Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტროენერგიის სუბსიდირებით 310 000 სოციალურად დაუცველ ოჯახი ისარგებლებს


310 ათასამდე ოჯახი, დაახლოებით მილიონი ადამიანი, იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდიით ისარგებლებს. ეს ის აბონენტები არიან, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს. ისინი თებერვლის პირველ რიცხვებში უკვე მიიღებენ ელექტროენერგიის ქვითარს, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული მონაცემი, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს თავად აბონენტს და რამდენს დაუფინანსებს მთავრობა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. როგორც ის ამბობს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზრდი იანვრის თვიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით დაუფინანსდებათ.

დაფინანსების სქემა დავით ნარმანიას განმარტებით, ასეთია:

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

„როგორც თბილისისთვის, ისე რეგიონებისთვის, ნაზრდი ყოველ კილოვატ საათზე შეადგენს 3,5 თეთრს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაუფინანსდებათ თვის განმავლობაში მოხმარებული 200 კილოვატ საათი ელექტროენერგია. შესაბამისად, თუკი ამ ოჯახებიდან, ვინმე 200 კილოვატ საათზე მეტს მოიხმარს, მაგალითად, 210 კილოვატი, 300 და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება მათ დაუფინანსებს 200 კილოვატ საათის ნაზრდს, ხოლო დანარჩენის გადახდა მათ თავად მოუწევთ“.

სემეკის წინასწარი გათვლებით, 2022 წელს ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის გათვლილი იქნება დაახლოებით 35 მილიონ ლარამდე. რიცხვი ფაქტობრივი მოხმარების შემდეგ დაზუსტდება:

„ერთი მხრივ, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზა ყოველთვიურად განახლებადია, მეორე მხრივ, ერთმა ოჯახმა შეიძლება 200 კილოვატ საათი მოიხმაროს, მეორემ 180, შესაბამისად, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 35 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს“.

2022 წლის სუბსიდირების სქემა განსხვავდება წინა, 2020-2021 წლების სუბსიდირების სქემისგან, რომლის თანახმადაც, თუკი ოჯახი თვის განმავლობაში მოიხმარდა 200 კილოვატ საათზე მეტ ელექტროენერგიას, ის ავტომატურად ირიცხებოდნენ კომუნალური სუბსიდირების სიიდან: „ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად გაუმჯობესდა დაფინანსების მექანიზმი“, - ამბობს დავით ნარმანია.

წლევანდელი სუბსუდირების სქემა განსხვავებულია იმითაც, რომ გასულ წელს, მთავრობა ელექტროენერგიის სუბსიდირებას ახდენდა არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, არამედ სოციალურად დაუცველთა ბაზებს მიღმა მყოფი მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ნაწილისთვისაც.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად შარშან დასახელდა 2021 წლის პირველი იანვრიდან, "თელმიკოსა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის ელექტროენერგიის 3,5 თეთრით გაძვირება და ღირებულებამ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის მიხედვით 26 537 თეთრი შეადგინა.

2021 წელს, ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 200-დან 301 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, 3.5 თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფინანსდებოდა. შარშან "თელასის" ქსელში ჩართულმა 456 ათასმა აბონენტმა, თვეში ელექტროენერგიის ტარიფზე საშუალოდ 4.16 ლარის სუბსიდია მიიღო, "ენერგო-პროს" 809 ათასმა აბონენტმა კი თვეში საშუალოდ 3.70 ლარის.

სემეკის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის ჩათვლით, ელექტროენერგიის სუბსიდირების ჯამურმა დაფინანსებამ შეადგინა 54 მილიონი ლარი. რაც შეეხება ზამთრის პერიოდის, ე.წ. ზამთრის გადასახადების სუბსიდირებას, რომელშიც გარდა ელექტროენერგიისა, ასევე შედიოდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2021 წლის იანვარ-თებერვალში 200 მ³ ან 200 მ³-ზე ნაკლები მოცულობის ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის სუბსიდირება, სემეკის მონაცემებით, საერთო ჯამში, 120 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

გადახდის ახალი ვადები

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც სოციალურად დაუცველ აბონენტებსა და ელექტროენერგიის გადასახადს უკავშირდება, ეს ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადებია.

სემეკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ.

ახალი წესის თანახმად, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები.

სემეკის ინფორმაციით, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით მრიცხველების წაკითხვა განხორციელდება ერთიანი სისტემით, ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში. შესაბამისად, 2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, სადაც ასახული იქნება წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი (არაუმეტეს 30 დღისა).

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ დროისათვის, ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდიის პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები, გარდა იმისა, რომ სუბსიდიით მაქსიმუმ 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები ისარგებლებენ, ცნობილი არ არის.

2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, სოციალურ დაუცველ ოჯახთა ბაზაში რეგისტრირებულია 350 959 ოჯახი, 1 091 378 მოქალაქე, საქართველოს მოსახლეობის 32,9%.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წლის 12 თვეში, დაახლოებით 20 000 ოჯახითა და 70 000 ადამიანით გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა.

XS
SM
MD
LG