიმძაფრის ნაკლებობაა. იმის მუდმივი შეხსენება, რომ პერსონაჟები „თაღლითები, მაგრამ მაინც საყვარლები არიან“ და, რომ „შეიძლება იყო ტრეფიკერი, მაგრამ გქონდეს „კარგი გული“, ნამდვილად არაა საკმარისი. მაშინაც კი, როცა ამ პერსონაჟებს კარგი მსახიობები ასახიერებენ.

კორეედას პოზიცია არანაირად არაა არგუმენტირებული, რადგან გროტესკი, სენტიმენტალურობა და კრიმინალური სიუჟეტი აქ ერთმანეთს ხელს უშლის. ფილმის პროლოგი უსაშველოდ იწელება, ფინალი კი ბუნდოვანია (დასრულება რეჟისორს სხვა ფილმებშიც უჭირდა). რჩება შთაბეჭდილება, რომ „ბროკერი“ იხრჩობა აწეწილ და გადახლართულ ისტორიებში, მრავალრიცხოვან პერსონაჟებში, რომლებიც დროდადრო ჩნდებიან, მაგრამ არანაირად არ გამახსოვრდებიან.

კორეედას თუ რამე ეჯავრება, ეს პერსონაჟის განსჯაა. იაპონელი რეჟისორი ყოველთვის მზად არის აპატიოს ადამიანს ყველა ცოდვა, ყოველთვის თანაუგრძნობს მარგინალებს, რომლებიც არ ცნობენ კანონს (ამიტომაც აღინიშნა, ალბათ, „ბროკერი“ კანში ეკუმენური ჟიურის პრიზით). უფრო მეტ სიღრმეს ის თითქმის დემონსტრაციულად გაურბის - მთავარია, როგორმე შეინარჩუნოს „დიდი ჰუმანისტის“ სახელი და არანაირად არ გააღიზიანოს მაყურებელი.

მაგრამ იმისათვის, რომ დამაჯერებელი გახდეს მისი პერსონაჟების ეს „საყვარლობა“ და ჰუმანისტური მელანქოლია არ დაემსგავსოს ზედმეტად დაშაქრულ სასმელს, ისიც უნდა გვითხრას, ალბათ, რას წარმოადგენს სისტემა, რომელსაც „ჯიგარი ავაზაკები“ არ ემორჩილებიან. აი, სწორედ ეს მასშტაბი აკლია „ბროკერს“, თავისი გაუმართავი სცენარით, ბანალური „მხატვრული სახეებით“ (ხელი, რომელიც შემოდის კადრში, ცდილობს რა დამალოს ცრემლი სახეზე) და მარტივი მუსიკალური თემით ფორტეპიანოზე, რომელიც თითქმის არ წყდება და ფილმის მეორე ნახევარში შეიძლება უბრალოდ თავი მოგაბეზროთ.

კანში წარდგენის შემდეგ „ბროკერის“ პრემიერა მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში გაიმართა. IMdb-ს საიტზე თუ შეხვალთ, გთხოვთ, ფილმის გაქირავების ისტორიას გაეცნოთ. ყველაზე გვიან „ბროკერი“ რუსეთის გაქირავებაში მოხვდა - 2023 წლის 24 აგვისტოს. სწორედ ამ დღეს მოეწყო კორეედას ფილმის პრემიერა საქართველოში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG