59 წლის გია მეჩიტაშვილი 10 წელია სოციალურ აგენტად მუშაობს. მას გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების შემოწმება აბარია. მისი ხელფასი არასდროს იყო კარგი, მაგრამ კოვიდპანდემიის პირობებში საერთოდ არაფერი რჩება. ერთი ოჯახის შემოწმება 4 ლარი და 80 თეთრი ღირს. კოვიდპანდემიამდე 7 ოჯახს მაინც ამოწმებდა, ახლა მხოლოდ 3-ს ან 4-ს. შესაბამისად, დანამატიც დაახლოებით 180 ლარი გამოსდის, რაც მოჭრილ 200 ლართან ერთად 380 ლარია.
„ჩემ გარშემო ოთხი მოხუცი გარდაიცვალა“
პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ კოვიდპანდემიის პირობებში აღარ ამოწმებენ იმ ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება აქვთ დანიშნული. ამჯერად აგენტი მხოლოდ ამ სტატუსის მაძიებელთან მიდის. ამან სოციალური აგენტების შემოსავალი რადიკალურად შეამცირა. ზოგი მათგანი უკვე თავადაც შემწეობას იღებს.
„თან ოჯახს რომ უნდა, სტატუსი მალე მიიღოს, არ ამხელენ, თუ ვინმეს ვირუსი აქვს. ყველა სოციალურმა აგენტმა უკვე ორ-ორჯერ გადაიტანა კოვიდი“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
2020 წელს გია მეჩიტაშვილმა ერთი ოჯახი შეამოწმა და შინ ინფიცირებული დაბრუნდა. ვირუსი მისგან ახლობლებსაც გადაედოთ.
„ჩემ გარშემო ოთხი მოხუცი გარდაიცვალა. ჩემი სიმამრი, ჩემი სიძის ბებია-პაპა... ერთ მამაჩემი დარჩა ცოცხალი, ისიც ჩემთან ერთად იწვა კლინიკაში“.
გზის ფული სოციალურმა აგენტებმა თავად უნდა გადაიხადონ, ამის გამო გია მეჩიტაშვილი, ისევე როგორც სხვები, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის, მიუდგომელ უბნებში კი - ფეხით.
„ქარია, წვიმაა, თოვლია, არა აქვს მნიშვნელობა. თუ არავინ დაგვხვდა, მეორედ, მესამედ მისვლა გვიწევს. თან მოსახლეობას ჰგონია, რომ ქულებს ჩვენ ვანიჭებთ და ხშირად აგრესიულები არიან. გვლანძღავენ, გვწყევლიან, ერთხელ ძაღლიც კი მომიქსიეს. დამკბინა ძაღლმა. ბევრი აგენტი გალახეს კიდეც. ჩვენც ძალიან ბევრ ცუდს ვხედავთ, ბავშვების მშიერ თვალებს, მოხუცს, რომელსაც პროთეზი გაუტყდა, ან სათვალე გაუტყდა და ახალს ვერ ყიდულობს. მე ამ ემოციურმა ფონმა შაქრიანი დიაბეტი ჩამომიყალიბა და დღეს მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ“, - ჰყვება გია მეჩიტაშვილი.
ღამის სტუმარი
კიდევ უარესი მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ოჯახების შესამოწმებლად სოციალურ აგენტებს ერთმანეთისგან კილომეტრებით დაშორებულ სოფლებში უწევთ გასვლა. მაგალითად, სოფელი ბაკო ხულოდან 45 კილომეტრშია. იქ დილით მისვლას მხოლოდ ის სოციალური აგენტი თუ მოახერხებს, ვისაც მანქანა ჰყავს და მასში საწვავის ჩასასხმელი ფულიც აქვს. სხვა შემთხვევაში სამარშრუტო ტაქსით უნდა იმგზავროს, რომელიც ხულოდან მხოლოდ საღამოს გადის და უკან მეორე დღეს ბრუნდება. მგზავრობა 5 ლარი ღირს, ანუ სოციალურმა აგენტმა, დანიშნულების ადგილამდე რომ ჩავიდეს, ერთი ოჯახის შესამოწმებელ ფულს კიდევ 20 თეთრი უნდა დაამატოს. რის შემოწმებასაც მოასწრებს, მოასწრებს, მერე კი დაღამდება და ვინმეს უნდა სთხოვოს თავშესაფარი.
„ყველას უნდა ეფერო, ასწავლო, დაამშვიდო“...
„უფროსი სპეციალისტი საარსებოს კუთხით, უფროსი სპეციალისტი საპენსიოს კუთხით, მთავარი სპეციალისტი საპენსიოს კუთხით...“ - კახა შავაძე სოციალური სააგენტოს ხულოს განყოფილებაში სამ თანამდებობაზე ერთად მუშაობს და ხელფასი 430 ლარი აქვს. რადგან აგენტი არაა და ოჯახების შესამოწმებლად არ დადის, დანამატიც არ ეკუთვნის.
