Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა და საქართველომ ადგილები გაცვალეს?


რამ აიძულა ნიკოლ ფაშინიანი, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან მეორე დღესვე ჩამოსულიყო საქართველოში და არაფორმალურ გარემოში შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შეხვედრა ქვემო ქართლში, ბოლნისში გაიმართა. უკვე პოსტფაქტუმ გავრცელდა ძალიან მწირი ოფიციალური ინფორმაცია. რას მოითხოვს სომხეთი საქართველოსგან და რა როლს ასრულებს ამ პროცესში რუსეთის ფაქტორი? რადიო თავისუფლება ქართველ და სომეხ ანალიტიკოსებს დაუკავშირდა.

რუსეთის მარწუხები და ზარალი

„ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით პრემიერების შეხვედრის შესახებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სტეფან გრიგორიანმა, გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა. ის ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა „ძალიან სერიოზული გარემოებებით“ იყო განპირობებული და ის დაუგეგმავ, სპონტანურ სახეს ატარებდა. ასეთი ლოგიკისთვის ანალიტიკოსს რამდენიმე არგუმენტი აქვს:

  • ფაშინიანი ამ შეხვედრის წინა დღით დაინიშნა სომხეთის პრემიერად;
  • ფაშინიანის მთავრობა ჯერ არ არის დაკომპლექტებული;
  • ჯერ ცნობილი არ არის სამთავრობო პროგრამა.

„ეს უნდა იყოს ისეთი სერიოზული გარემოებები, რომლებიც ფაშინიანს არ აძლევდა საშუალებას, მოეცადა კიდევ რამდენიმე დღე - ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე“, - ამბობს გრიგორიანი. მისი აზრით, ფაშინიანი ცდილობს გამონახოს გზები იმ ზარალის საკომპენსაციოდ, რომელსაც სომხეთის ეკონომიკას მიაყენებს რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიული კავშირის წევრობა - „ჯერ სიკეთე არავის უნახავს ევრაზიული კავშირისგან“.

  • „2019 წლიდან ძალაში შედის მთელი რიგი ისეთი რეგულაციები, რომლებიც დარტყმას მიაყენებს მეწარმეობას, მეწარმეებს და საბოლოოდ, ეს უარყოფითად აისახება სომხეთის ეკონომიკაზე“;
  • „მაგალითად, ახალი რეგულაციებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება და ძალიან გაძვირდება სომხეთში მეორადი ავტომობილების იმპორტი საქართველოს გავლით. ეს ძალიან სერიოზული ბიზნესი დაზარალდება და სომხეთი იძულებულია კომპენსაციებზე იფიქროს“.

​2018 წლის მაისში, თავისი პირველი პრემიერობისას, ნიკოლ ფაშინიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ საქართველოს ესტუმრა. პრემიერ ბახტაძეს კი ის 2018 წლის სექტემბერში შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში ითქვა, რომ „სომხეთმა საქართველოსგან მიიღო ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის მილიარდ დოლარამდე გაზრდის ამბიციური წინადადება“.

როგორ გაიცვალა ადგილები?

სომხურენოვანი ინტერნეტგამოცემა „ლრაგირი“ წერს, რომ ფაშინიანისა და ბახტაძის განსახილველი თემა შესაძლოა ყოფილიყო ევროკავშირის მხარდაჭერის ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობები; მით უმეტეს ახლა, როცა ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სომხეთმა თავი გამოიჩინა და გარკვეული განხრით საქართველოსაც კი აჯობა:

  • „საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო ლაპარაკი პრობლემებზე დემოკრატიულ პროგრესთან მიმართებით“;
  • „ხოლო რაც შეეხება სომხეთს, ამ დღეებში დემოკრატიის გზაზე მიღწეული პროგრესი დაფიქსირდა უმაღლეს საერთაშორისო დონეზე“;
  • „ამ გაგებით სომხეთმა და საქართველომ გარკვეულწილად ადგილებიც გაცვალეს. თუკი ახლახან რეგიონის დემოკრატიულ ლიდერად საქართველო ითვლებოდა, ახლა სომხეთმა აჩვენა მნიშვნელოვანი გარღვევა და მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლა“.

ეს არის ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას.

გამოცემა „ლრაგირი“ თვლის, რომ ასეთი რეალობის მიუხედავად, ორი ქვეყანა არა კონკურენციის, არამედ თანამშრომლობის რეჟიმში უნდა განვითარდეს და ერთობლივი პროექტები შესთავაზოს ევროკავშირს.

ყურადღება გამახვილებულია იმ 13 მილიარდი ევროს ათვისების შესაძლებლობაზე, რომელიც ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებს სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებისთვის შესთავაზა.

მართალია, 2017 წელს სომხეთმა ხელი მოაწერა ეკონომიკურ შეთანხმებას ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით,სომხეთი დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენებითაც.

ახალი გზების ძიება საქართველოს გავლით

„საქართველოს როლის გადაფასება ძალიან ძნელია. საქართველო სომხეთისთვის მეტად მნიშვნელოვანი ქვეყანაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერევანში დაფუძნებული კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი. მისი ყურადღება ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირზე მახვილდება:

  • „სწორედ საქართველოს გავლით მოძრაობს სომხეთის ექსპორტ-იმპორტის დაახლოებით 2/3, როგორც რუსეთთან ასევე დასავლეთთან მიმართებით“;
  • „საქართველო სახელმწიფოა, რომლის პორტებიც (ბათუმი და ფოთი) პრაქტიკულად სომხეთს ემსახურება “.

სომხეთის დღის წესრიგში კვლავაც რჩება ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული გზების ძიება. ​ამჟამად, სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომლითაც სომხეთი საქართველოს გავლით უკავშირდება რუსეთს და ეს გზა უამინდობის გამო საკმაოდ ხშირად იკეტება.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, სომხეთი ძალიან არის დაინტერესებული სავაჭრო დერეფნებით საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლებიც შვეიცარიული კომპანიის შუამავლობით უნდა ამოქმედდეს, ორ ქვეყანას შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად და სწორედ ეს საკითხიც შეიძლება ყოფილიყო 15 იანვარს ბოლნისში გამართული არაფორმალური შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

ანჯაფარიძის თქმით, ფაშინიანს სომხეთში ხშირად აკრიტიკებენ არასათანადო ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ახლა პრემიერი ცდილობს, ყველა გზა გამოიყენოს და ამომრჩეველს კონკრეტული შედეგები დაანახოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG