თუ 2020 წლის დეკემბერში სოციალურ შემწეობას 524 598 ადამიანი იღებდა, 2021 წლის დეკემბერში მათმა რიცხვმა, ვისაც სიღატაკეში თავის გადასარჩენად სახელმწიფოს დახმარება დასჭირდა, 631 092 შეადგინა -ეს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 17,2%-ია.
ბიუჯეტიდან სოციალურ შემწეობაზე გამოყოფილი თანხების რაოდენობა ცვლადია, იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას. 2021 წლის პირველ თვეებში სოციალურ შემწეობაზე დაახლოებით 30 მილიონი იხარჯებოდა, წლის ბოლოს ეს თანხა 45 მილიონამდე გაიზარდა. 15 მილიონია სხვაობა 2020-ისა და 2013 წლების საარსებო შემწეობის ბიუჯეტებს შორსაც.
გასულ წელს დაახლოებით იმდენად გაიზარდა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, როგორც მანამდე 7 წლის განმავლობაში იზრდებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო შემწეობის მიმღებთა მაღალ რაოდენობას პანდემიის გამო ქულების გადამოწმების პროცესის დაპაუზებით ხსნიან. სოციალურად დაუცველთა ქულების გადახედვა 2022 წლის 1 აპრილამდეა შეჩერებული.
გასული 1 წლის განმავლობაში დახმარების მიმღებთა რიცხვი ყველაზე მეტად აჭარასა [37%-ით] და სამცხე-ჯავახეთში [42,4%-ით] გაიზარდა, ყველაზე ნაკლებად - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში [5,9%-ით]. დროის უფრო ფართო ჭრილში დინამიკა აჩვენებს, რომ 2012 წლიდან 2021 წლამდე სამცხე-ჯავახეთშიც და აჭარაშიც სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
წლების განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოსახლეობის საერთო რაოდენობაში სოციალურად დაუცველთა პროცენტული წილი ყველაზე მაღალია. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46%, სოციალურ შემწეობას იღებს. ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 40%-ზე ქვემოთ თითქმის არასოდეს ჩამოსულა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტები მთიან რეგიონებშია - გამონაკლისია ზუგდიდი, სადაც დევნილთა მაღალი კონცენტრაციაა. თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი დევნილი ზუგდიდში ცხოვრობს და მათი 72% საარსებო შემწეობას საჭიროებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა 59,8% იღებს სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას.
- მესტია - საარსებო შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 70,5%
- ამბროლაური - საარსებო შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 51,3%
- ლენტეხი - საარსებო შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 50,5 %
- ონი - საარსებო შემწეობია მიმღებია მოსახლეობის 49,3%
- ქედა - საარსებო შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 48,1%
- ცაგერი - საარსებო შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 43,3%
- ზუგდიდი - საარსებო შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 40,6%
- ხარაგაული - საარსებო შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 39,5%
- შუახევი - საარსებო შემწეობის მიმღებია მოსახლეობის 38,3 %
თბილისის უბნებს შორის სოციალური შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი ნაწილი ისანი-სამგორის რაიონში ცხოვრობს. ამ უბანში სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 15,6% იღებს. ყველაზე ნაკლები სოციალურად დაუცველი ვაკე-საბურთალოს რაიონს ჰყავს, მოსახლეობის 4,7%.
საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის ყველაზე დიდ ჯგუფს ის მოსახლეობა შეადგენს, რომელთა ქულებიც 30 001-დან 57 000-მდეა. სიღარიბის შკალაზე ეს მეორე საფეხურია. სიღარიბის ქვედა ნიშნული 30 000-მდე ქულის მქონეები არიან.
2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებული 174 379 ოჯახიდან, 39 368 ოჯახს 30 000-ზე ნაკლები ქულა აქვს, 65 148-ს - 30 001-დან 57 000 ქულამდე.
როგორ ხდება მოქალაქე საარსებო შემწეობის მიმღები
საარსებო შემწეობა ფულადი სოციალური დახმარებაა, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
საარსებო შემწეობის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება.
საარსებო შემწეობას იღებენ პირები ან ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლებია. შემწეობის ოდენობა სარეიტინგო ქულით განისაზღვრება: რაც უფრო დაბალია ქულა, მით მეტია შემწეობა;
- ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
- ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
- ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
- ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
სარეიტინგო ქულა ოჯახებს კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით ენიჭებათ, რომელიც სპეციალური ფორმულით გამოითვლება. კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლისას მნიშვნელობა ენიჭება ოჯახის წევრების რაოდენობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, შემოსავლებს, უძრავ, მოძრავ და სასოფლო-სამეურნეო ქონებას, საცხოვრებელი ადგილის ტიპს, განათლების დონეს, კომუნალური გადასახადების მოცულობას და სხვა ინდიკატორებს.
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების სისტემა (მეთოდოლოგია) რამდენჯერმე გადაიხედა (მათ შორის შეფასებისას ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდა საოჯახო ტექნიკის ფლობა, სოციალური აგენტის მიერ აღარ ხდება ვითარების სუბიექტურად შეფასება და ოჯახის მიერ შევსებულ კითხვარს პროგრამა აანალიზებს), თუმცა მთავარი პრინციპი - კეთილდღეობის ინდექსის განსაზღვრა შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსის და საჭიროების ინდექსის ფარდობით, უცვლელი დარჩა. რაც უფრო ნაკლებია კეთილდღეობის ინდექსი, მით უფრო დაბალია შინამეურნეობის კეთილდღეობის დონე.