Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია ლაგოდეხში  - დაზარალებულია 5 თემის 100-მდე ოჯახი


დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

თითქმის 24 საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 თემის 10-ზე მეტი სოფელი და 100-მდე ოჯახი დააზარალა - ამის შესახებ რადიო „თავისუფლებას“ ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა.

მერი ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძირიდადად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ერთწლიანი კულტურები აქვს დათესილი.

ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მერი
ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მერი

მდივნიშვილის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურული ზარალი არ არის.

ჯონდო მდივნიშვილმა მოსახლეობის ბრალდებებსაც უპასუხა იმის თაობაზე, რომ სანიაღვრე არხები გაწმენდილი რომ ყოფილიყო, ტერიტორიები აღარ დაიტბორებოდა. მდივნიშვილი აღნიშნავს, რომ სანიაღვრე არხები მუდმივად იწმინდება, თუმცა სტიქიის მასშტაბი ისეთი დიდი იყო რომ ვერანაირი არხი ამ ოდენობის წყალს ვერ გაატარებდა.

ლაგოდეხის სოფელ საქობოში დაზარალებული მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ სამაშველო სამსახური ზოგ ადგილზე ამ დრომდე არ მისულა, ხოლო იქ სადაც მივიდნენ, იქაც დაგვიანებით.

ამ პრეტენზიას არ იზიარებს სახანძრო -სამაშველო სამსახურის უფროსი კახეთში გიორგი ჩარკვიანი. მისი თქმით, უწყებაში 80-მდე გამოძახება დაფიქსირდა. მათ თანამშრომლებს არცერთი გამოძახება უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და გამოძახებებზეც დროულად მივიდნენ.

გიორგი ჩარკვიანი, სახანძრო -სამაშველო სამსახურის უფროსი კახეთში
გიორგი ჩარკვიანი, სახანძრო -სამაშველო სამსახურის უფროსი კახეთში

ჩარკვიანის თქმით, მდინარეებში წყლის დონე უკვე იკლებს და საფრთხეც შემცირებულია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს ვკითხეთ, იგეგმება თუ არა მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაზეც მერმა გვიპასუხა რომ თუკი ინფრასტრუქტურული ზარალი იქნება, ამაზე მოგვიანებით იმსჯელებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG