Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სროლა დამიზნებით-თვითნებობა თუ დავალება?


20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ამ დროისათვის სულ დაკავებულია 11 მოქალაქე და 2 პოლიციელი. დაკავებულ სპეცრაზმელებს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. უფრო ზუსტად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთაგან ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირზე ფიზიკური ძალადობისთვის აგებს პასუხს, მეორე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, იარაღის გამოყენებით. პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, (რომლებიც 20 ივნისის ღამით გადაიღო რადიო თავისუფლებამ), სპეცრაზმელი პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეებისთვის დამიზნებით სროლის გამოა დაკავებული.

სპეცრაზმელი დამიზნებით ესვრის პარლამენტის წინ ქალებს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:53 0:00

თეა მესხიშვილი -დაზარალებული, რომელსაც სავარაუდოდ დაკავებულმა სპეცრაზმელმა ესროლა

20-21 ივნისის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას დაზარალებული თეა მესხიშვილი ვარაუდობს, რომ პროკურატურის მიერ დაკავებული სამართალდამცავი სწორედ ის პირია, რომელმაც მას ესროლა ბარძაყის არეში. თუმცა თეა პირის ამოცნობაზე არ ყოფილა და ინფორმაციაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის დაკავების შესახებ, სხვების მსგავსად, თავადაც ტელევიზიით შეიტყო. მანამდე კი მან გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და მათთან ახლაც თანამშრომლობს, თუმცა მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი, თუნდაც მის დაზიანებაში დამნაშავე პირის დაკავება საკმარისი არ არის:

თეა მესხიშვილი
თეა მესხიშვილი

„კმაყოფილი ბოლომდე არ ვარ იმიტომ, რომ მარტო შემსრულებელი არ უნდა დაისაჯოს, უნდა დაისაჯოს ამ ბრძანების გამცემი“, - გვითხრა თეა მესხიშვილმა. იგი საპროტესტო აქციაზე 20 ივლისის ღამის 23 საათისთვის მივიდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. როგორც ქირურგიული ჩარევის შემდეგ უთხრეს მას მედიკოსებმა, ეს იყო პლასტმასის ტყვია,რომელიც სხეულში 9 ნაწილად გაიშალა. სპეცრაზმელმა ტყვია მას დამიზნებით ესროლა:

იმ მომენტში ჩემს წინ 3-4 „რობოკოპი“ იდგა და მარტო ერთს კი არა, ყველას ვეუბნებოდი, რას აკეთებთ, სირცხვილია, ქართველი ქართველს როგორ ესვრით-თქო. ვინც მესროლა, მისთვის უშუალოდ არაფერი მითქვამს, მაგრამ ჩემმა საუბარმა გააღიზიანა. ჩემგან მარცხნივ, დაახლოებით 2 მეტრში იდგა და მანიშნა გადიო. რატომ უნდა გავიდე, რომ არ გავიდე, რას იზამ, მესვრი-მეთქი და ამის თქმა იყო და მოატრიალა იარაღი და მესროლა“, - თეა მესხიშვილის დაკვირვებით, სპეცრაზმელი, რომელმაც იგი დაჭრა, სროლით ერთობოდა-„ასწევდა იარაღს, გაისროდა და დასწევდა. რამდენჯერმე გააკეთა ეს... საშინლად შემაშფოთა იმათმა საქციელმა, იმდენად ერთობოდნენ სროლით, იმდენად ერთობოდნენ ხალხის დაშავებით, რომ არ ანაღვლებდათ არაფერი“, - ამბობს თეა მესხიშვილი, რომელიც 20 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე მივიდა და სულაც არ ჰგონია, რომ თავისი პროტესტის გამოსახატად შეკრებილ რიგით ადამიანებს ძალადობრივი მიზნები და სურვილები ჰქონდათ:

„მე არ ვიცი, როგორი იქნება ძალადობრივი პროტესტი. არ ვიცი რა ვუწოდო. ყოველი შემთხვევისთვის ხელში არაფერი მეჭირა, არც ძალაზე გადავდიოდი, არც შეჭრას ვცდილობდი. მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა დაინახეს ჩემს ქმედებებში ძალადობრივი. იმას რომ ვეუბნებოდი, სირცხვილია, ქართველი ქართველს როგორ ესვრით-თქო?“ - კითხულობს თეა მესხიშვილი. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც სპეცრაზმმა ხალხს ტყვიები დაუშინა, პარლამენტის წინ ტერიტორია ფაქტობრივად მოსუფთავებული იყო.

„ხალხი კანტიკუნტად იყო, არავინ შიგნით შესვლას აღარ ცდილობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ისროდნენ“, - უთხრა თეა მესხიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ვინ გადაამეტა იარაღის გამოყენებით სამსახურებრივ უფლებამოსილებას?

იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მოტივით ჯერჯერობით მხოლოდ ერთ პირია დააკავა. თუმცა თუ აქციის შედეგად დაზიანებულთა რაოდენობითა და გადაცდომების ეპიზოდების სიმრავლით ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ გაიზრდება იმ სამართალდამცავთა რაოდენობაც, რომელთაც პასუხი სამოხელეო გადაცდომებისთვის მოეთხოვებათ. ასე ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“თავმჯდომარის მოადგილე ნონა ქურდოვანიძე. იგი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება სავარაუდოდ სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებითაც და გამოსაძიებელია, არა მხოლოდ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის შემთხვევები, არამედ შესაძლოა, გამოიკვეთოს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

რადიო თავისუფლების არქივში არსებულ ვიდეომასალებში, მაგალითად გვხვდება კადრებიც, როდესაც სპეცრაზმელი დამიზნებით ესვრის მოქალაქეს, რომელიც არც აგრესიულობით გამოირჩევა და არც განსაკუთრებული აქტიურობით. და ეს ხდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის თვალწინ.

სპეცრაზმელი დამიზნებით ესვრის პარლამენტის წინ მამაკაცს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00

პროკურატურაში შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოკითხეს

20-21 ივნისის მოვლენებზე გენერალურ პროკურატურაში 17 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოიკითხა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ პროკურატურაში სამართალდამცავთა მიერ სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობების გამოძიების საქმეზე არსებულ შეკითხვებს უპასუხა. „რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ. მე არ მაქვს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას არანაირი პრობლემა იმიტომ, რომ კარგად ვიცით, სად არის სიმართლე. ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით“, - უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს. თუმცა საზოგადოებისთვის მაინც ერთ-ერთ მთავარ პასუხგაუცემელ შეკითხვად რჩება ის, ვისი ბრძანებით ესროდნენ დამიზნებით მოქალაქეებს და იყო თუ არა ეს მართლაც კონკრეტული სპეცრაზმელების უფლებამოსილების გადამეტება. „ჩემთვისაც რთულია სპეცრაზმელის ყურება, რომელიც ვიღაცას დამიზნებით ესვრის“,- განაცხადა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიამ. მისი თქმით, სპეცრაზმის წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების სულ რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

XS
SM
MD
LG