„430 ლარად თავი როგორ უნდა ირჩინო ადამიანმა? დაზღვევაც ვერ მიყიდია. ორი ბავშვი მყავს. მარტო ჩემს ხელფასზე არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ მეც ხომ უნდა მივიტანო რამე სახლში?! ხელფასს რომ ვიღებ, ბანკის სესხს, 200 ლარს, ვიხდი და რაც დარჩება, იმით პროდუქტებს ვყიდულობ. დედ-მამას პენსიასაც ვღებულობთ და ასე გაგვაქვს თავი“, - ამბობს ის და შემდეგ თავის ყოველდღიურ საქმიანობაზე ჰყვება: - „მთელი დღე სამსახურში ვარ, მოქალაქეებს ვიღებ. ყველა გულნატკენი, გაბრაზებული და გაჭირვებული ამ სამსახურში მოდის. ყველას უნდა ეფერო, ასწავლო, დაამშვიდო. ხშირად გვლანძღავენ, მონიტორიც კი გადაუგდიათ მაგიდიდან“.
სოციალური დაცვის პროგრამებში დასაქმებულთა რაოდენობა 1021 ადამიანია, აქედან 400 მათგანი აპირებს გაიფიცოს და ორშაბათს სამსახურში აღარ მივიდეს. ისინი ხელფასისა და ჰონორარების გაორმაგებას ითხოვენ. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც სოციალური აგენტები აქციაზე გამოვიდნენ. ბოლო წლების განმავლობაში ისინი მუდმივად ჩივიან, რომ მათი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა.
„შეხვედრები გვქონდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამილა ბარკალაიასთან. ყველას ეგონა, რომ იანვრიდან ხელფასებს გაუორმაგებდნენ და უცებ იგებენ, რომ მხოლდო 10% მოუმატეს. მაგალითად, 37 ლარი მოუმატეს მთავარ სპეციალისტს, რომელიც ელოდებოდა, რომ 400 ლარს მოუმატებდნენ. ეს 10% ინფლაციასაც არ ფარავს“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
თამილა ბარკალაია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ვისთანაც პროფკავშირი მოლაპარაკებას ცდილობდა, ამბობს, რომ სამინისტროს ახალი მენეჯმენტი ჰყავს და იანვრის პირველი დღეები სწორედ ამ საკითხებში გარკვევას დასჭირდა. მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ არა მხოლოდ სოციალური აგენტების, არამედ ყველა თანამშრომლის სამუშაო პირობების გაუმჯობესება აქვთ დაგეგმილი.
„სოციალურ სააგენტოში საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება, მათ შორის, ორგანიზაციული განვითარების, ხელფასების გაუმჯობესების მიმართულებით. მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ერთია, მაგრამ რეალობა და საჭიროებაც გასათვალისწინებელია. შესაბამისი ცვლილებები უახლოეს პერიოდში დაანონსდება. არ ვიცი, ორშაბათამდე რამეს შევთავაზებთ თუ არა, მაგრამ ეს პროცესი რომ მიმდინარეობს, ეს მათთვისაც ცნობილია“, - ამბობს თამილა ბარკალაია.
საახალწლო სიურპრიზი
სოცაგენტების პროტესტი ერთთვიანმა ხელშეკრულებებმაც გამოიწვია, რომლებიც მათთან წლის დასაწყისში გააფორმეს. „სოლიდარობის ქსელის“ იურისტი დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ ეს შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა.
„ხელშეკრულების მინიმალური ვადა არის ერთი წელი, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა. ეს გამონაკლისები ჩამოთვლილია შრომის კოდექსში და არცერთი მათგანი ამ ხალხს არ ეხება. შესაბამისად, მათ მინიმუმ ერთწლიანი ხელშეკრულებები უნდა ჰქონოდათ. ამასთან, შრომის კოდექის მიხედვით, თუ 30 თვეზე მეტხანს მუშაობ, უვადო ხელშეკრულება გეკუთვნის“, - განმარტავს იურისტი.
„ღირსეული შრომის პლატფორმა“, ორგანიზაცია, რომელიც სოციალურ აგენტებს სოლიდარობას უცხადებს, ამბობს, რომ სააგენტოში არსებული შრომითი მდგომარეობა 2021 წლის ივნისში შრომის ინსპექციამ შეამოწმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა დაუდგინა. დარღვევების გამოსასწორებლად სააგენტოს 6-თვიანი ვადა მიეცა, თუმცა აგენტები აღნიშნავენ, რომ მას მერე არაფერი შეცვლილა. მეტიც, სააგენტო დღემდე არღვევს კანონს და თანამშრომლებს ისევ ერთთვიან ხელშეკრულებებს სთავაზობს.